საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა

AutoSharing Option
გამოვლინდა "ა" ლიგიდან სუპერლიგაში გადამსვლელი გუნდი. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველში მარნეულის "დელტამ" "ტიტებს" დაძაბულ ბრძოლაში - 73:71 სძლია და "ა" ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მიუწვდომელი გახდა.

მარნეულის გუნდს დარჩენილი 2 მატჩიდან 1 გამარჯვებაც ჰყოფნიდა, პირველი ადგილი რომ გაენაღდებინა და ეს პირველსავე ცდაზე მოახერხა. არადა, "ტიტებმა" შედეგიანად ჩაატარეს მატჩის საწყისი 3 პერიოდი, ლიდერობდნენ კიდეც... "დელტამ" გარდატეხა ბოლო პერიოდში მოახდინა - ათწუთეული 24:14 მოიგო და მატჩი სასურველი ანგარიშით დაასრულა.

გამარჯვებულებს 20 ქულით დეანდრე რეიმ ულიდერა. 18 ქულა ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზეა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ზვიად ანთაძემ. "ტიტებში" 39 ქულით საუკეთესო იყო რაიან აარონი, არმანი ფლანინგანის ანგარიშზე კი 13 ქულა და 22 მოხსნა დაგროვდა.

პირველი გამარჯვება იზეიმა სეუ-მ, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ 5 კალათბურთელით თამაშობდა, არაფერი დაუთმო "წყალტუბოს" და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა - 109:82.

ამ მატჩში დამყარდა "ა" ლიგის
რამდენიმე რეკორდი. დავით მაისურაძემ 57 ქულა დააგროვა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. სამმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი ცხოვრებოვმა, რომლის სამი შედეგიდან - 12 ქულა, 15 მოხსნა, 24 პასია - ყურადღებას ეს უკანასკნელი იმსახურებს. 24 - შედეგიანი გადაცემა ასევე უმეტესია "ა" ლიგის ორწლიან ისტორიაში.

სწორედ სეუ და "წყალტუბო" მოყვებიან გადათამაშებაში და იბრძოლებენ მომავალი სეზონის წინ ლიგაში დასარჩენად, ხოლო მომავალი სეზონის "ა" ლიგაში ადგილი გარანტირებული ექნებათ მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებზე გასულ გუნდებს ("არენა", "თსუ-ჰიუნდაი", "ტიტები"), ასევე სუპერლიგიდან გამოვარდნილ კლუბს.

გუშინდელი ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს "თსუ-ჰიუნდაი" და "არენა" შეხვდნენ. სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვება დარჩა "თსუ-ჰიუნდაის" (87:85), რომელმაც ამ გამარჯვებით "ა" ლიგაში მე-2 ადგილი გაინაღდა.

გამარჯვებულებს 21-21 ქულით სანდრო სანაძემ და დავით აფხაზავამ ულიდერეს. 13 ქულა დააგროვა გიორგი ფერიაშვილმა. "არენაში" საუკეთესო იყო პიტერ ალექსისი 26 ქულით და 24 მოხსნით.

ბოლო, მე-15 ტურის მატჩები 24 და 25 აპრილს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული