ზაზა ფაჩულია: არის რაღაც, რაც არასდროს შეიცვლება

AutoSharing Option
"შარლოტ ჰორნეტსთან" მატჩი პირველი იყო ამ სეზონში ზაზა ფაჩულიასთვის, როცა მან სასტარტო ხუთეულში არ ითამაშა (თუ ტრავმირებული არ იყო), "დალასმა" კი 107:96 მოიგო. ზაზას ანგარიშზე 6 წუთში 2-2 ქულა და მოხსნაა.

dallasnews.com-ის მტკიცებით, ფაჩულიამ 6 წუთით დევიდ ლის ფოლების გამო ითამაშა.

"ვითამაშებ თუ არა, ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ თუ მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ მე სულ თამაში მსურს, არ აქვს მნიშვნელობა, რა ყაიდის ცენტრი ჰყავს მეტოქე გუნდს - "მაღალი", "დაბალი" თუ როგორიც არ უნდა
იყოს.

იმას, რომ სასტარტო არ ვიყავი, სულაც არ ვუყურებ იმ კუთხით, რომ წინა თამაშებში ცუდად გამოვიყურებოდი; არც არავის არაფერი დაუშავებია. მწვრთნელიც ამავე აზრისაა, მე მასთან უკვე ვისაუბრე ამ საკითხზე. ბოლო თამაშებში მეტად ვთამაშობთ "დაბლებით" და ეს ტაქტიკა მუშაობს, ფაქტია.

კალათბურთი გუნდური სპორტია და ყველა გუნდის ინტერესებს უნდა დაემორჩილოს".

ზაზას აქებს თანაგუნდელი ჩანდლერ პერსონსი: "მთელი სეზონია, ზაზა გუნდის სული და გულია".

მას შეფასებაში არც მწვრთნელი რიკ კარლაილი ჩამორჩება: "ის საუკეთესოა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში ითამაშა და ლიდერის თვისებები გამოავლინა. მან 6 მძიმე წუთი ითამაშა გუნდისთვის და მზად იყო მეტისთვისაც, თუკი დაგვჭირდებოდა.

ეს მესიჯია ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენ წუთს თამაშობს, გუნდს ყველა სჭირდება".

ისევ ზაზა ფაჩულია: "NBA-ში არიან კალათბურთელები დიდი ტალანტით, რომლებიც მთელ კარიერას სტარტერებად ატარებენ, ისინი სუპერვარსკვლავები არიან. მე კი სტარტერობაც გამოვცადე და სათადარიგოს როლიც. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ორივე ამპლუაში წარმატებას მივაღწიე.

აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდს ყველაფრით დავეხმარო, რაც შემიძლია. ეს დამოკიდებულება არაფრით შეიცვლება".