"ანდორელი ჟურნალისტები მისალმების ნაცვლად, მეკითხებიან, რჩები თუ არაო"

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ანდორას" წევრი გიორგი შერმადინი მართლაც რომ შთამბეჭდავ სეზონს ატარებს. "ანდორა მორაბანკის" ქართველი ცენტრი ესპანეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. შერმადინმა წინახაზელების გამოკითხვაში ბოიან დუბლიევიჩის კვალზე მეორე ადგილი დაიკავა და ესპანური ლიგის უძლიერეს ხუთეულში მოხვდა.

- გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს!

შერმადინს ესპანეთში დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. საუბრისას შევიტყვეთ, რომ "ანდორამ" ის წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.

- ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეგიყვანეს. რამდენად მოსალოდნელი იყო შენთვის ეს ყველაფერი?
- ამ გამოკითხვაში მონაწილეობას
როგორც გულშემატკივრები, ისე მწვრთნელები, კალათბურთელები და მედიაც იღებდა. ყველას ფურცელი დაგვირიგდა, სადაც სეზონის საუკეთესო კალათბურთელების შემოხაზვა გვევალებოდა. ჩვენი გუნდის წევრების არჩევის უფლება არ გვქონდა.

კარგად იცით, აქ რა დონის კალათბურთელები თუ გუნდებიცაა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, სიმბოლურ გუნდში მოხვედრას არ ველოდი. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. "რეალთან" მატჩის დროს დამირეკა კლუბის პრესსამსახურმა, საუკეთესო ხუთეულში ხარო და გამახარა, მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, მადრიდელებთან მატჩი დავთმეთ.

- ხსენებული მატჩი ძალზე დაძაბული გამოდგა და სულ რაღაც ორი ქულით დამარცხდით, შენ კი კვლავ ერთ-ერთი აქტიური იყავი...
- თავიდანვე 16 ქულას ვაგებდით და ბოლოსკენ სხვანაირად წარიმართა უკვე მოვლენები. "რეალს" მოგება ძირითად დროშიც შეეძლო, მაგრამ ბევრი სროლა გაუფუჭდათ. ამის ფონზე, შანსი გაგვიჩნდა და თამაში დამატებით დროში გადავიყვანეთ, თუმცა იქ შეცდომები დავუშვით, ბოლო წამებზე ბურთი ფარზე ორჯერ მოგვიხსნეს და დავმარცხდით.

"რეალია" და მასთან გამარჯვება კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა არც ჰქონია.

- გულშემატკივრის დამოკიდებულება როგორია შენდამი?
- დღეს ანდორელებმა საუკეთესო სპორტსმენად დამასახელეს. ამის ნიშნად, კლუბის პრეზიდენტმა სიმბოლური საჩუქარი გადმომცა. პრესსამსახურმა მითხრა, გამოკითხვა ჩატარდა და ასე შეგარჩიესო. მეორე ადგილზე  ბექა ბურჯანაძე გავიდა. ასე გვითხრეს, წარმოიდგინეთ, როგორ უყვარხართ აქაურებსო.

- აღიარება: შერმადინი პირველი ანდორელია, ბურჯანაძე - მეორე

დარწმუნებული ვარ, მე თუ სხვაგან გადავედი და ბექა დარჩა, შემდეგ წელს პირველი ადგილი მისი იქნება. ეს ბექასაც ვუთხარი.

- ასეთი თამაშის ფონზე, ლოგიკური კითხვა ჩნდება: სად იქნები შემდეგ სეზონში?
- ეს ის კითხვაა, რომელსაც ყოველდღე მისვამენ. ანდორელი ჟურნალისტები მისალმების ნაცვლად, მეკითხებიან, რჩები თუ არაო? ვპასუხობ, რომ არ ვიცი. ისინი ისე მესაუბრებიან, თითქოს სეზონი დასრულებული იყოს. არ არის ასე და არ მინდა ამ ეტაპზე რომელიმე სხვა კლუბზე საუბარი. დასრულდება სეზონი და თუ იქნება კარგი ვარიანტები, მხოლოდ გამიხარდება. ამ ეტაპზე არაფერია.

აქაურებსაც ვუთხარი, რომ თუ ევროლიგის კლუბი მიმიწვევს, იქ სიამოვნებით გადავალ. ახლა მთავარია, ჯანმრთელად ვიყო. ტრავმიანი არავის სჭირდები. მქონდა ამის გამოცდილება "სარაგოსაში"...

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წილისყრამ მეტოქეებად გერმანია და სერბეთი გვარგუნა...
- ძლიერი ნაკრებები არიან, მაგრამ გვაქვს ასეთ გუნდებთან თამაშის გამოცდილება. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი დაბრუნდნენ, ფორმის აღდგენა მოასწრონ. ჯგუფიდან გასვლა კი მართლა შეგვიძლია.

- კავაი ლეონარდის ტრავმის გამო ჩვენი ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ბევრმა გააკრიტიკა...
- ზაზასთან ხშირად ვსაუბრობ. არ არის ის კაცი, მეტოქისთვის ტრავმა განზრახ რომ მიეყენებინა. თან ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ის არაფერ შუაშია. პოპოვიჩმაც კი არასასასიამოვნოდ ისაუბრა მასზე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზაზა დამნაშავეა, ვიდეოს კარგად დააკვირდეს.

- გრეგ პოპოვიჩი ფაჩულიასა და ლეონარდის მომენტზე: ეს საშიშია, ეს არასპორტულია!

ისე კი, ფაჩულიას თამაშით პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ. "დალასში" ყოფნისას სხვა ფუნქციები ჰქონდა და იქ ორმაგ დუბლებსაც ასრულებლა, "გოლდენ სტეიტი" კი სულ სხვა კალათბურთის თამაშს ითხოვს და ზაზა ამას თავს კარგად ართმევს. ვფიქრობ, ის შემდეგ სეზონშიც ამ გუნდში დარჩება. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს. იმედია, ჩემპიონობას მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული