გურამ თუშიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- გამარჯობა. პირველ რიგში, გილოცავთ ევროპის ჩემპიონობას და მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რაც ჩემპიონატის ბოლო ორ დღეს პირადად გვაჩუქე ძიუდოს გულშემატკივრებს. ჩემი შეკითხვა ასეთია: ყველას გვახსოვს ის პრობლემები, რაც გურამ თუშიშვილს ჰქონდა და რის გამოც არაერთხელ დასჯილა. ვრცლად აღარ დავკონკრეტდები. ბოლო ტურნირები გიყურებთ და პირადად მე მგონია, რომ სხვა ადამიანს ვხედავ. რას ჰპირდება გურამ თუშიშვილი თავის და ზოგადად, ქართული ძიუდოს გულშემატკივარს?
- მადლობა
შეკითხვისთვის. უფრო დიდ წარმატებას მეტი შრომა, ვარჯიში, მწვრთნელთა დავალებების სწორად შეფასება მოიტანს და მეც ამას გპირდებით.

მკითხველი:
- გურამ, როგორ ფიქრობ, პროცენტულად ტერი რინერთან მოგების რა შანსი გაქვს?
- 20% ალბათ, მაგრამ მგონია, ეს 20 დარჩენილ 80-ზე ბევრია.

მკითხველი:
- უპირველეს ყოვლისა, გილოცავ ევროპის ჩემპიონობას. მაგარი კაცი ხარ. რა გრძნობა/ემოცია დაგეუფლა, როცა უკვე ევროპის ჩემპიონის რანგში, რუსი ფალავანი დაამარცხე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში და სამშობლოს გუნდურში ევროპის ჩემპიონობა მოუპოვე?
- ძალიან ბედნიერი ვიყავი. გადამწყვეტი შეხვედრა იყო. გვერდით ადამ ოქრუაშვილი მედგა. მწვრთნელებმა იმდენად დიდი ნდობა გამომიცხადეს, რომ მის ნაცვლად მე დამაყენეს. საკუთარ თავს წაგებას ვერ ვაპატიებდი და არც ადამთან ვიქნებოდი მართალი...

მკითხველი:
- ყველა ტედი რინერისა და გურამ თუშიშვილის სამომავლო დაპირისპირებაზე საუბრობს, რაც შენი ბოლო გამოსვლებით ნამდვილად დაიმსახურე, მაგრამ დამეთანხმები, რომ რინერის გარდა, კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ძიუდოისტის ბარიერი გაქვს გასავლელი. ძიუდოში მძიმე წონას სპეციფიკური მახასიათებლები აქვს. მძიმეწონოსანთა 80% ორ კატეგორიად იყოფა: ძიუდოისტები, რომლებიც ძალისმიერი ძიუდოთი გადიან ფონს და ძიუდოისტები, რომლებიც თავიანთ ძიუდოს მოძრაობასა და სისხარტეზე აგებენ. შენ ეს მონაცემები დაბალანსებული გაქვს, რითაც ერთი ან მეორე კატეგორიის ძიუდოისტის სუსტ წერტილს ადვილად პოულობ და შედეგიც სახეზეა, მაგრამ იაპონელი ძიუდოისტები ბავშვობიდან აბსოლუტურ წონაში ასპარეზობას არიან მიჩვეულნი და მათაც, ანალოგიურად, ეს კომპონენტები დაბალანსებული აქვთ. თუ წელს მძიმე წონაში იმ ოპონენტებს გავიხსენებთ, ვისთანაც შერკინება გაგიჭირდა (ბაშაევი, ოჯიტანი, ულზიბაიარი), ვნახავთ, რომ სამივე მათგანი თავისი წონის სხვა ძიუდოისტებთან შედარებით საკმაოდ მოძრავია, ზედმეტი კილოგრამები კი ნაკლებად უშლით ხელს, სამაგიეროდ, გარკვეულ უპირატესობებს აძლევთ. აშკარად გეტყობა, რომ მათთან დაპირისპირების შემდეგ მსგავსი ტიპის ძიუდოისტებზე ნამუშევარი გაქვს და ის ორი პრობლემა, რაც მათთან მარცხის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო (სუნთქვა და ნაკლები წონა), ნაკლებად გაწუხებს. სუნთქვის პრობლემის აღმოფხვრა ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, მაგრამ წონის მატებამ შეიძლება სხვა ფაქტორებზე ნეგატიურად იმოქმედოს, რომლებიც ზემოაღნიშნული პირველი ორი კატეგორიის (ძიუდოისტების 80%) დამარცხებაში გიწყობს ხელს... ასეთ დროს საჭიროა ოქროს შუალედი. მაინტერესებს, ტაქტიკურად თუ ფიზიკურად როგორ მუშაობ ამ ოქროს შუალედზე და იმ გასაღების პოვნაზე, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის მძიმეწონოსან ძიუდოისტს მოერგება?
- კარგი შეკითხვაა. ბაშაევი მართლაც რთული მეტოქეა და ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მასთან წავაგე კიდეც, მაგრამ მაშინ შეუძლოდ ვიყავი, ფილტვების ანთებაც მქონდა. იქამდე ახალგაზრდულში მყავდა ეგ დამარცხებული. კარგი და დასაფასებელი ბიჭია, ჩემზე 1 წლით უმცროსია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

წონის მომატება არ მინდა და არც ვაპირებ. წონის გარდა, სისწრაფეებზე ვმუშაობთ. წონა ჩვენი პლუსია, თუმცა სისწრაფეც საჭიროა.

სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს. სულ ამაზე ვფიქრობთ, რომ წონის მატებამ ხელი არ შემიშალოს. ყველაფერი კარგად იქნება.

მკითხველი:
- გურამ, ძმაო, გილოცავ ევროპის ჩემპიონობას და ვუერთდები ყველა იმ კეთილ სურვილს და მილოცვას, რომლებიც შენი მისამართით წამოვიდა. რაც შეეხება შეკითხვას: რინერს როცა დადებ ბეჭებზე, თუნდაც ეს იყოს ოლიმპიადის ფინალი, ხომ არ ჩათვლი, რომ მისია შესრულებულია და ხომ ისევ არანაკლები შემართებით გააგრძელებ ვარჯიშს? მესმის, სათქმელად ადვილია და სხვა სხვის საქმეში ბრძენია, მაგრამ რა ვქნათ, შენი თავი ღმერთმა საქართველოს აჩუქა, შენ კიდევ მედლები უნდა აჩუქო, თუნდაც ეს მაქსიმალურად თავის გამოწურვის ფასად დაგიჯდეს! ჩვენი იმედი, ელჩი და სავიზიტო ბარათი ხარ, წარმატებები და ბევრი სიხარული, რომელიც ჩვენი სიხარულიცაა!
- ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. თუ ტრავმებმა არ შემაწუხა, მინდა, მანამ ვიჭიდაო, სანამ შევძლებ. თავს არასოდეს დავზოგავ, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები დიდი წარმატებებისთვის.

მკითხველი:
- გამარჯობა, გურამ. უპირველეს ყოვლისა, გილოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულს და სამომავლოდ წარმატებებს გისურვებ. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: წელს ორ ტურნირზე იასპარეზე და ორივეში ეჭვი არავის გასჩენია, რომ ჩემპიონი გახდებოდი. როგორ ფიქრობ, მზად ხარ ტედი რინერთან შესახვედრად? ჩემი, როგორც გულშემატკივრის თხოვნაა, ეკატერინბურგში იასპარეზო, რადგან იქ ტედი ჩადის და ჩემი აზრით, შეგწევს ძალა, ლეგენდა დაამარცხო და თავად გახდე ლეგენდა...
- ძიუდო ისეთი რამაა, 100%-ით ვერასდროს იტყვი, რა და როგორ იქნება.

რაც შეეხება ტედი რინერს: არ სჯობს, მსოფლიოს ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ფინალში დავამარცხო?! მგონი, უკეთესია. მანამდე რამდენიმე ტურნირია, კარგად მოვემზადები და მსოფლიოს ჩემპიონატს ფორმაში შესული შევხვდები.

მკითხველი:
- გურამ, მოგესალმებით! პირველ რიგში, გილოცავთ ევროპის ჩემპიონობას როგორც პირადში, ისე გუნდურში (გუნდურში მონაწილეობა და იქ გამოვლენილი სულისკვეთება ცალკე ფენომენია ჩვენი ძიუდოისტთა მონაწილეობით. სასიხარულოა ეგ ფენომენი იმის გათვალისწინებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ მონაწილეობს, ყველა მომართულია მოგებისთვის და გამარჯვებისთვის. ისეთი ძიუდოისტების არმონაწილეობა გარკვეულ მიზეზთა გამო, როგორებიც არიან: მატიაშვილი, ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი, ტატალაშვილი, მიზანი და შედეგი არ იცვლება, რაც სასიხარულოა). აღსანიშნავია თქვენი ასეთი ლამაზი სტილით გამარჯვება ისეთი ილეთებით, როგორებიც არის ჩახტომით კისრული, გარე ფეხზე გადასვლა, ლუკაშ კრპალეკთან და სხვები..
პირადად მე "ჩახტომით კისრულის" ასეთი შესრულება, თუ აზიელებს არ ჩავთვლით, იშვიათად მინახავს ასეთი წარმატებული და ამ რაოდენობის ერთ ტურნირზე, მით უფრო, ევროპის პირველობაზე, რომელიც თქვენ აჩვენეთ. ქართველებს ქართული ეროვნული ჭიდაობის დამსახურებით გვაქვს ბევრი კარგი ილეთი, მაგრამ ეგ ილეთი არცთუ ისე დამკვიდრებულია ჩვენს საჭიდაო არსენალში. სასიხარულოა, რომ თქვენ ეგ არ გეხებათ. ასეთი ლამაზი ილეთის გამოყენებისთვის და ლამაზი გდებებისთვის მადლობა. მიმაჩნია, მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენი კონკურენცია გაძლიერდება აზიელების მონაწილეობით, რადგან ეგ წონა მათთვის ითვლება ერთ-ერთ მოწინავედ. ევროპაში მოასპარეზე იმ ძიუდოისტის სახელს არ ვახსენებ, ვისაც იცნობს ძიუდოს სამყარო და არამარტო ძიუდოს, თავისი ტიტულებით და ტატამზე ილეთის არგაშვებით აგერ, უკვე 10 წელია. სხვა ევროპელებს რაც შეეხებათ, რამდენიმე ვნახეთ თქვენთან პაექრობაში, კერძოდ: ჰოლანდიელი მეიერი, ჩეხი ლუკას კრპალეკი, რუსი რენატ საიდოვი, ჩვენი ადამ ოქრუაშვილი, რომლებიც ევროპის ძიუდოისტთა მოწინავეთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ძიუდოს სამშობლოს, იაპონიის მოჭიდავეთა სტილიდან, მათი მომზადების, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ილეთების არსენალიდან გამომდინარე, მიეკუთვნება თუ არა უხერხულ საჭიდაო სტილს ქართველებისთვის? და როგორ ესადაგება მათი სტილი უშუალოდ თქვენს საჭიდაო ფილოსოფიას, ტატამზე გამოვლენილ თვისებებს და თქვენს იმ არსენალს, რომელსაც ასე წარმატებით იყენებთ? მადლობა!
- რთულია იაპონელებთან ჭიდაობა. ისინი დღეში სამჯერ ვარჯიშობენ და ჩვენ ჯერ მსგავსი პირობები არ გვაქვს. მაგის დრო და პირობები რომ გვქონდეს, მოწინავე ქვეყანა ვიქნებოდით სპორტის ამ სახეობაში. იაპონელები იმიტომ არიან ასეთი მაგრები, რომ ბევრს შრომობენ.

რაც შემეხება მე, აზიელებთან სხვაგვარ ჭიდაობას ვცდილობ. მოწინააღმდეგე ყოველთვის ვერ დაეცემა და ასეთ დროს სხვა რამ გჭირდება. ვმუშაობ ამაზეც. წარმატებული მაშინ ხარ, როცა მედალი გაქვს. წლების შემდეგ მედალი რჩება და შეიძლება კონკრეტულ მოწინააღმდეგეს არა გდებით, არამედ გაფრთხილებით მოუგო.

ისე კი, როცა მიგდის ჭიდაობა კარგად, რატომ უნდა შეცვალო სტილი? მთავარია შედეგი, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოიგებ.

მკითხველი:
- ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისას, რასაც გულწრფელად გისურვებს ყველა ქართველი, პოლიტიკაში წასვლას ხომ არ გეგმავ?
- არა, მაგის გარანტიას გაძლევთ. არ მაქვს სამაგისო არც განათლება და არც - სურვილი. მე სპორტით ვცხოვრობ და ასე იქნება სულ.

მკითხველი:
- რა შეგვიძლია შევთავაზოთ ქართველებმა და დავუპირისპიროთ აზიელებს ოლიმპიადაზე?
- დიდი დროა იქამდე. ჩვენი მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენს პლუსებსაც მაქსიმალურად გვაყენებინებს.

აზიელები ჩვენზე ნიჭიერები არ არიან. სამმილიონიანი ქვეყანა ვართ და ასეთი წარმატებულები ვართ ძიუდოში... მათთან კი 10 მილიონი ბავშვი ვარჯიშობს ხოლმე, კონკურენცია საოცრად დიდია. ჩვენთან ეს კონკურენცია ნაკლებადაა, მაგრამ იმდენად დახვეწილი, რომ წარმატებას ვაღწევთ. ასე იქნება ოლიმპიადაზეც.

მკითხველი:

- ყველაზე მწარე მარცხი შენს კარიერაში?
- მარცხი არ მახსენდება, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონი ვერ გავხდი.

მკითხველი:
- შენი აზრით, კიდევ რა კომპონენტში გჭირდება მომატება იმისთვის, რომ 4 წელიწადში გაიმარჯვო ოლიმპიადაზე?
- ფიზიკური მონაცემები უნდა ავიყვანოთ უმაღლეს დონეზე. ტედი რინერის დამარცხება თუ მინდა, ეს საჭიროა. გარდა ამისა, ტექნიკურ მხარეებზეც ბევრია სამუშაო.

მკითხველი:
- ყველა მეტოქესთან დიდი ბრძოლა და თავგანწირვაა საჭირო, მაგრამ მაინც ვის თვლით ყველაზე უხერხულ მეტოქედ? ტერი რინერის გარდა...
- იმ დღესაც ვთქვი, მარტო რინერი არ არის ამ კატეგორიაში. ძიუდო ისეთი სპორტია, ვერ გაიგებ, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს. აქ "ამოქაჩვის" საშუალება არ გაქვს, თუ დაეცი, წააგე.

იაპონელები, ყაზახები არიან ძლიერები, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს: თუ წარმატება გინდა, ყველა მოწინააღმდეგეს ისე უნდა მოეკიდო, როგორც ტედი რინერს!

მკითხველი:
- ადვილად ითვისებ ილეთებს?
- შეძლებისდაგვარად (იცინის).

მკითხველი:
- როგორი შეგრძნებაა ამდენი თაყვანისმცემლის ყოლა?
- ფსიქოლოგიური მომენტია. ცხადია, მიხარია. ქალაქში დავდივარ და ხალხი ჩემდამი დიდ სითბოს იჩენს.

და კიდევ ერთი: სოციალურ ქსელში ბევრმა მომწერა და ყველას ვერ გამოვეხმაურე, ძალიან აჟიტირებული ვიყავი. გპირდებით, ყველას გიპასუხებთ.

მკითხველი:
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოქმედმა მოჭიდავეებმა წარმატებას მივაღწიოთ?
- ბევრი შრომა და ინდივიდუალურობა. არასდროს მიბაძოთ სხვას, მასზე მაგარი უნდა იყოთ. თქვენი ვარჯიშით თავად უნდა შექმნათ რაღაც ახალი.

მკითხველი:
- როგორ ვაკონტროლო ძალა და ტექნიკა ერთდროულად?
- ეგ თავად სპორტსმენის გადასაწყვეტია, როგორი ტაქტიკით იჭიდავებს. ზოგიერთი ფიზიკურად იმდენად ძლიერია, სულ არ სჭირდება ილეთი. სპორტსმენს ვერ ეტყვი, რა სჯობს, მან თავად უნდა იგრძნოს, რა არის უკეთესი. ისე კი, ვფიქრობ, ამ ყველაფერთან ერთად ჭკუაც აუცილებელია.

მკითხველი:
- ტატამზე გასვლის წინ რაიმე რიტუალს ხომ არ ასრულებ?
- პირჯვარს ვიწერ ხოლმე.

მკითხველი:
- მაინტერესებს, ვინ/რა არის შენი მოტივატორი ნებისმიერი შეხვედრის წინ?
- მთავარი ჩემი თავი და შრომაა. ჭიდაობის დროს, საკუთარი თავის გარდა, არავისზე ვფიქრობ.

მკითხველი:
- მაინტერესებს, თქვენი აზრით, რით განსხვავდება ძიუდო სპორტის სხვა სახეობებისგან?
- ალბათ, მაინც წესებით. მეტოქეს აუცილებლად პატივი უნდა სცე, წარმატების დროს ზედმეტი ემოციის გამოხატვა არ შეიძლება, მეტოქეს აუცილებლად უნდა დაუხარო თავი...

მკითხველი:
- მაინტერესებს, რას ფიქრობთ ქართული ძიუდოს განვითარების პროცესზე?
- ძიუდო ჩვენს ქვეყანაში მუდმივად წინ მიიწევდა და ახლაც ასეა, უფრო იხვეწება. ძიუდოს ფედერაციას დავით ქევხიშვილის სახით მართლაც ძალიან კარგი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ამ ყველაფერს კარგად მართავს. ახალგაზრდებში კარგი მწვრთნელებიც გვყავს და ბავშვებს სწორად ზრდიან. გვეხმარება სპორტის სამინისტროც. როგორც დღევანდელ თაობას შეგვიძლია ყველა წონაში ოქროს მედლის მოპოვება, ასე იქნება მომავალშიც.

მკითხველი:
- გვაქვს თუ არა გენში მუდმივი გამარჯვების წყურვილი?
- რა თქმა უნდა. ისეთი ომები გვაქვს მოგებული... გენშია! ფიზიკურად ქართველი ყოველთვის ძლიერი იყო.

საიდუმლო ჩვენი ამბიციებია. ამ ამბიციას შრომასაც თუ უმატებ, ყველაზე ძლიერი ხდები.

მკითხველი:
- ვინ არის შენთვის სამაგალითო სპორტსმენი?
- ლაშა შავდათუაშვილი. ვუყურებ, როგორ ვარჯიშობს. ვიცი მისი გამოვლილი გზა და ჩემთვის ისაა მისაბაძი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული