აი, რას ნიშნავს ზაზა "დალასისთვის" - ESPN-ის სტატია ფაჩულიაზე

AutoSharing Option
"დალასი"-"ბრუკლინის" მატჩის შემდეგ გამოცემა ESPN-ზე საინტერესო სტატია გამოქვენდა, რომელიც ზაზა ფაჩულიას ეხება. ტიმ მაკმაჰონის პუბლიკაციას კი ასე ჰქვია: "ზაზა დაბრუნდა და "მავსს" შეახსენა, რამდენად აკლდა იგი გუნდს".

"ზაზა ფაჩულიას საფუძვლიანი არგუმენტი აქვს საიმისოდ, რომ "დალას მავერიქსის" სეზონის საუკეთესო კალათბურთელად ვაღიაროთ. თუმცა, იგი იმ ტიპის ადამიანი არ არის, MVP-ის ჯილდო ხმამაღლა მოითხოვოს.

ბოლო ოთხმა მატჩმა ნათლად დაგვანახა, რას ნიშნავს ზაზა "მავსისთვის". ვიდრე ფაჩულია აქილევსის მყესს მკურნალობდა, მისმა გუნდმა სამი მატჩი ჩაატარა და 2 მოიგო. ის ერთი შეხვედრა ბოლო წამებზე გადაარჩინა "ლოს ანჯელეს
ლეიკერსთან", მაგრამ ფაჩულია პარასკევს ღამით მოედანს დაუბრუნდა და "მავერიკსმა" "ბრუკლინ ნეთსს" 91:79 აჯობა. ტანმაღალმა ქართველმა დიდი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში.

მან 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ეს მისთვის 21-ე "დაბლ-დაბლი" იყო მიმდინარე სეზონში, რაც კარიერის რეკორდის გამეორებაა.

- არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ზაზა ფაჩულია ის კალათბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. გონიერია, პასებსაც მშვენივრად არიგებს და ქულებსაც აგროვებს. იგი არ ღელავს საკუთარ სტატისტიკაზე, მხოლოდ მოგება აინტერესებს. ყველას მოსწონს ასეთი კალათბურთელი თავის გუნდში. ზაზა ჩვენთვისაც დიდებული არჩევანია, - განაცხადა გერმანელმა დალასელმა დირკ ნოვიცკიმ.

ფაჩულიას შემცვლელები, ჯევეილ მაკგი და სალაჰ მეჯრი შედარებით ეფექტურად ტენიან, აფარებენ, მაგრამ ზაზა დალასელებს უფრო სჭირდებათ. მათთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იყო გუნდის მფლობელ მარკ კუბანის გვერდით ტრიბუნაზე მჯდომი ფაჩულიას ყურება.

- როცა კალათბურთი გიყვარს, ყოველთვის გინდა, მოედანზე იყო. ტრიბუნაზე, სამოქალაქო სამოსში ჯდომა ძალიან ძნელია, - გამოტყდა ზაზა ფაჩულია. - განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდს დახმარება სჭირდება და გრძნობ, რომ ეს შეგიძლია. მეც მიყვარს ეს თამაში და მსურს ყოველთვის თანაგუნდელების გვერდში, მოედანზე ვიყო.

ფაჩულია ზოგიერთი ცენტრივით ეფექტურ ბრუნებს არ აკეთებს, ვერ დაფრინავს, მაგრამ მწვრთნელ რიკ კარლაილს არაერთი ფურცლის ამოხევა მოუწია ტაქტიკის წიგნაკიდან, როცა ზაზა ისვენებდა. ზაზას სხარტი აზროვნება, ბლოკები და პასები დალასის კალათბურთელებს ვრცელ "გამზირს" უხსნის მეტოქის კალათამდე. ამის გაკეთება NBA-ს ბევრ სახელოვან ცენტრსაც არ შეუძლია.

- იგი ჭკვიანი მეპასეა, - ამბობს "მავერიქსის" მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი, - ასევე, შეუდარებელია ბლოკებისას და ბურთის კომბინაციური ტრიალისას. ზაზა უნიკალური კალათბურთელია. მას პერიმეტრის მოთამაშის მენტალობა აქვს. დავაკონკრეტებ: გამთამაშებლის მენტალობა - იმაზე ადრე შეუძლია განჭვრიტოს მოვლენების განვითარება, ვიდრე რეალურ დროში მოხდება. აქედან გამომდინარე, პასის დროულად გაცემაც ეხერხება და მიზანში მორტყმაც. გავიმეორებ: იგი უნიკალურია.

ფაჩულიას ნახტომზე გასახდელში ხშირად ხუმრობენ, თუმცა სწორედ ამიტომ არის არატრადიციული მეფარე. თამამად შეიძლება დაიწეროს, რომ "მავსი" გაცილებით კარგია დაცვაში მაშინ, როცა ფაჩულია მოედანზეა. ამის მიზეზი მისი გონიერებაა. იგი დაცვას თავისებურად მართავს და მეტოქეებს პოზიციურად ყოველთვის სჯობნის.

ფაჩულია ფიზიკურადაც ღონიერია. იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ შეუძლია ერთი-ერთზე, თანაგუნდელების დაუხმარებლად დახვდეს ლიგის საუკეთესო წინახაზელებს. ამის მაგალითი "ბრუკლინთან" მატჩი იყო: ბრუკ ლოპესს დალასში წინა სტუმრობებისას ორჯერ მოუგროვდა 38 ქულა. ამჯერადაც ნაყოფიერად გაისარჯა, 28 ქულამდე ავიდა, მაგრამ საამისოდ ბევრი ტყორცნა დასჭირდა. ბევრიც ააცილა - 21-დან 10 ორქულიანი ჩააგდო.

- წინა შეხვედრებში ძალიან გვაკლდა ფაჩულიას ბრძოლისუნარიანობა და ენერგია, - გვახსენებს მისი თანაგუნდელი ჩენდლერ პარსონსი, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა, 19 ქულა, 10 მოხსნა.

ფაჩულია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ზაფხულს აყვანილ კალათბურთელთა შორის. მას მერე, რაც "დალასმა" დეანდრე ჯორდანის გადაბირება ვერ მოახერხა, "მილუოკისგან" საინტერესო წინადადება მიიღო - ზაზა ფაჩულია დრაფტის მეორე წრის არჩევნის სანაცვლოდ. ასე შერჩა "დალასს" "მოსიარულე დაბლ-დაბლი", როგორც ზაზას პარსონსი უწოდებს.

ქართველმა წინახაზელმა გუნდს უკვე იმაზე მეტი მისცა, რასაც მისგან ელოდნენ. ეს თავად მწვრთნელმა, რიკ კარლაილმაც აღიარა.

ფაჩულიამ სამი მატჩი აქილევსის მყესის ტრავმის გამო გამოტოვა. მას ამ არეში 2013 წელს ოპერაცია აქვს გაკეთებული. გუნდის მწვრთნელმა გადაწყვიტა, ფაჩულია საგარეო მატჩებში დაესვენებინა, რომ ფეხი დაცხრომოდა და სეზონის მომდევნო მატჩებში ჯანმრთელად ეთამაშა.

- მცირე ტკივილი პრობლემა არ არის, - ამბობს ფაჩულია.

ფაჩულიასთვის არა, მაგრამ "დალასისთვის" დიდი პრობლემაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 5 /
ღმერთმა გვიმრავლოს ფაჩულიას მგზავსი სპორტსმენები სპორტის ყველა სახეობებში.
0
კაპიტანიშეეეეეეე
მიროსან
09:39 02-02-2016
0

სიახლეები პოპულარული