ცუდი უკან მოვიტოვე, მალე დავიწყებ - ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთან

AutoSharing Option
როდესაც ევრობასკეტი 2017-ს ვახსენებთ, ჩნდება შეკითხვები: ვიქტორი? მანუჩარი? ვიქტორ სანიკიძესა და მანუჩარ მარკოიშვილს შემოდგომით სერიოზული ოპერაციების გადატანამ მოუწიათ, დღესაც რეაბილიტაციას გადიან...

ვიქტორს საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში დავუკავშირდით და, იოლი მისახვედრია, საუბარი რა თემით დავიწყეთ.

- როგორც იტყვიან, ცუდი უკან მოვიტოვე. ყველაზე რთულია ოპერაციისა და მისშემდგომი პერიოდი. თავიდან ხელჯოხის გარეშე ვერ გაივლი, ხელჯოხს რომ გადააგდებ, ველოსიპედისა და ცურვის დრო დგება, ველოსიპედის "გადაგდება" კიდევ ერთი ეტაპია. ახლა უკვე დავძუნძულებ, ნელ-ნელა ინდივიდუალურ ვარჯიშებს შევუდგები, სირბილს დავიწყებ და დანარჩენი მერე გამოჩნდება.

- რეაბილიტაცია გეგმურად მიმდინარეობს?

- შეიძლება ასე ითქვას. თუმცა მკურნალობის პროცესში ვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვის - ამა და ამ დროს შეძლებ სათამაშოდ გასვლასო. ვნახოთ, ვარჯიშს როგორ "მიიღებს" ნაოპერაციები მუხლი.

- ოპერაცია საბერძნეთში გაიკეთე, რეაბილიტაციასაც სალონიკიში გადიხარ?
- "უნიქსში" მხრის ტრავმა რომ მივიღე, იტალიელ ექიმებს მივაკითხე, რადგან ყაზანში არ იყო შესაფერისი პირობები სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის. ამ სეზონში კი, ტრავმა საბერძნეთის ჩემპიონატის საწყის ტურში მივიღე. იტალიელ ექიმებთან წასვლა არც მიფიქრია, რადგან საბერძნეთში მაღალი დონის ექიმები და სარეაბილიტაციო ცენტრია.

- "არისის" მწვრთნელები პლეი ოფებისთვის შენს მოედანზე დაბრუნებას ხომ არ ელიან?
- აქ საქმეს ყველა სერიოზულად უდგება, არავინ მაჩქარებს. ყველას კარგად ესმის, რომ მთავარია კალათბურთელის ჯანმრთელობა. მეც სიამოვნებით დავეხმარებოდი გუნდს, ოღონდ, მანამდე უნდა დავრწმუნდე, რომ 100 პროცენტით მზად ვარ. რადგან, როდესაც კალათბურთელი ბოლომდე მომჯობინებული არ არის და მოედანზე ისე გადის, გუნდს სათანადოდ ვერ დაეხმარება და შესაძლოა, საკუთარ ჯანმრთელობასაც ავნოს.

- რეაბილიტაციას სალონიკიში გადიხარ. გუნდის თამაშებს რეგულარულად ესწრები. მიდის "არისი" სეზონის დასაწყისში დასახული გეგმით?
- ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც თავიდან ფიქრობდნენ. თუმცა ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს: სეზონის დაწყებამდე ჩატარებულ მატჩებშიც ჩანდა, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ფუნქცია დამეკისრებოდა, თუმცა საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში მუხლის ტრავმა მივიღე. ასევე ტრავმა ჰქონდა და გარკვეული პერიოდი გაუცდა ცენტრ კავადისს. სათამაშო დროის უკმარისობის გამო გუნდი დატოვა ამერიკელმა ლეგიონერმა...

"არისი" სეზონს ისედაც მთლიანად გადახალისებული შეხვდა და შუა სეზონში განხორციელებული ცვლილებები, ცხადია, გუნდზე დადებითად ვერ იმოქმედებდა. ყოველივე ამის მიუხედავად, შედეგებს მაინც ვერ დავუწუნებთ: "არისმა" თასის ფინალი ითამაშა, სადაც "პანათინაიკოსთან" დამარცხდა. ევროპის ჩემპიონთა თასზე კი პლეი ოფის პირველი ეტაპი გაიარა, ახლა "ასველს" ეთამაშება. საბერძნეთის ჩემპიონატში კი ზედა ოთხეულშია "ოლიმპიაკოსთან", "პანათინაიკოსთან" და მაიკლ დიქსონის აეკ-თან ერთად.

