სუპერლიგა. IV ტური: გიორგი ცინცაძე შსს-აკადემიას გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტური გამორჩეულია. ოთხივე მატჩში მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები ხვდებიან და სავარაუდოდ, მაყურებელი საინტერესო ბრძოლებს იხილავენ.

პირველმა მატჩმა მოლოდინი ნაწილობრივ გაამართლა. "შსს-აკადემიის" და "ბათუმის" მატჩში ბრძოლა არ შედგა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა აჭარული გუნდი 15 ქულის სხვაობით - 85:70 დაამარცხა.

"შსს-აკადემია" დღევანდელ მატჩს მნიშვნელოვანი ცვლილებით შეხვდა. გუნდიდან წავიდა და კარიერას ევროლიგის რუსულ გუნდ "ნიჟნი ნოვგოროდში" გააგრძელებს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია.

ტუღუშმა ფაცაციას ღირსეული შემცვლელი მოუძებმა - "შსს-აკადემიაში" ჩაირიცხა და ბათუმთანაც ითამაშა საქართველოს ნაკრების ძირითადმა პლეიმეიკერმა გიორგი ცინცაძემ.

შედეგად, "შსს-აკადემიამ" ეროვნული ნაკრების ტრიო შეინარჩუნა - ცინცაძესთან ერთად ტუღუშის გუნდში თამაშობს ბექა წივწივაძე და გიორგი შარაბიძე. სამივენი დღეს შეუდარებელნი იყვნენ. შარაბიძე სამწამიან ზონაში შეუჩერებელი იყო ბათუმელი მეფარეებისთვის - გიორგიმ 35 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა.

წინა მატჩის მსგავსად,კვლავ სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა წივწივაძე, რომელმაც 19 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. გიორგი ცინცაძემ კი გუნდში დებიუტის კვალობაზე შესანიშნავად ითამაშა - 14 ქულა და 5 პასი მოაგროვა.

აღნიშნული ტრიოს შედეგიანობის ფონზე ბათუმელებისთვის ძნელი იყო წარმატებაზე ფიქრი. "შსს-აკადემიამ" პირველი მეოთხედი 26:12 რომ მოიგო, შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია. მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხეს ზღვისპირელებმა ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება, თუმცა ბექა ჩიკვილაძის საპასუხო სამქულიანმა ბათუმელთა იმედის ნაპერწკალი ჩააქრო.

დამარცხებულთაგან ტრადიციულად ლეგიონერები გამოირჩნენ. ნიკ კელოგმა 20 ქულა მოაგროვა, ცენტრმა კრის ფელჩერმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა, ირაკლი მიქელაძემ კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე 15.11.14, 11:45
შსს აკადემია-ბათუმი 85:70
შსს აკადემია 26 17 22 20
ბათუმი 12 16 20 22

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): "ორივე გუნდი შენების პროცესშია, ჩვენთან სერიოზული ცვლილებებია. როგორც იცით, გუნდი დატოვა ფაცაციამ, ამის შემდეგ დავიმატეთ გიორგი ცინცაძე, პოზიციებში ცვლილებები გვაქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. საკმაოდ ძლიერ გუნდს მოვუგეთ, მადლობას ვეტყვი "ბათუმს" თამაშისთვის, ეს შეხვედრა ნამდვილად ძალიან სასარგებლო იქნება და გამოგვადგება მომავალი თამაშებისთვის მოსამზადებლად. მადლობა ჩემს თითოეულ მოთამაშეს, ზუსტად შეასრულეს დავალებები, მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ, იმედია, კიდევ უფრო მოვუმატებთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ".

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ "შსს აკადემიას" დამსახურებულ გამარჯვებას. ჩემმა გუნდმა დღეს თამაშის ახალი სტილი მოიგონა, მხოლოდ თავდასხმაში თამაშობდა, შემტევი ტაქტიკა აირჩიეს, თუმცა ამან არ გაამართლა. ამ ყველაფერს ვარჯიშებზე გავარჩევთ. უნდა ითქვას, რომ როცა მოედანზე ეროვნული ნაკრების 3 მოთამაშე - გიორგი ცინცაძე, გიორგი შარაბიძე და ბექა წივწივაძე დგანან, რთულია მათ წინააღმდეგ ასპარეზობა, უკმაყოფილო ვარ დღევანდელი შეხვედრით,შევეცდებით მომავალში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, პირველ რიგში, დაცვაში".

ბექა ნადირაძე ("შსს აკადემია"): "დღევანდელი თამაშისთვის კარგად ვიყავით მომზადებული, ბოლომდე ვიბრძოლეთ და შეხვედრა ლოგიკურად დასრულდა. მართალია, ლევან ფაცაცია დაგვაკლდა, თუმცა დაგვემატა გიორგი ცინცაძე და ჩვენ ისევ ისეთი შემართებით ვაგრძელებთ".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული