ზაზა ფაჩულია: არაფერს შევცვლიდი. ის შეცდომები... ჩემთვის კარგი შეცდომები იყო

AutoSharing Option
გაზეთმა The Dallas Morning News-მა ზაზა ფაჩულიასთან საინტერესო ინტერვიუ შემოგვთავაზა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

- თქვენ უკვე ათწლეულზე მეტია, NBA-ში თამაშობთ. რა მალე გასულა დრო...
- 13-წლიან კარიერაში ოთხი გუნდი შევიცვალე. ეს 13 წელიწადი მხოლოდ კალათბურთით ვიცხოვრე. იწყება სეზონი და გაქვს უამრავი თამაში. თუ ახალგაზრდა ხარ, ბევრს ვარჯიშობ და თამაშობ, იღებ სათანადო გამოცდილებას.

ახლაც ასეა - კვლავ ვარჯიშობ, უყურებ თამაშის ჩანაწერებს, ცდილობ, გამოასწორო შეცდომები. ეძებ გზებს, კიდევ, როგორ დაეხმარო გუნდს. შენ იძინებ და იღვიძებ კალათბურთთან ერთად.

დრო ძალიან სწრაფად გადის, როცა
ლაპარაკობ 18 წელიწადზე (თურქეთის ჩათვლით) თავისი წინასასეზონო შეკრებით, პლეი ოფებით. განსაკუთრებით ძნელია, როცა ახალ კლუბში გადადიხარ, რადგან ასჯერ მეტად ცდილობ, რაც შეიძლება მალე მოერგო შენთვის ახალ სისტემას.

როცა შენი გუნდი პლეი ოფში ხვდება, ბედნიერი ხარ, როცა ვერა - ფიქრობ შვებულებაზე, მაგრამ... ახლოვდება ეროვნული ნაკრების შეკრება, თამაშები. ეროვნულ ნაკრებში თამაშს მე ძალიან სეროზულად ვეკიდები. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როცა ქვეყანას წარვადგენ, ვთამაშობ ჩემი ქვეყნისთვის.

ამიტომ კვლავ ფორმაში უნდა ვიყო, არ შეიძლება მოდუნება, არ შეიძლება თამაშის გამოტოვება ან დაზარება, რადგან ის ხალხი, ვისთვისაც ვთამაშობ, მთელი სეზონი მგულშემატკივრობს. სულ ოთხიოდე თამაში მიწევს სამშობლოში და ეს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩებია. აი, რატომ არის, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ კალათბურთზე ფიქრი მიწევს.

ისე ვარ საქმეში ჩართული, რომ დრო მართლაც ძალიან სწრაფად გადის. როცა საქმე არაფერია, დრო ძალიან ნელა გადის და ყველაფერი ირგვლივ მოსაწყენია, მაგრამ ბოლო 13 წელია, მე ეს არ დამმართნია.

- რას გაითვალისწინებდით მიღებული გამოცდილებიდან, ახლა რომ მოდიოდეთ ამერიკაში სათამაშოდ?
- ძნელი სათქმელია, რადგან, როგორც პიროვნება, ადამიანი ხშირად, შეცდომებზე უფრო ბევრს სწავლობს. შეცდომები, რომლებიც გაძლიერებს, ცხოვრებაში უნდა დაუშვა, ეს სანანებელი არაა. უბრალოდ, ისინი მომავალში აღარ უნდა გაიმეორო.

რამდენჯერ მიფიქრია წარსულზე - რა სულელურად მოვქცეულვარ, დიახ, ასეც იყო, მაგრამ ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება. ახალგაზრდა არც ისე ჭკვიანი და არც ისე გამოცდელი ხარ, რომ ცხოვრება უშეცდომოდ გაატარო. ეს ყველაფერი კარგად უნდა გახსოვდეს ადამიანს, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა ამ გამოცდილების მიღების გამო ვარ ის, რაც ვარ ახლა.

როგორც იცით, პროფესიონალი კალათბურთელის საშუალო კარიერა NBA-ში 5-წლიანია, მე კი ის გავაორმაგე და ისევ აქ ვარ.

და მხოლოდ აქ ყოფნაც არ არის მთავარი, მე ვტკბები ჩემი საკალათბურთო ცხოვრებით, მყავს დიდებული თანაგუნდელები, ვთამაშობ დიდებულ ფრენჩაიზში. ვიგებთ თამაშებს. გამიმართლა, რომ ასეთ სიტუაციაში ვარ. ასე რომ, ჩემს კარიერაში არაფერს შევცვლიდი. ის შეცდომები... ჩემთვის კარგი შეცდომები იყო.

- რას ფიქრობდით ამერიკის შეერთებულ შტატებზე მაშინ, როცა აქ ჩამოხვედით და რას ფიქრობთ ახლა?
- როცა თურქეთში ვთამაშობდი, გუნდში ამერიკელი თანაგუნდელები მყავდნენ და ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. პროფესიულ კალათბურთს 16 წლის ასაკიდან ვთამაშობდი, გუნდში კი ამერიკელი ბიჭები იყვნენ, ზოგი NBA-გამოვლილებიც.

მათ ჩემში პოტენციალი დაინახეს და მითხრეს, რომ თუ ბევრს ვიმუშავებდი, მექნებოდა კარგი შანსი აქ მოხვედრის. მათ კარგად ამიხსნეს, რა არის ამერიკელი კალათბურთელის ცხოვრება და საერთოდ, ამერიკული ცხოვრება.

ამერიკაში პირველად დრაფტისწინა საჩვენებელ ვარჯიშებზე ჩამოვედი, 18 წლის ვიყავი და მივხვდი, რომ ჯერ ადრე იყო ჩემთვის, უნდა ფიზიკურად და მენტალურად მოვმძლავრებულიყავი. ამიტომ დრაფტიდან მოვიხსენი და ამერიკაში 19 წლის ასაკში დავბრუნდი. უკვე ვიცოდი, რა მინდოდა. თანაც, ძალიან დამეხმარა ის, რომ 14 წლის ასაკიდან უცხოეთში ვიყავი და უკვე ვიცოდი, რას ნიშნავდა სახლიდან შორს ყოფნა.

15 წლის ასაკში მამა გარდამეცვალა, ეს დიდი უბედურება იყო ჩემთვის. ამიტომ ბევრი მწარე ცხოვრებისეული გამოცდილება უკვე მქონდა. 19 წლის კი ვიყავი, მაგრამ უკვე მზად ვიყავი უზარმაზარ უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად, სადაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს.

კალათბურთი სხვაა და ცხოვრება სხვა, თუმცა ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს კალათბურთს ვუთმობდი. იმ პერიოდში ჩემთვის სულ ერთი იყო, პატარა სოფელში ვიცხოვრებდი თუ დიდ ქალაქში, აუცილებლად უნდა მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე.

- როგორია საქართველოს დედაქალაქი თბილისი? ხშირად ჩადიხართ მშობლიურ ქალაქში?
- ყოველ ზაფხულს ჩავდივარ, ოჯახის წევრები და ნათესავები, უამრავი მეგობარი მყავს თბილისში. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

სამშობლოში ნაკრებში სათამაშოდაც ჩავდივარ ხოლმე. თბილისში ახლა თითქმის ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ის ლამაზი ქალაქია. როგორც ყველა ევროპულ ქალაქს, თბილისსაც განსხვავებული ძველი და ახალი ნაწილები აქვს. ამერიკის რომელიმე ქალაქს თბილისს ვერ შევადარებ.

თუ თქვენ გიყვართ ისტორია და ტრადიციული ქვეყნები და ქალაქები, მაშინ თბილისში ტურისტად ჩასვლას გირჩევთ. წიგნებში წამიკითხავს, ხელიდან ხელში როგორ გადადიოდა თბილისი, რამდენი ბრძოლა გამოიარა. ის ძალიან ძველი ქალაქია.
ასევე დაგაინტერესებთ