- დიქსონის გუნდი თასის ნახევარფინალში დაამარცხეთ. მაიკლთანაც ისაუბრებდი. ხომ აპირებს ნაკრებში ჩამოსვლას?
- რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, ისიც ისევე ელოდება სანაკრებო ბატალიების დაწყებას, როგორც ჩვენ. ძალიან მონდომებულია, დიდ პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას. რაც მთავარია, სწრაფად პროგრესირებს.

Sportall.Ge

- აეკ-შიც მშვენიერი სეზონი აქვს.
- გუნდის ლიდერია, მწვრთნელი ენდობა და მაიკლიც იმედებს უმართლებს. ეფექტურად რომ არ თამაშობდეს, შუა სეზონში კონტრაქტს ორი წლით არავინ გაუხანგრძლივებდა.

- საბერძნეთშია საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი გიორგიოს ვავეცისი. მასთან და ილიას ზუროსთან კავშირი ხომ გაქვს?
- გიორგიოს ვავეცისი დიქსონთანაა აეკ-ში. იგი ხშირად ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. სეზონის დასაწყისში ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსიც საბერძნეთში იყო, თუმცა შემდეგ მონტენეგროში გადავიდა და "ბუდუჩნოსტს" წვრთნის. ცხადია, მასთანაც მაქვს კავშირი.

- ევრობასკეტზე ლიტვას, ისრაელს, გერმანიასა და უკრაინას ვეთამაშებით. ამ გუნდების კალათბურთელებიდან ბევრს იცნობ...
- განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა იტალიელებთან, მე და მანუჩარ მარკოიშვილი წლების განმავლობაში ვთამაშობდით იტალიაში, ბოლო დროს კი ამხანაგურადაც ხშირად ვეთამაშებით. თუმცა ჯერ ადრეა ევრობასკეტის შესახებ, მეტოქეთა შანსებზე ლაპარაკი და "მუქარა"... ამის დრო ზაფხულში დადგება, მანამდე ყველა საკლუბო საქმეებშია ჩაფლული.

- ჯერ ისიც არავინ იცის, რომელი გუნდი რა შემადგენლობით ჩამოვა ევრობასკეტზე...
- არც ის არის გამორიცხული, თურქეთში განხორციელებული ტერაქტების გამო, ზოგმა ვარსკვლავმა ევროპის ჩემპიონატზე ჩამოსვლისგან თავი შეიკავოს. პლეი ოფებს ხომ სტამბოლი უმასპინძლებს. სხვათა შორის, იყო ლაპარაკი თურქეთიდან სხვა ქვეყანაში გადატანაზეც, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლები დაჰპირდნენ, რომ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებენ.

- ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი ისრაელში გველის, სადაც არაერთხელ გაქვს ნათამაშები.
- მახსოვს, ჯერ კიდევ 2004 წელს "დიჟონთან" ერთად ჩავედი ისრაელში ევროპის თასის მატჩისთვის. ოღონდ, მაშინ თელ-ავივში არ გვითამაშია. შემდეგში, ევროლიგაზე, თელ-ავივის "მაკაბისთან" არაერთი შეხვედრა გავმართე. ევროპის ჩემპიონატის მატჩებიც სწორედ "მაკაბის" დარბაზში ჩატარდება. მშვენიერი არენაა. გულშემატკივრებით გავსებული სულ სხვა სანახავია. ვიმედოვნებ, ევრობასკეტის მსვლელობისას ბევრი იქნება საქართველოს დროშა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თორნიკე გამოჯანმრთელდა,ვიქტორმაც დაიწყო ვარჯიში.ჩინებული სიახლეებია.წარმატებები და რკინის ჯანმრთელობა ბიჭებო.დიქსონებში კი საქართველოს უმართლებს.
სოსო
23:54 03-03-2017
0
ეს რა კითხვაა: ხომ ჩამოვა დიქსონი?! ისეთი შემართებით თამაშობდა ჩვენთან რომ ფერის გარდა ვერ გაარჩევდი ქართველი იყო თუ არა)))
svan
22:09 03-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული