TimeLine: მესი დაეტევა, ფაჩულია - ვერა

AutoSharing Option
ტრაპისტ-1 იცით რა არის? ვინც უკანასკნელ მეცნიერულ მიღწევებს რეგულარულად ეცნობა, გაახსენდება, რომ 2016 წელს ჩილეში ამერიკელმა და ბელგიელმა ასტრონომებმა სუპერთანამედროვე ტელესკოპით (ტრაპისტ-1) მერწყულის თანავარსკვლავედში შენიშნეს პლანეტების სისტემა. მზის სისტემასთან ძალიან მიახლოებული, ოღონდ ერთი მზით და შვიდი პლანეტით.

თითოეული პლანეტა თავის მზესთან იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ ზოგს მის შემოსავლელად დღე-ნახევარიც ყოფნის, ანუ წელიწადი სულ რაღაც დღე-ნახევარს გრძელდება. ზოგან წელი ძალიან "იწელება" - 6 დღე.

ეს ინფორმაცია "ლელოს" რედაქციას პირველმა ამცნო ჟურნალისტმა, რომელსაც არა მხოლოდ სპორტული, არქეოლოგიური, პოლიტიკური და არც ასტრონომიული სიახლე
არასოდეს გამოჰპარვია.

რედაქციაში ვმოღვაწეობთ საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო, ჭიდაობის, საწყლოსნო სპორტის, ძალოსნობის და ზამთრის სახეობების მიმომხილველები. "ტრაპისტ-1-ის" აღმოჩენას ყველა თავისებურად შეხვდა:

- სიცოცხლე თუ არის, ნეტავ რომელიმე პლანეტაზე თუ იციან ფეხბურთის თამაში?
- ეცოდინებათ.
- ლეო მესი თუ ეყოლებათ?
- მესი იქნება, ფაჩულია - არა.
- რატომ?
- ძალიან პატარა და მსუბუქი პლანეტებია, მესისთვის ზედგამოჭრილი; 212 სმ სიმაღლის, 125 კგ-იანი ფაჩულია ნამდვილად ვერ მოთავსდება.
- ალბათ, ვერც მამუკა გორგოძე...
- პლანეტების მიზიდულობის ძალა როგორია?
- რაში გაინტერესებს?
- ნეტავ, რამდენს ასწევდა ლაშა ტალახაძე? გააუმჯობესებდა პლანეტის რეკორდს?

დიალოგი აქ დავასრულოთ და საქმეს "სერიოზულად" მივუდგეთ. სათითაოდ შევიაროთ ახლად აღმოჩენილ პლანეტებზე, გავეცნოთ მათ თვისებებსა და გავარკვიოთ, სად რა სპორტია პოპულარული.

ტრაპისტ-1 A
იქაურ მზესთან ყველაზე ახლოსაა ტრაპისტ-1 A, ყვითელი ფერისაა, დაახლოებით ისეთი, საჭიდაო ტატამი რომ არის. სამი კონტინენტისგან შედგება. ორი კონტინენტი ერთმანეთზეა გადაბმული და ჯმუხი, ტანისამოსმოტმასნული ხალხი ცხოვრობს. ცხელა და მოკლემკლავიან სამოსს ანიჭებენ უპირატესობას. უცნაური აჩემება აქვთ - ან წითელი უნდა ეცვათ, ან ლურჯი.

მესამე კონტინენტი ოკეანითაა გამოყოფილი. იქ, მართალია, არ გრილა, მაგრამ მაინც გრძელ ტანისამოსს იცვამენ, ჩაფართხუნებულს, წელში ქამარგაჭერილს. ალბათ, ტრაპისტ-1 A-ს თვისებაა: ამ კონტინენტზეც ორი ფერი აუჩემებიათ - ლურჯი და თეთრი.

ტრაპისტ-1 B
თუ სხვა პლანეტები საკუთარი ღერძის გარშემოც ტრიალებენ, ტრაპისტ-1 B "დაჩაგრულია" - მზისკენ მუდმივად, ერთი მხრიდანაა მიმართული. შესაბამისად იქით ძალიან ცხელა, უკანა მხარეს სულ ზამთარია.

ჰოდა, დადის "ხალხი" პომპონჩიკიანი ქუდებით. ასეთ სანახაობასაც შეხვდებით: ერთი უცხოპლანეტელი ხელსაფქვავის ქვის მოყვანილობის ბურთულას გაასრიალებს და გაეკიდება 5-6 "კაცი", თვალებგაფართოებული დაჰყურებს მოსრიალე საგანს, გზას ნაჭრით წმენდს. რა ამოცანა აქვთ, ან რა სიამოვნებას განიცდიან, ბევრი დედამიწელი ვერ გაიგებს. თუმცა პლანეტის ზომებიდან გამომდინარე გასაგებია მათი მიზანი - ბურთულა მზის მიერ გამთბარ მხარეს არ გადაცურდეს და მთელი შრომა წყალში არ ჩაეყაროთ.

ამ პლანეტაზე გაცილებით აქტიური "ხალხიც" ცხოვრობს, ზოგი ყვანჯს იქნევს, ზოგი თხილამურს...

ტრაპისტ-1 C
ახალაღმოჩენილ პლანეტებს ატმოსფეროც აქვთ, ტრაპისტ-1 C-საც, მაგრამ მიზიდულობის ძალა იმდენად დაბალია, რომ ატმოსფეროს ძლივს იჭერს.

ასეთი პლანეტა კი მისწრებაა ძალოსანი ლაშა ტალახაძისთვის. მისთვის ორჭიდის ჯამში 473 კილოგრამის აწევა სულაც არ არის რთული, არადა ეს პლანეტის რეკორდია. ატაცს არ იკითხავთ? - 217 კილოგრამი და ტრაპისტ-1 ჩ-C რეკორდი.

ისააკ ნიუტონისთვის იდეალური სამყოფელი იქნებოდა, როგორი ენთუზიაზმით იმუშავებდა ახალ მიზიდულობის კანონზე...

Sportall.Ge

ტრაპისტ-1 D
ეს სპეციფიკური პლანეტაა, სულ მეფეებითაა გაჯერებული. უხუცესია პელე. მას არ აღიარებს მარადონა - მეფე მე ვარო. ლიონელ მესის გულშემატკივრები მის გარდა სხვა მეფეს არ ცნობენ.

ამ პლანეტაზე სამშაბათსა და ოთხშაბათს საფეხბურთო მატჩები გაიმართა, ჩემპიონთა ლიგა ჰქვია. ქართველებისთვის ცოტა უჩვეულო სისწრაფეა, ისე დარბიან, თვალს ვერ შეავლებ...

ტრაპისტ-1 E
ღონიერი ხალხი ცხოვრობს. ჭამაც უყვართ და სმაც. აბა, რაგბის რომ თამაშობ, თუ დიეტა დაიცავი და ტანს გაუფრთხილდი, რას მიაღწევ?

ამავე დროს კონსერვატორები ცხოვრობენ, აუჩემებიათ - რაც მაგრები ვართ, ექვსი ერის ხალხი ვართო და ახლოს არავის იკარებენ.

პლანეტის აღმოსავლეთში რამდენიმე ერი თამაშობს რაგბის, რომლებსაც ქართველები მუსრს ავლებენ. მაგრამ რად გინდა - ექვს ერამდე არავინ უშვებს.

Sportall.Ge

ტრაპისტ-1 F
ამ პლანეტაზე ჯერ ვულკანები არ ამოფრქვეულა, ძირითადად წყლითაა დაფარული და, რა თქმა უნდა, საწყლოსნო სპორტის სახეობებია განვითარებული. პირველყოფილი წყობილებაა, ვინც ყველაზე ღონიერია, ის მეფობს.

ათწლეულია, მაიკლ ფელპსი ატარებს სამეფო გვირგვინს. დროა, ვინმემ შეცვალოს, მაგრამ ჯერ მომავალი მეფე არ ჩანს.

ტრაპისტ-1 G
ამბობენ, დედამიწაზე ერთ დროს გოლიათები ცხოვრობდნენო. მათ ძვლებსაც პოულობენ. გადაშენდნენ. ტრაპისტ-1 G-ზე ჯერაც ცხოვრობენ გიგანტები, საშუალო სიმაღლე 202 სანტიმეტრია. კალათბურთს თამაშობენ, პლანეტას ასეთი მეტსახელი აქვს - NBA.

იქაც მონარქიაა, მეფეა მაიკლ ჯორდანი. პრინცი - ლებრონ ჯეიმსი.

დაწინაურებულ სახელმწიფოს "გოლდენ სტეიტი" ჰქვია, რომელიც ტოპ-უცხოპლანეტელებითაა სავსე. ქართველებს ვარსკვლავეთთან კავშირს ერთი კაცი გვინარჩუნებს - ზაზა ფაჩულია. კარის, გრინის, ტომპსონის, დურანტისა და იგუოდალას გვერდით ისიც "გოლდენ სტეიტის" წევრია.

* * *
ასეა თუ ისე, ბელგიურ-ამერიკული ტელესკოპით აღმოჩენილი პლანეტები ჩვენს პლანეტას ნამდვილად სჯობს. იქ ხომ პოლიტიკა არ არის - სპორტია! ტრაპისტელებს რომ ჰკითხავ, როგორ ხარო, გიპასუხებენ - სპორტულადო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული