მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგის პლეი ოფი ეფექტური მოგებით გახსნა

AutoSharing Option
14 აპრილს ევროლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. ჩვენთვის საინტერესო მოსკოვური შეხვედრა იყო, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ბერძნულ "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 93:66 დაამარცხა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანუს თანაგუნდელებმა საქმე მეორე პერიოდში მოითავეს, რომელიც 27:6 მოიგეს. დიდი გაქცევისას მანუჩარიც მოედანზე იყო და მოსკოველთა "სპურტში" თავისი წვლილიც შეიტანა: ცსკა 32:23-ს იგებდა, როცა მარკოიშვილმა თავისი პირველი სამქულიანი ჩააგდო, ერთ წუთში მეორეც მიაყოლა და თანაგუნდელები 38:23 დააწინაურა. მეორე პერიოდის შემდეგ ცსკა 56:27-ს იგებდა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა...

მანუჩარისთვის ეს იყო მიმდინარე სეზონის
ერთ-ერთი საუკეთესო თამაში. მან 16 წუთში 13 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ალბათ, გაინტერესებთ, საბოლოოდ რამდენი სამქულიანი ჩააგდო მანუჩარმა: 1 ორქულიანი (3-დან), 3 სამიანი (4-დან), 2 საჯარიმო (2-დან). ცსკა-ს ბომბარდირი 18 ქულით სერბი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა.

მანუს გუნდი მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩს, "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ ისევ შინ, 16 აპრილს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"