სუპერლიგა. IV ტური: "დინამო" დაუმარცხებელი რჩება

AutoSharing Option
მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში დაუმარცხებელი გუნდები შეხვდნენ. მოქმედ ჩემპიონ "დინამოსა" და "რუსთავს" მიმდინარე ჩემპიონატში წაგება არ განეცადათ. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით - 80:74 დასრულდა, რითაც ირაკლი ხოშტარიას გუნდის ლიდერობა ერთპიროვნული გახდა.

მატჩი 6-ქულიანი სხვაობით დასრულდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეხვედრის დასკვნითი წუთები უინტერესო არ იყო. რუსთაველებმა მეორე ტაიმში მოახერხეს იმ სოლიდური ჩამორჩენის მნიშვნელოვნად შემცირება, რომელიც "დინამომ" პირველ ტაიმში მოიპოვა.

პირველ ტაიმში კი დინამოელი ბესო ლეჟავას გამჩერებელი არავინ ჩანდა. ეროვნული ნაკრების წევრმა პირველ ტაიმში 19 ქულა ჩააგდო, რითაც "დინამოს" აღნიშნული მონაკვეთი 46:27
მოაგებინა.

მეორე ტაიმში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. რუსთაველებმა ამერიკელი ლეგიონერის, ჰეიდენ ჰამსის, მიხეილ ჭოჭუას და აკაკი დვაიშვილის მონდომებით ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს. ქვემოქართლურ გუნდს მთელი (ბოლო) პერიოდი რჩებოდა მატჩის გადასარჩენად, თუმცა დინამო მედგრად დადგა, ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა და ჩემპიონატში მე-4 მოგება მიითვალა.

ბესო ლეჟავა კვლავ ბომბარდირი გახდა და 30 ქულა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა დინამოელთა ცენტრმა ილია ლონდარიძემ, ხოლო 10-10 გიორგი ვახანიამ და რევაზ დიდიამ. "რუსთავში" 20 ქულით მიხეილ ჭოჭუა გამოირჩა, ხოლო ჰეიდენ ჰამსმა 18 ქულას 8 მოხსნა და 6 პასი მოაყოლა.

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე  15.11.14, 14:00
დინამო-რუსთავი 80:74
დინამო 25 21 18 16
რუსთავი 11 16 28 19

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "პირველი ორი პერიოდი ძალიან სწრაფი და კარგი თამაში ვაჩვენეთ, დაცვაში ზუსტად შეასრულეს ბიჭებმა დავალებები. "რუსთავი" საკმაოდ ძლეირი გუნდია, ძნელია, გამოხვიდე და მარტივად მოიგო ან ტემპი მთელი თამაში შეინარჩუნო. მეორე ნახევარში დაღლაც დაგვეტყო და ბევრი შეცდომა დავუშვით. ამის მიუხედავად, ჩემს ბიჭებს დიდ მდლობას ვეტყვი, ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გაიღეს, რომ მოეგოთ".

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მივულოცავ "დინამოს" დამსახურებულ გამარჯვებას. არც ერთი თამაში არ არის ისეთი, რომ მარტივად მოიგო, ყველა თამაშში იქნება ბრძოლა და დაძაბულობა. პირველი ნახევარი ჩვენმა გუნდმა ძალიან ცუდად ჩაატარა, რაც შედეგზეც აისახა. ვეცდებით, კონცენტრაცია გავაკეთოთ და შემდეგი თამაშები კარგად დავიწყოთ და ასევე ჩავამთავროთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ "დინამოს" და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული