ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: გინდა ახტი, გინდა დახტი...

AutoSharing Option
რა მანძილია ჩვენგან ესპანეთამდე? კითხვაზე გეოგრაფიულ პასუხს გავცემთ თუ სპორტულს, პასუხი ერთგვარი იქნება: მანძილი დიდია.

მაგალითად, თბილისიდან მადრიდამდე, მხოლოდ პირდაპირ რომ ვიაროთ, 4020.2 კილომეტრის გავლა მოგვიწევს. შორია. ასევე, ბევრი სიარული დაგვჭირდება, ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებს რომ დავეწიოთ, რადგან პირინეებში ახალგაზრდული კალათბურთი სპორტულ მწვერვალზე დგას. ჩვენ კი სადღაც მთის ძირში ვართ და ქვემოდან შევყურებთ, როგორ თამაშობენ კალათბურთს იქ, სხვა სიმაღლეზე.

რა ქარაგმებით ლაპარაკობო, შეიძლება ვინმე გაბრაზდეს კიდეც. კი ბატონო, პირდაპირ გეტყვით: საქართველო-ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებების მატჩისას ფარიდან ასხლეტილ ბურთს ჩვენი კალათბურთელები 22-ჯერ დაეუფლნენ,
მოწინააღმდეგეები - 56-ჯერ. 22 56-ში თითქმის სამჯერ ეტევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელები ჩვენთან შედარებით ფარქვეშ თითქმის სამჯერ მაღლა იყვნენ. ასე რომ, ტყუილად არ გვიხსენებია მთის წვერი და მთის ძირი.

მაღლები რომ იყვნენ, ეს გასაგებია - მეტოქის რიგებში 214 სმ სიმაღლის კალათბურთელიც თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი ყველაზე მაღალი 204 სმ სიმაღლის ავთო ლომინაშვილია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არასათანადოდ მიმდინარეობს ტალანტების ძიების პროცესი.

კალათბურთი მხოლოდ დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრშია განვითარებული. არადა, რამდენი გოლიათი იკარგება საკალათბურთო თვალსაზრისით ყამირ მიწებზე?!

მხოლოდ ბუნებრივი სიმაღლე არ უნდა იყოს ესპანელებთან 62-ქულიანი წაგების მიზეზი. ბავშვთა კალათბურთში სერიოზული ყურადღებაა გასამახვილებელი ფიზიკურ კონდიციებზე. დღევანდელ კალათბურთში მხოლოდ ტექნიკით ვერას გახდები.

აგერ მაგალითი: ისრაელის ნაკრების შემადგენლობაში დიდი გაბარიტების, შემზარავი შესახედაობისა არავინ გახლდათ, მაგრამ ყველა სათანადოდ იყო ნავარჯიშები და "კენჭებივით" დახტოდა.

როცა მეტოქეს ფიზიკური ძალით არ ჩამორჩები, იოლად ვერ გაგცდება. მწვრთნელსაც საშუალება ექნება, დაცვისკენ მაქსიმალურად მიმართოს ყურადღება ისე, როგორც ლატვიამ გააკეთა, რომელმაც ესპანეთს პირველ ტაიმში 22 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 21 მოაგროვა. თუმცა ბალტიისპირელებმა მეორე ნახევარში ესპანელების მიძალებას მაინც ვერ გაუძლეს და საპატიო ანგარიშით, 51:64 დამარცხდნენ.

მოკლედ, ქართულ ახალგაზრდულ კალათბურთს მეტი ძიება და მეტი შრომა სჭირდება, თორემ ესპანეთს ვინ ჩივის, ლატვიამაც საგრძნობლად გაგვასწრო.

ესტონეთსაც ჩვენზე ძლიერი 20-წლამდელთა ნაკრები ჰყავს. ეს ამხანაგურ მატჩებშიც გამოჩნდა, თუმცა იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ ესტონელებს ოფიციალურ შეხვედრაში დავამარცხებთ. ქართველებს სწორედ მათთან მოუწევთ ბრძოლა მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილების გაყოფისთვის. ჩვენს ჯგუფში კიდევ შვედეთი და ჩერნოგორიაა.

14 ივლისი
საქართველო-ესპანეთი 49:111
13:29, 12:25, 19:32, 5:25
საქართველო: ფხაკაძე (17 წთ, 3ქ), ბოქოლიშვილი (30 წთ, 8ქ, 2პ), სანაძე (30 წთ, 10ქ, 5მ), ბურჯანაძე (35 წთ, 15ქ, 5მ), ალხანაიძე (23 წთ, 6ქ, 6მ), ტეტელაშვილი (9 წთ, 1ქ), ჯავახიშვილი (5 წთ), მაჩალაძე (11 წთ), თენიეშვილი (25 წთ, 4ქ), როგავა (8 წთ), ლომინაშვილი (2 წთ, 2ქ).
ესპანეთი: სერვერა (2ქ), სანსი (17ქ, 4პ), ფერნანდესი (15ქ), სუარესი (9ქ, 7მ), ბარერა (11ქ, 8მ), არბინესი (3ქ), დიესი (17ქ), ორიოლა (7ქ), ტომასი (10ქ, 9მ), ოლაიზოლა (12ქ, 6მ), გუერა (8ქ).

თურქეთი-ლატვია 64:61 დ.დ.
20:17, 15:20, 6:9, 13:8, 10:7
თურქეთი: ედგე (14ქ, 5პ), გაიკი (10ქ)...
ლატვია: სილინსი (24ქ), ბრიცისი (16ქ)...

C ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 254/160 6
2. თურქეთი 3 2 1 227/207 5
3. ლატვია 3 1 2 200/178 4
4. საქართველო 3 0 3 166/302 3

A ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სერბეთი 3 3 0 230/185 6
2. გერმანია 3 2 1 170/176 5
3. საფრანგეთი 3 1 2 221/192 4
4. ჩერნოგორია 3 0 3 196/264 3

B ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. რუსეთი 3 3 0 233/197 6
2. საბერძნეთი 3 2 1 244/221 5
3. უკრაინა 3 1 2 233/239 4
4. ესტონეთი 3 0 3 196/249 3

D ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სლოვენია 3 3 0 238/218 6
2. იტალია 3 2 1 244/225 5
3. ლიტვა 3 1 2 243/247 4
4. შვედეთი 3 0 3 202/237 3

მეორე ჯგუფური ეტაპი
E ჯგუფი: გერმანია, სერბეთი, საფრანგეთი, რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა.
F ჯგუფი: ესპანეთი, თურქეთი, ლატვია, სლოვენია, ლიტვა, იტალია.

XIII-XVI ადგილები
C ჯგუფი: საქართველო, ჩერნოგორია, ესტონეთი, შვედეთი.

კალენდარი
16 ივლისი
22:00 საქართველო-ესტონეთი

17 ივლისი
22:00 საქართველო-ჩერნოგორია

18 ივლისი
22:00 საქართველო-შვედეთი

20 ივლისი
16:00 საქართველო-ესტონეთი

21 ივლისი
16:00 საქართველო-ჩერნოგორია

22 ივლისი
16:00 საქართველო-შვედეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით უსტიაშვილი: თურქეთთან ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით
20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული