საქართველო მეორე კალათაში? ჩვენი შანსები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს თავის ისტორიაში პირველად ჩაერთვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. წინასწარ შეიძლება იმის თქმა, თუ გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც რეალურია.

საქმე ის არის, რომ 2019 წლის მსოფლიოსთვის, რომელიც ჩინეთში გაიმართება, გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზრდება. ევროპიდან მასში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 7 მაისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გაიმართება. წილისყრის წინ გუნდები ორ დივიზიონად არიან გაყოფილნი. მეორეში ის ნაკრებები თამაშობენ, რომლებმაც ევრობასკეტი 2017-ის საგზური ვერ მოიპოვეს. ისინი ჯგუფებში უკვე განაწილდნენ
და წინასწარ საკვალიფიკაციოს აგვისტოში ითამაშებენ. ოთხი ჯგუფის საუკეთესო ორ-ორი ნაკრები შესარჩევი ეტაპის მონაწილე გუნდებს შეუერთდება და 20 ნოემბრიდან ისინიც მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალ გზას დაადგებიან.

შესარჩევ ეტაპზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. მომდევნო ეტაპზე 24 გავა, მხოლოდ ბოლოადგილოსნები ვერ განაგრძობენ გზას. შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი ოთხი ჯგუფი, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი ტოპ-გუნდი, სულ 12 მიიღებს.

წილისყრის წინ ფიბას გუნდები კალათებში ოფიციალურად არ გაუყვია. შესაბამისად, დღეს გადაჭრით თქმა, რომ მეორე კალათაში ვიქნებით, არ შეიძლება. თუმცა აქამდეც არაერთხელ გამოგვიცნია კალათები. ეს რთული სულაც არ არის, რადგან გუნდები ძირითადად ერთი პრინციპით ხარისხდება.

რადგან მხოლოდ ევროპული ნაკრებები გვაინტერესებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდები მსოფლიოს შესარჩევისთვისაც ისეთივე პრინციპით დალაგდება კალათებში, როგორითაც 22 ნოემბერს გამართულ ევრობასკეტის წილისყრამდე. თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს ოფიციალური ვერსია არ არის:

კალათა 1: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია.
კალათა 2: ხორვატია, ისრაელი, თურქეთი, ფინეთი, რუსეთი, სლოვენია, უნგრეთი, საქართველო.
კალათა 3: გერმანია, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუმინეთი.
კალათა 4: რვა გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპიდან, რომელიც აგვისტოში გაიმართება.

დაველოდოთ 7 მაისს და ვნახოთ, ვის გვარგუნებს მეტოქედ გუანჯოუს წილისყრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული