მარცინ გორტატი პოლონეთის ნაკრებიდან წავიდა და დაიბარა: დავბრუნდები!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 4 სექტემბერს გამართავს. მისი მეტოქე პოლონეთი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალისაა და ჯგუფიდან გამსვლელი მესამე ადგილისთვის იბრძვის (პირველ მეორეზე ესპანეთისა და სლოვენიის გასვლას ვარაუდობენ, თუმცა...) საქართველო-პოლონეთის დაპირისპირების შედეგი ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ქართველებს აკლიათ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია, პოლონელებმა კი ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს თავი. მათ ევროპის ჩემპიონატზე ფინიქსელი მარცინ გორტატი (29 წლის, 213 სმ) დაეხმარებათ, რომელმაც მარტში მარჯვენა ფეხი იტკინა.

როგორც თავად ამბობს, ბოლომდე არ მოუშუშებია, მაგრამ იმედოვნებს, ევრობასკეტს
მწყობრში შეხვდება.

გორტატი ივლისის ბოლოს პოლონეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩეპიონატისთვის მზადებას შეუდგა, თუმცა 1-ელ აგვისტოს შეკრება დატოვა - მწვრთნელს დაეთხოვა და ამერიკაში გაემგზავრა.

აი, როგორ ახსნა თავად კალათბურთელმა საკუთარი მოქმედება:

- სერიოზული ტრავმა მქონდა და მორჩენას დრო სჭირდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დასვენების საშუალება არა მაქვს.

ტრავმირებულ ფეხს დასვენება სჭირდება, მე კი ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ, დარბაზში დავრბივარ...

ნაკრებში ჩემს კოლეგებს ვუთხარი, რომ შვებულებაში არ გავსულვარ, ფინიქსშიც ჩვეულებრივად ვივარჯიშებ.

ვიმუშავებ ამერიკელი ფიზიოთერაპევტების ზედამხედველობით და ფეხსაც მივხედავ.


მთავარი მწვრთნელის, დირკ ბაუერმანის განკარგულებაში კიდევ არაერთი მეფარეა.

სწორედ წინა ხაზი ითვლება პოლონეთის ნაკრების მთავარ პლუსად.

- გვყავს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელი მაცეი ლამპე

იგი კიდევ უფრო დამძიმდა და ფარქვეშ, ცენტრის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. ვეცდები მალე დავბრუნდე, რომ ახალ სქემებში მასთან ერთად კარგად ჩავჯდე.

რაც შეეხება კიდევ ორ მაღალს, შიმონ შევჩიკი და მიხალ ინგერსკი სამწამიანი ზონის გარდა პერიმეტრიდანაც კარგად თამაშობენ.

ასე რომ, მწვრთნელს ვარირების საშუალება მიეცემა, - დასძენს გორტატი. მანვე დააკონკრეტა, რომ 23-25 აგვისტოს ლიუბლიანაში გასამართი ტურნირისთვის პოლონეთის ნაკრების განკარგულებაში იქნება. არც იმას გამორიცხავს, რომ ეცდება 17-19 აგვისტოს ანტვერპენის ტურნირსაც ჩამოუსწროს.

- პოლონეთის ნაკრებში დიდი ხანია ვთამაშობ. ასეთი კარგი ატმოსფერო გუნდში ჯერ არ ყოფილა. ეს გარკვეულწილად მთავარი მწვრთნელის, დირკ ბაუერმანის დამსახურებაა.

შესაძლოა, იგი ერთი შეხედვით უხეშ, აგრესიულ კაცად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად ასე არ არის.

ჭკვიანია, კონტაქტური და კალათბურთელებს თითოეულ ნიუანსს დეტალურად, გასაგები ენით უხსნის. თავს ერთი დიდი ოჯახის წევრებად ვგრძნობთ. აი, რატომ მინდა, რაც შეიძლება მალე ამერიკიდან დაბრუნება.


მარცინ გორტატი ევრობასკეტზე გასასეირნებლად არ მიდის, იმედი აქვს, რომ სხვა გუნდებში ლიდერების არყოფნაში არათუ ჯგუფიდან, არამედ რვაეულში გასვლის შანსი აქვს.

"პოლონელ ჩაქუჩს" ყველაზე მეტად, ალბათ, ზაზა ფაჩულიას არყოფნა აძლევს ხელს, რადგან ევროპაშიცა და ამერიკაშიც ქართველი ცენტრის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის უჭირს.

გაგახსენებთ, რომ 2010 წელს თბილისში დამარცხების შემდეგ მარცინმა თქვა - ზაზამ გამანადგურაო.

- ნაკრებში დაბრუნება კიდევ იმიტომ მეჩქარება, რომ სლოვენიაში წარმატების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს. რა იგულისხმება სიტყვა "წარმატებაში"? - მედლის თუ არა, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.

მუნდიალზე ხომ ექვსი საუკეთესო ნაკრები გადის (ესპანეთის გარდა, რომელსაც საგზური წინასწარ აქვს დაჯავშნული).

რატომ არ უნდა მოვხვდეთ მეოთხედფინალში? პოლონეთის ნაკრებს უდიდესი პოტენციალი აქვს.

ამასთან ევრობასკეტზე ბევრი ფავორიტი ითამაშებს შესუსტებული შემადგენლობით, რაც ჩვენს შანსს კიდევ უფრო ზრდის. თუმცა საქმეს ცივი გონებით უნდა მივუდგეთ, რათა საჰაერო ბურთი აფრენამდე არ გავხეთქოთ.

მთავარია, თითოეული მატჩი მისი დასრულების შემდეგ მოვიგოთ და არა წინასწარ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული