საბა ლობჟანიძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი დანიური "რანდერსის" შემტევი საბა ლობჟანიძეა.

ფეხბურთელმა მკითხველთა კითხვებს უპასუხა და საუკეთესო კითხვაც გამოავლინა, რომელსაც თავის მაისურს უსახსოვრებს.

- წარმატებებს გისურვებ, ჩემო ძმაო. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, მალე ევროპაშიც გვენახოს შენი თამაშები.
- დიდი მადლობა წარმატებებისთვის.

- საბა, გილოცავ ახალ წელს. გისურვებ წარმატებებსა და ბევრ გოლს. ახლა, რაც შეეხება კითხვას, რომელ გუნდში გინდა გააგრძელო კარიერა?
- მადლობა, შენც გილოცავ... ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ტოპ-ლიგაში მოვხვდე.

- საბა, რომელი გირჩევნია: საქართველოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა თუ "რანდერსთან" ერთად
ჩემპიონთა ლიგის მოგება?
- ორივე კარგია, თუმცა მსოფლიოზე საქართველოსთან ერთად მირჩევნია.

- წარმატებებს გისურვებ მთელი გულით. ძალიან მჯერა შენი, რადგან შენ ნიჭთან ერთად ცდილობ, განვითარდე და არა უბრალოდ - "გაქვავდე" ადგილზე! კითხვა: როდესაც(!) 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს საქართველო, შენი აზრით, იქნები უკვე იმ დონის, რომ მთავარ გუნდთან ერთად იყო და ძირითადშიც კი ითამაშო?
- დიდი იმედი მაქვს, რომ იქ ვიქნები :D

- რას გრძნობ, როდესაც მოედანზე შენს სახელს სკანდირებენ?
- ძალიან მაგარი გრძნობაა ხალხის სიყვარული შენდამი. ამ გრძნობას არაფერი სჯობს.

- საბა, რომელია შენი ოცნების გუნდი? (სარდიონი)
- ოცნების გუნდი "იუვენტუსია".

- საბა, გილოცავ ახალ წელს. სად გირჩევნია გადასვლა, მაღალი დონის ჩემპიონატის საშუალო გუნდში, სადაც შენს პოზიციაზე გამოცდილი და ასე რომ ვთქვათ, სახელოვანი ფეხბურთელები თამაშობენ თუ ისეთ გუნდში, რომელიც არ არის მაღალი დონის ჩემპიონატის გუნდი, მაგრამ ევროტურნირებზე გასვლისთვის მინიმუმ იბრძვის და რომელშიც არც ისე დიდი კონკურენცია იქნება შენს პოზიციაზე?
- ასე კონკრეტულად ალბათ ამას ვერ განვსაზღვრავ, ჩემი მიზანი ტოპ-ლიგაში მოხვედრაა.

- საბუშ, გისურვებ წარმატებას. მინდა, რომ გააგრძელო განვითარება და არ შეჩერდე. რაც შეეხება კითხვას, გაიხსენე შენი საუკეთესო მოგონება ფეხბურთიდან...
- საუკეთესო მოგონებაა, როდესაც 21-წლამდელებში ესპანეთს გავუტანე.

- რატომ ვერ ვითარდება საქართველოში ფეხბურთი?
- ასე ადვილად არაფერი გამოვა, ამას დრო უნდა, თუმცა ვფიქრობ, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.

- საბა, შენ იყავი "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე. შენი აზრით, რა დრო დაგჭირდება, რომ დანიაშიც იგივე გააკეთო? (ნიკა მეგრელაძე)
- ამ ყველაფერს ჩემი თამაში და დრო გვაჩვენებს.

- საბა, გამარჯობა. როდესაც მოედანზე გადიხარ და ბურთს ეხები, რა გრძნობა გეუფლება? (ოთო)
- ის გრძნობა მაქვს, რომ იმ მომენტში რაც საჭიროა, ის გავაკეთო.

- საბა, შენი აზრით, რატომ მიდიან საქართველოდან, ფინანსური პრობლემაა თუ ჩემპიონატის დონე?
- იმისთვის, რომ ყველას უნდა მაღალ დონეზე თამაში.

- საბა, გისურვებ წარმატებებს. ასეთი კითხვა მაქვს: ამართლებ თუ არა ფეხბურთელების საქართველოს ჩემპიონატიდან გადასვლას ისეთი დონის კლუბებში, როგორებიც არიან აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანის და ა.შ.?
- რთული კითხვაა. ყველა თვითონ წყვეტს თავის ბედს და მომავალს. თუ არჩიეს, ესე იგი, მათთვის ეს უფრო კარგია.

- გამარჯობა, საბა. ძალიან მომწონს შენი სტილის ფეხბურთელები, ტექნიკურები და შეტევაზე ორიენტირებულები. მაინტერესებს, შენს ბავშობაში თუ იყვნენ ნიჭიერი მოთამაშეები და რატომ ვერ განვითარდა მათი კარიერა წარმატებით? (მიშა19)
- კი, რა თქმა უნდა, ბევრნი იყვნენ, თუმცა არაა ასე ადვილი, წარმატებული კარიერა ააწყო.

- საბა, შენი აზრით, გაქვს ნაკრებში მოხვედრის რეალური შანსი?
- ვფიქრობ, მაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- საბუ, გაუმარჯოს. ძალიან მაგარი ხარ. "კოპენჰაგენის" კარში გატანილი გოლი უფრო სასიხარულო იქნებოდა შენთვის თუ ქუთაისის "ტორპედოსაში"? (საბა)
- "ტორპედოსთან" უკვე გავიტანე და ახლა ვფიქრობ, "კოპენჰაგენის" ჯერია :D

- რა ჰქვია თანამედროვე ფეხბურთში მეკარეს? (ერეკლე)
- თანამედროვე ფეხბურთში მეკარე უფრო ჩართულია ფეხით თამაშში.

- საბა, გამარჯობა. კითხვა არა მაქვს, არც მაისური მინდა. უბრალოდ, წარმატებულ კარიერას გისურვებ ყველგან, სადაც ითამაშებ.
- ძალიან დიდი მადლობა.

- საბა, წარმატებებს გისურვებ ყველგან და ყოველთვის. საქართველოსთვის დიდ ტურნირზე გამსვლელ გასამარჯვებელ გოლს როდის გვაღირსებ ქართველებს? (მირიანი)
- იმედია, გაღირსებთ :D :D

- საბა, ვინ არის შენი კუმირი ფეხბურთში და რომელ ცნობილ ფეხბურთელს შეადარებდი საკუთარ თავს? (დავითი)
- ჩემი კუმირი ალესანდრო დელ პიეროა... არ ვიცი, ძალიან ბევრ სწრაფ ფეხბურთელს მადარებენ. :D

- საბა, გამარჯობა. გილოცავ ახალ წელს და ძველით ახალ წელსაც. გისურვებ, რომ ეს წელი შენთვის ყოფილიყოს საუკეთესო. რაც შეეხება შეკითხვას: რომელ გუნდთან ერთად მოიგებდი ჩემპიონთა ლიგას?
- მადლობა დიდი... ჩემპიონთა ლიგას დიდი სიამოვნებით მოვიგებდი "იუვენტუსთან" ერთად. :D

- საბა, თმები ასე რომ გებურძგნება, თამაშის დროს ხელს არ გიშლის? (დათო)
- კი, მიშლის და შევიჭერი ახლა.

- საბა, რას ფიქრობ, დააღწევს "რანდერსი" გასავარდნ ზონას თავს? (ჯუბა)
- კი, მჯერა, რომ დააღწევს.

- პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ. ახლა კითხვა: თანაბარი ფინანსური პირობები რომ იყოს, სად ითამაშებდი, ევროპაში თუ საქართველოში?
- მინდა, რომ ტოპ-ლიგაში ვითამაშო.

- გისურვებ წარმატებებს კარიერაში. გაქვთ თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგან? (ბექა)
- ამ მომენტში ტრანსფერზე არ ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი და ყველაფერი წინ არის.

- გამარჯობა, საბა. რომელი მატჩი არის შენთვის დასამახსოვრებელი? (ედუარდ ისოიანი)
-
ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რატომღაც მახსენდება ბოლო თამაში "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოსთან" 0:1 ვაგებდით პირველ ტაიმს და მეორე ტაიმში 2:1 მოვიგეთ. მართლა მაგარი მატჩი იყო.

- მოგესალმებით, საბა! ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა. საჭიროა მკაცრი დღის რეჟიმი, კვება, თავდადებული ვარჯიში და სხვა. გისურვებ, გაცილებით მეტს მიაღწიო. სასტარტო პირობები გაქვს. შეძლებ ამას? (გია კორძახია)
-
რაც ჩამოთვალე, ყველაფერი საჭიროა და ყველანაირად უნდა გავაკეთო ის, რაც მიზნად მაქვს დასახული.

(საუკეთესო კითხვა) - აპირებ თუ არა "კოპენჰაგენთან" გოლის გატანას? (ჯუბა)
- კი, ვაპირებ გოლის გატანას "კოპენჰაგენთან".

- მოგესალმები, საბა! გისურვებ ყოველივე კარგს შენს კარიერაში. ლა ლიგაში რომელი გუნდისკენ ხარ? (საბა)
- ლა ლიგაში ძალიან მესიმპათიურება "ვალენსია", თუმცა ისე, მე მგონი, გადაწყვეტილია, ვინ გახდება ჩემპიონი.

- საქართველოს ჩემპიონატში 9 თამაშში 12 გოლი გაქვს გატანილი (1,25% საშუალოდ), რაც უნიკალური შედეგია. შენი აზრით, ნაკრებში რატომ არ გიძახებენ?
- არ ვიცი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია... ნებისმიერ შემთხვევაში ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ.

- საბა, იმედი მაქვს, უკეთეს გუნდში გნახავ. შენი აზრით, რა არის საჭირო, რომ ქართული ფეხბურთი პირველი იყოს ევროპაში და საერთოდ, მსოფლიოში?
- რთული კითხვაა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველამ თავის თავს უფრო მეტი უნდა მოსთხოვოს.
სიახლეები პოპულარული