ვიტალი ჩერნი: ამითაა საქართველოს ნაკრები ევროპაში გამორჩეული

AutoSharing Option
შუა სეზონში "სოხუმში" მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. ნუგზარ ჭეიშვილის ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტი ვიტალი ჩერნი დაინიშნა. იგი საქართველოში მანამდეც არაერთხელ იყო ნამყოფი - უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რომ მუშაობდა, თბილისის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

ვიტალი ჩერნი კარგად იცნობს ქართულ კალათბურთს და მასთან არა მხოლოდ "სოხუმზე", არამედ ზოგად საკალათბურთო ტენდენციებზე ვილაპარაკეთ.

- სოხუმელთა ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და გუნდის გაწვრთნა რომ შემომთავაზა, ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი. მოგეხსენებათ, მწვრთნელისთვის აუცილებელია პრაქტიკა. სადღეისოდ უკრაინაში მძიმე საკალათბურთო პერიოდია, გუნდებს ფინანსურად ნამდვილად არ ულხინთ. კალათბურთელები საზღვარგარეთ მიდიან სათამაშოდ, სამწვრთნელო
შტაბებიც შეკვეცილია.

ამ სეზონის დასაწყისში მეც არ მიმიღია ისეთი წინადადება, დათანხმება რომ ღირებულიყო. თუმცა ისიც შევიტყვე, ზოგი კლუბი იმიტომ არ მიწვევდა, საკმარისი ფინანსები არ გვაქვსო. თუმცა ყოველთვის ვამბობ - უმჯობესია დალაპარაკება, აზრის გაზიარება და სწორედ მას მერე გადაწყვეტილების მიღება.

- ბოლოს უკრაინის კალათბურთის ფედერაციაში მუშაობდით...
- ფედერაციის სამწვრთნელო კომიტეტში ვმოღვაწეობდი, თუმცა როდესაც საქართველოდან შეთავაზება მივიღე, დავპირდი, რომ ჩამოვიდოდი. ამიტომაც ვარ აქ, "სოხუმის" მწვრთნელად.

- კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად რა მიზნები დაისახეთ?
- ცხადია, პირველი ამოცანა ქართულ ლიგაში წარმატებული თამაშია. ამასთან, თავიდანვე ვისაუბრეთ, რომ ჩემი ფუნქცია იქნებოდა სავარჯიშო პროცესის სწორად დაგეგმვა, ახალგაზრდა კალათბურთელების გუნდთან შერწყმა, ქართული სტილის ევროპულთან შეზავება...

ეს იოლი პროცესი არ არის, ყველა კალათბურთელი ინდივიდუალურია, ზოგი იოლად იღებს ამ ყველაფერს, ზოგი - ვერა. თუმცა სამწვრთნელო საქმიანობა იმიტომაცაა საინტერესო, რომ გუნდთან მუშაობით მიაღწიო სინქრონიზაციას. რაც მთავარია, აქ მშვენივრად შემხვდნენ. თავს კომფორტულად ვგრძნობ. რადგან შუა სეზონში მოვედი, არც მიცდია რადიკალური ცვლილებების განხორციელება. თანაც, ჩემს წინამორბედ მწვრთნელს დიდი მოცულობის სამუშაო კარგად ჰქონდა შესრულებული.

- პლეი ოფში გასვლა, ალბათ, პროგრამა მინიმუმი იქნება.
- ხელმძღვანელობასაც კარგად ესმის, გუნდისთვის მთავარია სწორი მიმართულებით სვლა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგი მეორეხარისხოვანია. მოგება ყველას უნდა. ისტორია გამარჯვებებით იქმნება, მას კალათბურთელები ქმნიან.

- სუპერლიგის ფავორიტ, "ქუთაისთან" ცუდად არ გამოიყურებოდით, თუმცა ბოლოს დამარცხდით. შემდეგ იყო "დინამოსთან" დაპირისპირება...
- "ქუთაისთან" ვიბრძოლეთ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადავახტით. ამის გაკეთება რთულია, თუ ფსიქოლოგიურად სათანადოდ არ ხარ მომზადებული. კალათბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათს. საფუძველი ბავშვობიდან უნდა ჩაიდოს. უამრავი მოზარდია, კალათბურთი რომ უყვარს, კალათბურთს რომ თამაშობს, მაგრამ ძლიერი ხასიათი თუ არ გაქვს, ფეხზე ვერ დადგები. თანამედროვე კონკურენციის პირობებში "გადარჩება" ის, ვინც ფსიქოლოგიურად ყველაზე ძლიერია.

ძალიან მომწონს ხორვატები და ქართველები. მათ აქვთ სწორედ ასეთი, მებრძოლი ხასიათი. მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად "კიევში" ვმუშაობდი. დიდი სიამოვნება იყო მასთან ერთად საწვრთნელი პროცესის წარმართვა და მისი თამაშის ყურება. მანუ ნამდვილი მებრძოლია, ისევე როგორც ზაზა ფაჩულია...

საქართველოს ნაკრების დღევანდელი თაობა სწორედ თავისი ხასიათითაა ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და ამიტომაც აღწევს წარმატებას. არც ის არის ახალი, რომ ქართველები კლუბებშიც წამყვან პოზიციებზე არიან, ეს მხოლოდ მათი ფიზიკური მონაცემების მიზეზით არ არის, იბრძვიან, რასაც საფუძველი ადრეულ ასაკში ჩაეყარა.

- ევროპული და ქართული საკალათბურთო სტილი ახსენეთ. რა სხვაობაა მათ შორის?
- ქართული სტილი უფრო ამერიკულთანაა მიახლოებული, თუმცა პირდაპირ მსგავსებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. როგორც ამერიკაში, საქართველოშიც შეტევას დაცვაზე მეტი ყურადღება ეთმობა, მოედანზე ვინც არის, ყველა მზადაა ჩასაგდებად. სწრაფი კალათბურთია...

ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ამერიკელ ლეგიონერებს, რომლებიც საქართველოში უხვად არიან. თუმცა ყველა გუნდი ინდივიდუალურია, მაგალითად "დინამო" მშვენიერი სიმბიოზია ქართული და ევროპული კალათბურთისა.

სხვათა შორის, უკრაინაში საპირისპირო სიტუაციაა - თამაში დაცვიდან ეწყობა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. პოლიტიკური პრობლემების გამო, კალათბურთში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ აიძულა წამყვანი მოთამაშეები უცხოურ კლუბებში გადასულიყვნენ. დარჩნენ ახალგაზრდები, ისინი, ვისაც დიდი გამოცდილება არ აქვთ. ასეთ პირობებში კი თამაშს შეტევაზე ვერ ააგებ. ამიტომაცაა დაცვითი, უფრო პოზიციური თამაში.

- როგორ ფიქრობთ, ევროტურნირებზე ქართული შემტევი სტილი შედეგს მოიტანს?
- ასეთი თამაში საქართველოში წარმატებისთვის შესაძლოა საკმარისია, თუმცა ევროპაში შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს ქართველმა მწვრთნელებმაც მშვენივრად იციან და თუ ევროტურნირებზე გასვლას გადაწყვეტენ, ყველაფერს ისე დაალაგებენ, შეცვლიან, როგორც საჭიროება მოითხოვს.

- "სოხუმთან" კონტრაქტი როდემდე გაკავშირებთ და თუ არის ლაპარაკი ევროტურნირებზე?
- ხელმძღვანელობას სურს ყველაფერი მაღალ დონეზე განხორციელდეს, ადრე თუ გვიან, "სოხუმი" ითამაშებს ევროსარბიელზე. ამასთან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ რეგულარული ჩემპიონატი არ ჩაგვიმთავრებია. მომდევნო სეზონზე ლაპარაკი ადრეა.

რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, სეზონის ბოლომდე მაქვს გაფორმებული. შემდეგ შევხედავთ, თუ ორივე მხარის სურვილი იქნება, თანამშრომლობას განვაგრძობთ. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში თავს მშვენივრად ვგრძნობ.

- უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის სპორტზე გავლენის შესახებაც გკითხავთ. ჯერ კიდევ 2013 წელს ევრობასკეტის სათამაშოდ უკრაინაში ჩამოსასვლელად ვემზადებოდით, მაგრამ...
- პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია ყოველთვის მოქმედებს სხვა სფეროებზე, მათ შორის სპორტზე. ფინანსური პრობლემები დაეტყო უკრაინის ჩემპიონატსაც. ბევრმა მაღალი დონის კალათბურთელმა დატოვა ქვეყანა. ასეთ პირობებში კი კალათბურთის ფედერაციის მთავარი ამოცანაა, არ შეფერხდეს ბავშვთა კალათბურთის განვითარება. ამ მიმართულებით ფედერაცია ბევრს მუშაობს.

გაჭირვებაში იწრთობა ხასიათი. ადრე თუ გვიან სიტუაცია გამოსწორდება, ყველაფერი კარგად იქნება და მთავარია, თაობათა აღზრდის პროცესში რღვევა არ არის, კალათბურთიც მალევე დადგება ფეხზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული