"ოლიმპმა" "რუსთავი" ბოლო მეოთხედში გატეხა

AutoSharing Option
სუპერლიგის 21-ე ტურის ტურში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნახევრის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში "ოლიმპმა" "რუსთავი" დაამარცხა.

ეს გუნდები მიმდინარე სუპერლიგაში მაღალი შედეგიანობით არ გამოირჩევიან და ლიგაში დარჩენის გარანტიის მისაღებად მათთვის თითოეული მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ მატჩშიც ორივე დაპირისპირებულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის, რომელიც საბოლოოდ დაცვაში უფრო გამართულად მოთამაშე "ოლიმპს" დარჩა.

არადა, რუსთაველებმა პირველი მეოთხედი 21:13 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდში "ოლიმპისგან" ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. მესამე პერიოდიდან თანაბარი ორთაბრძოლა წავიდა და ბოლო წუთებზე
"ოლიმპმა" სოლიდურ უპირატესობას მიაღწია - 69:60, საფინალო სირენამდე 1:10 წუთით ადრე.

"ოლიმპს" გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებია. უკრაინელი ლეონიდ ივატინის გუნდმა საბოლოოდ 71:65 იმარჯვა, რაშიც ამერიკელი ლესლი სმიტისა და ლაშა ფარღალავას წილი უდიდესია. სმიტმა 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ფარღალავას ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა. "რუსთავში" 23 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი.

თამაშის სემდგომ ორივე გუნდის მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

ირაკლი მაისურაძე ("ოლიმპის" მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება თამაშს, დრამატულად წარიმართა, გარდამავალი უპირატესობით და ჩვენთვის სასარგებლოდ დამთავრდა. ამ გამარჯვებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით 4-ეულში ადგილის დასამკვიდრებლად. მე-4 წრისათვის საკუთარ თავში დაჯერებულები ვიქნებით და იმედი მაქვს კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებასაც მოვიპოვებთ.

რამაზ გოგობერიშვილი
("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): არ წაგვივიდა სროლები და დაცვაშიც კარგად ვერ ვითამაშეთ თამაშის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა რომ პირველში პირიქით, კარგი დაცვა იყო.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული