კოტე ტუღუში: "ტრაბზონსპორთან" გამართული შეხვედრა ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისი" გასულ უქმეებზე მეზობელ თურქეთს ესტუმრა და ტრაბზონის "მედიკალ პარკზე" ადგილობრივ "ტრაბზონსპორთან" საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა.

ქართული კლუბები ევროპის წამყვანი საკალათბურთო ლიგების წარმომდგენლებთან თამაშით განებივრებული არ არიან, ამდენად, "ქუთაისისა" და თურქული სუპერლიგის ბინადრის სპარინგ-პაექრობა უმნიშვნელო ფაქტი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, როცა ქუთათურებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, რომელიც აგერ უკვე მეექვსე სეზონია თურქეთის სუპერლიგაში ასპარეზობს, არაფერი დაუთმეს, თუმცა, თანაბარ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით 79:83 დამარცხდნენ.

თურქული ვოიაჟისა და "ტრაბზონსპორთან" გამართული ამხანაგური შეხვედრის შესახებ "ქუთაისის" მთავარ მწვრთნელს კოტე ტუღუშს
ვესაუბრეთ.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო "ქუთაისისთვის" "ტრაბზონსპორთან" გამართული ამხანაგური შეხვედრა?
- თურქეთის ჩემპიონატი სიძლიერით ევროპში ერთ-ერთი საუკეთესოა და მის წარმომადგენელთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო.

"ტრაბზონი" სერიოზული და საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ გუნდს რუსეთის ნაკრების მწვრთნელი სერგეი ბაზარევიჩი წვრთნის, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

თურქული მხარისგან მიწვევა დაახლოებით ოქტომბერში მივიღეთ. გამომდინარე იქედან, რომ "ქუთაისი" ქვეყნის ჩემპიონია და ჩვენს გუნდში საქართველოს ნაკრების არაერთი კალათბურთელი თამაშობს, ჩვენთან პაექრობა "ტრაბზონსპორისთვისაც" საინტერესო გხლდათ.

სამწუხაროდ, გადატვირთული გრაფიკისა და ტრავმების გამო არაერთი მოწვევის მიუხედავად 18 თებერვლამდე ვერ მოვახერხეთ თურქეთში გამგზავრება.

- თამაშზე რას იტყვით, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის ასპარეზობითა და შედეგით?
- "ტრაბზონსპორთან" ამხანაგური თამაში გვქონდა და შედეგისთვის არ მიგვიქცევია განსაკუთრებული ყურადღება, ჩვენთვის ამ შეხვედრას სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეს უფრო გაცნობითი ვოიაჟი იყო, რომელმაც მომავალ ურთიერთობებს უნდა ჩაუყაროს საფუძველი.

"ტრაბზონსპორმა" საკმაოდ კარგად გვიმასპინძლა. თურქეთში გამგზავრება იმ მხრივაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ვნახეთ, როგორ მუშაობენ, დავათვალიერეთ "ტრაბზონის" ბავშვთა საკალათბურთო სკოლა და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ძალიან საინტერესო იყო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატის წარმომადგენელთან დაპირისპირება.

გვაინტერესებდა, როგორ შეასრულებდნენ კალათბურთელები ჩვენს მონახაზებსა და დავალებებს.

"ტრაბზონსპორთან" გამართული შეხვედრა ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. გამოჩნდა, რომ სწორ გზას ვადგავართ. თამაშის ხარისხით და შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგად ითამაშეს.

ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. იქედან გამომდინარე, რომ, ჩვენთვის სრულიად უცნობ გუნდს ვხვდებოდით, პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა დავუშვით და დაახლოებით 16 ქულით ჩამოვრჩით. მაგრამ, მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, თამაში გამოვასწორეთ და გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით... თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვება არ ყოფილა, ჩვენთვის საინტერესო იყო, თუ როგორ შევასრულებდით დამუშავებულ კომბინაციებს და ტაქტიკურად რამდენად გამართულად ვიასპარეზებდით. ყოველივე ამის გათვალისწინებით ამ მოგზაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- როგორც ვიცით, "ტრაბზონსპორთან" საპასუხო თამაშიც იგეგმება
- ვისაუბრეთ ამის შესახებ. ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი იწყება. ორივე გუნდს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. მთავარია, ორივე კლუბის ხელმძღვანელობას დიდი სურვილი აქვს, ჩვენი გუნდები კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ისევ ჩვენ ვესტუმროთ ტაბზონს.

მოლაპარაკების პროცესში ვართ და საშუალება როგორც კი გამოჩნდება, ერთმანეთის წინაშე კიდევ ერთხელ წარვსდგებით.

- სხვა გუნდებთანაც ხომ არ გაქვთ მოლაპარაკებები ამხანაგური მატჩების გამართვის თაობაზე?
- ამ ეტაპზე სხვა გუნდებთან თამაში არ იგეგმება. ტრაპიზონი ჩვენთვის იმ მხრივაც იყო მისაღები, რომ ტერიტორიულად ახლოსაა და იქ გამგზავრება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. სამომავლოდ, სხვა უცხოურ გუნდებთანაც გვინდა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

- მაშინ როცა საქართველოს ნაკრები წლიდან წლამდე პროგრესირებს, საკლუბო დონეზე ქართულ კალათბურთს ისევ არ ულხინს, გუნდები ევროტურნირებზე გამოსვლასაც ვერ ახერხებენ...
- ალბათ, გახსოვთ, ბოლოს მე გახლდით იმ "არმიის" მწვრთნელი, რომელმაც ევროტურნირებზე მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ, ხუთი წელიწადი გავიდა და სამწუხაროდ, ვერც ერთმა ქართულმა კლუბმა ვერ მოახერხა ევროთასებზე ასპარეზობა.

ვითიბი ლიგაზე გამოსვლაზე არ შევაჩერებ ყურადღებას. ყველას გული შეგვტკივა და გვინდა, რომ ქართული კალათბურთი განვითარდეს, მაგრამ, ძლიერ უცხოურ გუნდებთან თამაშის გარეშე განვითარება რთული იქნება.

სასურველია, საქართველოდან მინიმუმ ერთმა გუნდმა მაინც მიიღოს მონაწილეობა ევროტურნირზე. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება არა მარტო უშუალოდ ამ გუნდისთვის, არამედ მთლიანად ქართული კალათბურთისთვის.

- "ქუთაისი" ქვეყნის ჩემპიონია და რატომ ვერ ახერხებს ევროტურნირზე გამოსვლას, რა არის ამის მიზეზი?
- ფინანსური მიზეზების გამო... შესაბამისი დაფინანსება რომ იყოს, მარტო ჩემპიონს კი არა, პრიზიორებსაც შეუძლიათ ევროტურნირებზე ასპარეზობა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესდღეობით ამის შესაძლებლობა არა გვაქვს.

ფინანსური საშუალება თუ იქნება, მინიმუმ ორ გუნდს შეეძლება ევროტურნირებზე გამოსვლა.

სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქართულ კალთბურთს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. სასურველია, რომ კლუბების ხელმძღვანელებისა და სპონსორების მიერ მოძიებულ იქნას საჭირო სახსრები და გუნდებს ევროპაზე გასვლის საშუალება მიეცეთ. "არმია" ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა ევროჩელენჯზე. საფუძველი ჩაყრილი იყო, მაგრამ შემდეგ დიდი წყვეტა გვქონდა და ახლა თავიდან გვაქვს დასაწყები ყველაფერი.

- სუპერლიგაზეც ვთქვათ, გასულ ტურში "რუსთავთან" სტუმრად დამარცხდით, თუმცა, ალბათ, რეგულარულში მეორე ადგილს ვერავინ შეგეცილებათ. როგორც ჩანს, უკვე პლეი ოფზე ფიქრობთ?
- ჩვენ სუპერლიგის რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილი ფაქტობრივად გარანტირებული გვაქვს. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიხარჯებით. სამწუხაროდ, რუსთავში მარცხი განვიცადეთ.
რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.

ტრავმების მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშეს გიორგი ცინცაძემ და დრაგან ტუბაკმა. ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ არ გაგვიმართლა. რუსთავში თამაში ძალიან რთულია. ოთხეულისთვის იბრძვიან და დიდი მოტივაციით ითამაშეს, ალბათ, ამიტომაც გვაჯობეს.

ძალიან დიდი ბრძოლები გველის წინ. ვემზადებით "დინამოს" დასამარცხებლად, შემდეგ კი ვეცდებით პლეი ოფს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ. 23 და 24 თებერველას "ოლიმპთან" ზედიზედ ორი მატჩი გველის. ჯერ თასის მეოთხეფინალის შეხვედრა გვაქვს, მეორე დღეს კი ამავე გუნდს სუპერლიგის ეგიდით ვეთამაშებით. ასე რომ, წარსულზე ფიქრის დრო არ გვაქვს, ყურადღება მომავალ მატჩებზე გვაქვს გადატანილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული