გიორგი ცინცაძემ უკრაინის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა". კიეველებმა ამჯერად გასვლაზე ითამაშეს და მეორე გამარჯვება მოიპოვეს - 82:77.

ზღვისპირა ქალაქ ოდესაში ამავე სახელწოდების გუნდთან თამაში მეტად მძიმე გამოდგა, რაშიც ის გულშემატკივრებიც დაგვეთანხმებიან, რომლებმაც შეხვედრას პირდაპირ ეთერში მიადევნეს თვალი (ამის საშუალება ინტერნეტის მომხმარებლებს გვქონდა).

"ბუდიველნიკმა" შეხვედრა კარგად დაიწყო, თუმცა სტუმართა ყოველ გაქცევას ოდესელები სათანადოდ პასუხობდნენ.

გადამწყვეტ მომენტშიც კი, როცა კიეველები საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე 9 ქულით დაწინაურდნენ, "ოდესამ" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 77:78.

თუმცა ბოლო წუთზე მაინც "ბუდიველნიკის" კალათბურთელებმა იყოჩაღეს
და, როგორც აღვნიშნეთ, მეორე მოგება გაიფორმეს.

მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა ბოლო წუთებზე გიორგი ცინცაძე მოედანზე არ გამოიყვანა, თუმცა ქართველ გამთამაშებელს მატჩში მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა. მან პირველი პერიოდის ბოლოსა და მეორის დასაწყისში 7 ქულა ჩააგდო და "ბუდიველნიკი" 28:24 დააწინაურა.

გიორგი მესამე ათწუთეულში და მეოთხის დასაწყისშიც მოედანზე იყო, თუმცა ამ მონაკვეთში ქულათა მონაგარი ვერ შეავსო.

ცინცაძის საბოლოო სტატისტიკა ასეთი იყო: 17 წუთი, 7 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ცინცაძე: საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია
გიორგი ცინცაძის პირველი უკრაინული ტიტული
გიორგი ცინცაძე უკრაინაში შვიდი ქულით იწყებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული