არჩილ ჟღენტი: "ვითამ" ჩვენი ამერიკელი ლეგიონერი თაღლითურად გადაიბირა

AutoSharing Option
30 იანვარს, საქართველოს "ა" ლიგის მესამე ტურში ერთმანეთს "ვითა" და "კაქტუსი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ "კაქტუსის" მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ "ვითამ" თამაშის წინ მათ გუნდს კალათბურთელი "წაართვა", რაც არასწორია.

ვითარებაში უკეთესად გასარკვევად, არჩილ ჟღენტს პირადად დავუკავშირდით.

"30 იანვარს "ვითასთან" თამაში გვქონდა, ორივე ლიდერები ვიყავით. თამაში 20:00 საათზე უნდა გამართულიყო. შუადღეს შემატყობინეს, რომ ბაზიდან ბარგებით წავიდა და აღარ გამოჩენილა ჩვენი გუნდის ამერიკელი ლეგიონერი კლარენს ჯექსონი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მთელ ქალაქში დავუწყე ძებნა,
მაგრამ ვერ ვიპოვე...

თამაშზე რომ მივედით, შეხვედრის დაწყებამდე ჩემთან "ვითას" მთავარი მწვრთნელი მოვიდა და მომიბოდიშა. გაკვირვებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა და მითხრა, რომ ჩვენი ლეგიონერი "ვითაში" წაუყვანიათ. ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ეს საქციელი მიუღებელი იყო...

თურმე, კლარენს შეჰპირდნენ, რომ "ვითიბი ლიგაში" ათამაშებდნენ, უკეთესი პირობებიც შესთავაზეს,  მაგრამ სინამდვილეში მოატყუეს. ეს ყველაფერი თაღლითობაა. როგორც შემდეგ გაირკვა, პირობა წაუყენებიათ, რომ "ვითას" წინააღმდეგ მას არ უნდა ეთამაშა. სწორედ ამიტომ თამაშის წინ ის გაქრა.

მატჩის შემდეგ შევხვდით მოთამაშეს, ვესაუბრეთ. ვუთხარით, რომ თუ წასვლა სურდა, ეთქვა, გავუშვებდით, მაგრამ ჯერ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. მან მითხრა, რომ "ვითამ" ასეთი პირობა წაუყენა: ან თამაშამდე უნდა წამოსულიყო, ან "ვითასთან" კონტრაქტს ვერ გააფორმებდა.

არადა, "ვითას" დიდად არ სჭირდება ეგ კალათბურთელი. უბრალოდ, არ სურდათ, რომ მათ წინააღმდეგ ეთამაშა და თაღლითურად მოიქცნენ. დღეს კალათბურთელი "ვითაშია", მაგრამ ის "ვითიბი ლიგაში" ვერ ითამაშებს, რადგან მოქმედი კონტრაქტი ჩვენთან აკავშირებს - ეს ყველაფერი უკვე გავარკვიეთ. ეს იცოდა "ვითამაც", რა თქმა უნდა, მაგრამ თავად კალათბურთელი მოატყუეს.

ასეთი რამ 90-იან წლებშიც კი არ ხდებოდა", - გვითხრა ჟღენტმა.

აღნიშნულ შეხვედრაში "ვითამ" ანგარიშით 83:67 გაიმარჯვა და "ა" ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით უნდა დაისაჯოს ვითას გუნდი ამ საქციელის გამო და საერთოდ უნდა მოიხსნას იმ ჩემპიონატიდან სადაც ეგ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა. ამის მერე სხვა აუცილებლად გაითვალისწინებს
gocha
02:05 03-02-2016
0
ყოჩაღ ვითა :)))))
დღეს 56 ქულით რომ წააგე ვითიბი ლიგაზე მანდ გადაგემალა იმათი ლიდერები იქნებ 30-ზე მეტით არ წაგეგოთ :D :D :D
გიორგი
21:13 01-02-2016
0

სიახლეები პოპულარული