სუპერლიგა. პლეი ოფი: "სოხუმმა" და "დინამომ" სერიაში ანგარიში გაათანაბრეს

AutoSharing Option
7 მაისს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები გაიმართა. სერიაში დაწინაურებულმა "ქუთაისმა" "სოხუმი" მიიღო, "ბათუმმა" კი "დინამოს" უმასპინძლა. ორივე შეხვედრაში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ და "სოხუმმაც" და "დინამომაც" სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 1:1.

ქუთაისში "სოხუმმა" ანგარიშით 83:74 იმარჯვა, ბათუმში კი დინამოელებმა კიდევ უფრო დიდი სხვაობით, 81:70 მოიგეს.

ნახევარფინალური სერიის მომდევნო შეხვედრებს თბილისის 10 და 11 მაისს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდე გრძელდება.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"მოგეხსენებათ, გიორგი შარაბიძე გვაკლია და დღეს მას ილია ლონდარიძეც დაემატა - ნეკნების
დაჟეჟილობა მიიღო და ამ დანაკლისის მიუხედავად, გავათანაბრეთ ანგარიში.

გადავხედავთ შემადგენლობას და ტაქტიკურ მონახაზებს გავაკეთებთ შემდეგი თამაშებისთვის, იმ ცვლილებებს შევიტანთ, რომელიც იქნება გამართლებული და მოვემზადებით შეხვედრებისათვის, რაც თბილისში გველოდება".

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
"ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. თუ ჯარიმების პროცენტულობას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ არცთუ მთლად სახარბიელოა.

თავიდანვე ვიცოდი, რომ პლეი ოფებში "დინამოსთან" დაპირისპირება გველოდა და ეს არ იქნებოდა იოლი. ჩემმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და იბრძვის.

ეს ადვილი ჩემპიონატი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბათუმელი გულშემატკივარი გავახაროთ. დიდი მადლობა მათ, რომ გვერდით გვიდგანან. ვფიქრობ, რომ როგორც ჩემპიონატი იყო საინტერესო, ასევე საინტერესო და დაძბული პლეიოფები გველოდება წინ".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული