კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია Sportall.ge-სთან ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომელიც დღეს 6 ივნისს გაიმართა.

შენგელიამ კომენტარი "სასკი ბასკონიას" მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა:

- მიხეილ გაბრიჩიძე: ნუ დავკარგავთ ყველაფერს, სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ

- "სასკი ბასკონიასა" და "ფონდ 5+11"-ის განცხადება ქართულ კალათბურთში მომხდარ ამბებზე

- როგორც დღეს ითქვა, სტატუსიდან გამომდინარე, ფედერაციაში პირადი ინტერესების გატარებას ცდილობდით...
- ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ორივეგან, დიდუბის და ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსების დირექტორად ვიყავი დანიშნული! რა ინტერესი უნდა მქონოდა? პირიქით,
დარწმუნებული ვარ, მათი ინტერესი იყო ჩემი იქიდან გამოძევება.

ან რომელ პირად ინტერესებზეა საუბარი? პრეზიდენტობა თუ მენდომებოდა, ვიყავი პრეზიდენტი და მას (რედ. მიხეილ გაბრიჩიძეს) დავუთმე ეს თანამდებობდა. ამას რატომ არ ამბობს?

მაგრამ, როცა ვნახე, რომ არასწორად მოიქცნენ და სახელმწიფოს ფული ესპანელებს აჩუქეს, გადავწყივტე, საკუთარ თავზე ამეღო ინიციატივა და კენჭი მეყარა არჩევნებში. სჯობს, წასვლის ფორმა შეარჩიონ დროულად!

- პრეზიდენტის თქმით, თქვენ იმ შეხვედრაზე იმყოფებოდით, როცა "ბასკონიასთან" კონტრაქტი ფორმდებოდა და შესაბამისად, მისი დეტალები იცოდით...
- მერე, უარვყოფ, რომ ვიყავი? არა. უბრალოდ, ჩემი და ჩემი შვილის რეპუტაციის გამო დასჭირდათ იქ კახა შენგელიას ყოფნა. მას მერე ბევრჯერ ჩავიდნენ, მაგრამ ერთხელაც არ ვყოფილვარ. კონტრაქტიც კი არ მაჩვენეს, მისი გამოთხოვება ადვოკატების მეშვეობით მომიხდა. და, საერთოდ, ყველა დოკუმენტაციის მოთხოვნაზე ადვოკატი მჭირდებოდა - თანამშრომელთა ხელფასების გასაცნობადაც კი.

დავუშვათ, მე - ერთმა ადამიანმა არ ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ გამგეობამ რატომ არ იცოდა ამ კონტრაქტის შესახებ? გამგეობას რატომ არ გააცნეს დეტალები? გამგეობას რომ სცოდნოდა ეს ყველაფერი და მიეღო კონტრაქტი, მაშინ სასაუბროც აღარავის ექნებოდა.

- დღეს გამგეობამ მოგიწოდათ მედიასთან გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა. უარყოფთ?
- დაამტკიცონ, რომ ეს არასწორია. მე ვამტკიცებ დოკუმენტებით, რომ ფულს ტყუილად ფლანგავენ. არაფერს არ უარვყოფ და ამას დავუმტკიცებ კიდეც. კიდევ მაქვს ხელთ დოკუმენტაციები და გასაჯაროვდება ისინიც.

- რა იქნება ხვალ?
- ვნახოთ. გაჩერებას არ ვაპირებ, დოკუმენტები და ფაქტები ხელთ მაქვს დასტურად იმისა, რომ ძალიან დიდი ფული იხარჯება ტყუილად. საუბარია წლიური ბიუჯეტის ერთ მესამედზე... არამარტო "ბასკონიას" საკითხზე, არამედ ბევრი სხვა საქმეა კიდევ, რომლის გასაჯაროების შემდეგ, შემეხვეწებიან მისვლასა და კონტრაქტზე დალაპარაკებას.

- საუბრის სურვილი მიხეილ გაბრიჩიძემ დღესაც გამოთქვა. დასხდებით სასაუბროდ?
- სასაუბროდ ყოველთვის მზად ვარ, გააჩნია ვის მაგიდასთან. რომ ამბობს გაბრიჩიძე, ოჯახში გაგვერჩია ეს საქმეო, ორწელიწადნახევარია მაგას ვარჩევთ, ვესაუბრე კიდეც, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე და თავიანთი უყურადღებობით მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. ამაზე თვალის დახუჭვა კი უკვე თანამონაწილეობა იქნებოდა!

ჩახედეთ "სასკი ბასკონიას" განცხადებას. ფედერაცია საუბრობს ყოველწლიურად 5 მოთამაშის წაყვანაზე, ბასკები ამბობენ - ორიო, 5 მოთამაშეს სადმე გადავანაწილებთო, რადგან კლუბი და განვითარების სკოლა არ გააჩნიათ.

ეს რა კონტრაქტია? იურისტებთანაც გავიარე კონსულტაცია და ამას ხელშეკრულება კი არა, რაიმე კომერციული წარმონაქმნი ეწოდება. ასეთი სისულელის გაფორმებასაც ხომ მოფიქრება უნდა?! შეადგინეს ძმაკაცურ-მეგობრული კონტრაქტი 2008 წლიდან...

უცხოელი ბავშვის გაზრდაში ფული ვიხადოთ და მისი გაყიდვიდან 30% მივიღოთ, წარმოგიდგენიათ რამხელა სისულელეა? ქართველებიდან კი - 50%. ასეთი კონტრაქტი არასდროს მინახავს...

კონტრაქტით ყველანაირად დაჩაგრულები გამოვდივართ. წარმოიდგინეთ, ორი ერთნაირი მოთამაშე რომ იყოს - ქართველი და უცხოელი, რომელს წარმოაჩენს პირველ რიგში? რა თქმა უნდა, იმას, რომლისგანაც მეტ პროცენტს ელის. ამაზე მქონდა ზუსტად საუბარი გამგეობასთან, რომ ჩვენს ბავშვებს სპარინგად იყენებენ, მაგრამ გაიგეს?

- "სასკი ბასკონიას" განცხადებაში ნათქვამია, რომ დარბაიძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაბრუნდა საქართველოში...
- არ ვიცი, საიდან მოიტანეს მისი ავადმყოფობა, სრულიად ჯანმრთელი ბიჭია.

- კონტრაქტში ისიც წერია, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ფედერაციას დახარჯული ფული დაუბრუნდება. საბოლოოდ ხომ არაფერს ვკარგავთ?
- არა, კონტრაქტში ეს არ ეწერა. ეტყობა, ჩემი განცხადებების შემდეგ ჩაწერეს. როცა ვთხოვე დანართი თავის დროზე, არ მომცეს... თუ ჰქონდათ და დამიმალეს, ეგეც ცალკე დანაშაულია.

- მსგავსი ტიპის თანამშრომლობაზე ხომ არ იყო უკეთესი შემოთავაზებები სხვა კლუბებისგან?
- არა, მაგრამ ტენდერი გამოეცხადებინათ. იქნებ "ვალენსია" გვთავაზობდა უკეთესს პირობებს? ან "სევილია", ან ვისაც სკოლა აქვს - უფრო იაფად და უფრო უკეთესად?!

- დღეს, პრესკონფერენციის პარალელურად, მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. გაქვთ თუ არა რაიმე სახის შეხება ამ ხალხთან და იგეგმება თუ არა მომავალში აქციები?
- ამ ხალხთან არანაირი კავშირი მაქვს, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ სპორტს ქომაგობენ. ძალიან მიხარია, თუმცა უახლოეს პერიოდში მეც გავაკეთებ მოწოდებას მათ მიმართ, ვისაც კალათბურთი უყვარს, გამოვიდნენ და დაიცვან ის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველგან დომხალი როგორ არისდ
kilkauskas
18:30 07-06-2016
0
მიდი კახა მიაწექი ჩვენ უბრალო ხალხი როგორ ვიჩაგრებით როცა შენ ამხელა კაცს გატყუებენ
gamgebi
17:04 07-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული