ზაზა ფაჩულიას აკადემია - პირობები, გადასახადი და მწვრთნელები [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
2015 წლის 18 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდუბეში, წერეთლის 105 ა-ში მდებარე სპორტული ბაზა 50 წლით საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას გადაეცა.

აკადემიამ ფუნქციონირება 2015 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო. რა პირობებია შექმნილი აკადემიაში, რამდენია გადასახადი და რას იღებენ გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ამასთან დაკავშირებით აკადემიის დირექტორ გიორგი ალავიძეს გავესაუბრეთ.

- რა სტადიაზეა დღეს აკადემია?
- სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, ერთ ახალ ამბავს გეტყვით, რომელსაც პირველად თქვენთან ვამბობ - ამერიკელი მწვრთნელი ჯონ კოფინო
დავიმატეთ, რომელიც ადრე "სოხუმს" წვრთნიდა.

ახლა აკადემიას რაც შეეხება: აკადემიამ ფუნქციონირება 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე 324 ბავშვი გვყავს. ასევე, ჩამოვიყვანეთ უცხოელი მწვრთნელები - სლოვენიელი დეან პროკიჩი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, აქაა და კოორდინირებას გაუწევს აკადემიის ყველა ჯგუფს. ასევე - სერბი ზორან პენო, რომელიც ასევე, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

საქართველოს მოქალაქეობის მქონე ჟოლივეტ ტუჯანი ტალბაც აქაა, რომელიც საქართველოს 6-გზის ჩემპიონია, 14 წელია აქ ცხოვრობს, დარჩა აქ და დღეს ჩვენი მწვრთნელია, თუმცა მას უცხოელად ვერ ჩავთვლით...

რა თქმა უნდა, ქართველებიც გვყვანან. ამ ეტაპზე 7 ქართველი მწვრთნელია, რომლებსაც, როგორც აღვნიშნე, კოორდინირებას უწევს ამერიკელი მწვრთნელი. ასევე, 3 ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელია, რომლებიც უცხოელებთან ემზადებიან და შემდგომში ამ უცხოელებს სწორედ ეს ქართველები ჩაანაცვლებენ.

გვყავს 2 ახალგაზრდა ხაშურელი მსაჯი. ვამზადებთ ეროვნული კატეგორიის მსაჯების დონემდე.

კალათბურთის ფედერაციას, სამწუხაროდ, უჭირს მსაჯების მოზიდვა, გადამზადება, ამიტომ გვაქვს სურვილი და ვეხმარებით კიდეც ყველა ახალგაზრდას, ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მომზადება მსაჯობაში, ველით. თამაშები ბევრია და 1 მსაჯს 4 თამაშზე უწევს მსაჯობა - ფიზიკურად გვიჭირს მსაჯებში.

- ყოველთვიური გადასახადი რამდენს შეადგენს?
-  120 ლარს.

- რა შედის ამ 120 ლარში?
- ბურთებსა და ფორმებს მოთამაშეებს ჩვენ ვაძლევთ. ფორმა სახლში არ მიაქვთ, აქ ვიტოვებთ, ვურეცხავთ და მეორე დღეს როცა მოდიან, გარეცხილი ხვდებათ და ეს მშობლისთვის ერთგვარი კომფორტია. ასევე, აკადემიაში ფსიქოლოგები მუშაობენ, სპორტსმენისთვის კი მნიშვნელოვანი და საჭიროა ეს. თემო ხვედელიძეს, რომელიც ეროვნული ნაკრების ექიმია, სარეაბილიტაციო ცენტრი აქვს და მასთან კონსულტაცია არის უფასო, ტრავმის შემთხვევაში კი სარეაბილიტაციო კურსის 30%-ს აკადემია აფინანსებს. ამ 120 ლარს როცა გადაიხდის ბავშვი, საქართველოს ეგიდით გამართულ ჩემპიონატებში თამაშისას მშობელს ფულის გადახდა აღარ უწევს.

რამდენიმე დღის წინ პირველი გასვლა გვქონდა ერევანში, 2000-01 წლებში დაბადებული თაობა იყო, რომელიც B ლიგაში თამაშობს. მთლიანად ჩვენი ხარჯებით წავიდნენ. საინტერესო ოთხთა ტურნირი იყო, საიდანაც, სამწუხაროდ, გამარჯვებულები ვერ დავბრუნდით, მაგრამ 3 თვეში, იმ თამაშით, რაც ჩვენ იქ ვნახეთ, ძალიან კმაყოფილები ვართ - მოლოდინსაც კი გადააჭარბეს ბიჭებმა. 2 მატჩი მოვიგეთ, 2 კი წავაგეთ.

- ყველასთვის ერთია გადასახადი თუ არის გამონაკლისი?
-  კი, არის. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ნიჭიერი ბავშვების გათავისუფლება თანხისგან.

- გათავისუფლება, ანუ?
- ანუ ნიჭიერი ბავშვები ვინც არიან, აკადემიაში თანხას არ იხდიან. 120 ლარს იხდის ყველა, მაგრამ ნიჭიერები - არა.

- ვინ ან რა კრიტერიუმით აფასებს მათ ნიჭიერებას?
- მათ ნიჭიერებას მონაცემებით მწვრთნელები აფასებენ. ასევე, სოციალურად დაუცველი 10-მდე ბავშვი გვყავს, რომლებისთვისაც აქ სწავლა უფასოა... დადიან აკადემიაში და ვარჯიშობენ.

სამომავლოდ ვგეგმავთ ბავშვების რეგიონებიდან ჩამოყვანას. ისინი აქ იცხოვრებენ და აკადემია უზრუნველყოფს სწავლის და კვების თანხას.

- "B" ლიგა ახსენეთ. რატომ "B" და არა "A"?
- ჯერჯერობით A ლიგას ვერ ვთამაშობთ, რადგან 1-ელ ნოემბერს, როცა ფუნქციონირება დავიწყეთ, გუნდები მაშინ A ლიგაში უკვე რეგისტრირებულები იყვნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს B ლიგაში გვეთამაშა. უნდა ითქვას, ვთამაშობთ საკმაოდ კარგად - 3 გუნდი (14, 16 და 18-წლამდელები) იღებს მონაწილეობას. აქედან ორმა გუნდმა მოახერხა ჯგუფიდან გასვლა, მესამემ კი პირველი თამაში მოიგო და ახლა მიმდინარეობს ჯერ კიდევ...

- გავიგეთ, საგნებსაც გადიან ბავშვებიო...
- ამ ეტაპზე არა, თუმცა სამომავლოდ იგეგმება საგნების შესწავლაც აკადემიაში. კონკრეტულად რა საგნებს, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ზაზა ფაჩულიას ჩამოსვლას ველოდებით.

- როგორია ზაზა ფაჩულიას ჩართულობა აკადემიის ცხოვრებაში?
- ზაზა ძალიან ჩართულია აკადემიის განვითარებაში. მე ადმინისტრაციულ საკითხებს ვუდგავარ სათავეში, ზაზა კი მთლიანადაა ჩართული საკალათბურთო თემაში. თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ - ძალიან აინტერესებს აქაური ამბები და 4 დარბაზზე, რომელიც აკადემიაშია, წვდომა აქვს. დარბაზებში კამერები დავამონტაჟეთ და მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, როცა დრო აქვს, ადევნებს თვალყურს ვარჯიშს. მას ძალიან უხარია, რომ საქართველოში მისი სახელობის აკადემიაა და მაისში, როცა ჩამოვა თბილისში, ძალიან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ.

- ზაზას გარდა, ეროვნული ნაკრების რომელიმე წევრი თუ ეხმარება აკადემიას?
- გიორგი შერმადინი არის ძალიან ჩართული - სულ გვეხმიანება, აზრს გვიზიარებს, რეკომენდაციებს გვაძლევს. გიორგის გარდა, არაერთი ყოფილი კალათბურთელი გვეხმარება: კოტე ტუღუში, ირაკლი შანიძე... მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. ისე კი, ნაკრების კალათბურთელებს ძალიან გადატვირთული რეჟიმი აქვთ და ნოემბერში, როცა ფუნქციონირება დავიწყეთ, ისინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ, თორემ მათთვისაც საამაყოა, ასეთი საქმე რომ კეთდება და აუცილებლად ჩვენ გვერდით იქნებიან, დარწმუნებული ვარ.

იხილეთ ვიდეო: როგორ ვარჯიშობენ ბავშვები ზაზა ფაჩულიას აკადემიაში
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