თბილისი VS რეგიონები - სუპერლიგის "ოლ სტარისთვის" ინტერნეტგამოკითხვა დაიწყო

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. "ოლ სტარის" მატჩი-აქცია, რომელსაც ტრადიციულად, ჩატენვებისა და სამქულიანი სროლების კონკურსებიც ახლავს, 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

"სუპერლიგის ვარსკვლავთა" მატჩის სასტარტო ხუთეულები ინტერნეტგამოკითხვის შედეგად შეირჩევა, ხოლო გუნდების დანარჩენ წევრებს მწვრთნელები დაასახელებენ.

"ოლ სტარში" მოწინააღმდეგე გუნდები შემდეგნაირი პრინციპით დაიყო: თბილისი VS რეგიონები. შესაბამისად, სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდი რეგიონალური პრინციპით დაჯგუფდა: ერთი მხრივ -"დინამო", "ოლიმპი", "კაკტუსი" და ",მგზავრები", ხოლო, მეორე მხრივ - "რუსთავი", "ქუთაისი", "ბათუმი" და "სოხუმი".

გამოკითხვაში, რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს, 20
იანვარს დაიწყო, თბილისისა და რეგიონების გუნდები ცალ-ცალკე არიან დაჯგუფებულნი. ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება, ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა. იხილეთ ხმის მისაცემი ბმული

გამოკითხვა 26 იანვარს, 18:00 საათზე დასრულდება და იმ მომენტისთვის თითოეული გუნდის საუკეთესო 5 მოთამაშე "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში ადგილს მოიპოვებს.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციის სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 6 მსროლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც გასული წლის გამარჯვებული დაემატება. საუკეთესონი ჩაგდებული სამქულიანების პროცენტულობით შეირჩევიან მას შემდეგ, რაც 22 იანვარს სუპერლიგის წინა წრის გადადებული მატჩები გაიმართება. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.

გამოკითხვა დაწყებულია და გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ და საკუთარ ფავორიტებს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისკენ მიმავალ გზაზე მხარი ყოველდღიურად დაუჭირონ.

წყარო:. superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული