დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცელმა დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ხოჭოლავამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს. ფეხბურთელმა აკაკი გვარმიანის შემდეგი კითხვა მოიწონა: "რას ეტყოდი შენს მაგალითზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოტივაციის გასაზრდელად?"

მკითხველი:

- ადრე ფორვარდის პოზიციაზე გითამაშია. შენი აზრით, ამან ის თვისებები მოგცა, რომელიც დაცვაში თამაშში გეხმარება?
- კი, თავდასხმაში თამაშის გამოცდილება უკან ნამდვილად მეხმარება. თამაშს უფრო ადვილად ვკითხულობ და პოზიციურადაც მიადვილდება.

მკითხველი:
- პირველ რიგში, მინდა, მოგილოცო ტრანსფერი
დონეცკის "შახტარში". ალბათ, ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის კარიერის ერთ-ერთი მიზანი თბილისის "დინამოში" ადგილის დამკვიდრება და წარმატების მიღწევაა, რაც, სამწუხაროდ, არ გამომიგივიდათ, რამაც ალბათ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დადებითად ვერ იმოქმედა თქვენზე. ამის შემდეგ ბედი "კოლხეთსა" და "შუქურაში" სცადეთ და ბოლოს თავი დაიმკვიდრეთ "ჩერნომორეცში", სადაც ძალიან მაგარი პერიოდი გაქვთ (განსაკუთრებით, მიმდინარე სეზონში), რითაც მიაღწიეთ იმას, რომ მომავალი სეზონიდან "შახტარის" ღირსებას დაიცავთ. ეს ალბათ მშვენიერი მაგალითია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის, თუ როგორი შედეგი მოაქვს შრომას და საკუთარი ძალების რწმენას. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა იყო მთავარი თქვენს საფეხბურთო კარიერაში, რამაც მოგცათ შესაძლებლობა, ამ დონეზე გეთამაშათ და როგორ შეაფასებდით ჩვენი ნაკრებისა თუ ჩემპიონატის მომავალს?
- კარგი კითხვაა. "დინამოში" მართლაც არ მქონია საუკეთესო პერიოდი, ამიტომ ფოთის "კოლხეთში" წასვლა გადავწყვიტე, სადაც თბილისელისთვის ცხოვრება ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ჯერ "კოლხეთში", შემდეგ კი "შუქურაში" მომეცემოდა შანსი, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია. ამისთვის ყოველდღე ვშრომობდი.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ ახალ გუნდში გადასვლას და წარმატებებს გისურვებ. შენი იმედი მართლა გვაქვს. დავით, გულშემატკივარს, რომელიც დიდხანს ადევნებს თვალყურს შენს თამაშს, ახსოვს, რომ თავდასხმაშიც თამაშობდი გარკვეული პერიოდი და საკმაოდ კარგადაც. საკმაოდ იშვიათი და უცნაური კონტრასტია თავდამსხმელიდან დაცვაში. საბოლოოდ, რამ გადაგაწყვეტინა დაცვაში თამაში და გოლების გატანა თუ მოგენატრა?:))
- ვერ ვიტყვი, რომ წინ თამაში კარგად გამომდიოდა. თავდამსხმელი გოლებით ფასობს, რომლის ალღოც ისეთი არ მქონდა, რომ კარგ კლუბში მეთამაშა.

არ დავიღლები იმის თქმით, რომ გიორგი დევდარიანმა ჩემი ცხოვრება დადებითად შეცვალა მაშინ, როცა პოზიცია შემიცვალა. გოლებს იშვიათად მაინც ვიტან და ასე თუ ისე გოლის გემოს ვინარჩუნებ. :)

მკითხველი:
- 3 წლის წინ "დინამოს" შემადგენლობაში არ გათამაშებდნენ, საიდანაც ფოთის "კოლხეთში" გადახვედი და პირველ ლიგაში ითამაშე ნახევარი სეზონი, დღეს კი უკვე დონეცკის "შახტართან" გააფორმე კონტრაქტი. რას ეტყოდი შენს მაგალითზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოტივაციის გასაზრდელად?
- პირველი და უმთავრესი, შრომაა! უკრაინაში როცა ჩამოვედი, მეგონა, ფიზიკურად უკვე სათანადოდ მზად ვიყავი, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი შემიძლია.

მოტივაციის გასაზრდელად, ერთ სასაცილო ფაქტს გავიხსენებ (დღეს კი მეცინება, მაგრამ მაშინ ის ფრაზა გულში ჩამრჩა). თბილისის "დინამოდან" წამოსვლისას, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, იმდენად კარგი ფეხბურთელი ვერ ხარ, რამდენადაც სასიძოო...

ასე რომ, იცოდეთ, ყოველთვის ყველა დადებითად ვერ შეგაფასებთ, მაგრამ თვითრწმენა არასოდეს დაკარგოთ!

მკითხველი:
- გამარჯობა, დავით. გილოცავ "შახტარში" გადასვლას და გისურვებ წარმატებებს. როგორ ფიქრობ, სჯობს, იყო საშუალოევროპული დონის კლუბში პირველი თუ გრანდში მეორე?
- ყოველთვის პირველობას ავირჩევ.

მკითხველი:
- პირველ რიგში, მოგესალმები. დავით, თუ გიფიქრია, საქართველოს ნაკრებში თამაშისას შენი პროგრამა-მინიმუმი რა იქნება? რა მოთხოვნას უყენებ საკუთარ თავს და რის მიღწევისას ჩათვლი თავს ვალმოხდილად ქართველი გულშემატკივრის წინაშე?
- მანამ, სანამ ვთამაშობ, გულშემატკივრის წინაშე ვალს ვერ მოვიხდი, იმიტომ, რომ ნაკრების ყველა თამაში ახალი გამოწვევაა, სადაც სული და გული უნდა ჩადო.

მკითხველი:
- დათო, რა უფრო რთულია (ან რთული მისაღწევია): გახდე უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი,თუ გახდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი? გისურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, გვეიმედები...
- ჩემი აზრით, ერთი მეორეზეა დამოკიდებული. თუ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, წესით, ნაკრებშიც უნდა იყო.

მკითხველი:

- მოგესალმებით, დავით. გილოცავთ ახალ კლუბში გადასვლას. ერთი პერიოდი საქართველოში მივიწყებულმა ფეხბურთელმა მოახერხეთ, გამხდარიყავით უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და ახლა უკვე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან 5-წლიანი კონტარქტი გააფორმეთ. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა და რა როლი შეასრულა ქობულეთის "შუქურამ" თქვენს კარიერულ წინსვლაში? გმადლობთ.
- მიუხედავად რთული პერიოდისა, ჩამომიყალიბდა ბრძოლისუნარიანი ხასიათი. არაფერს დავნებდი და ამაში ჩემი ოჯახისა და მეგობრების დამსახურება დიდია.

"შუქურამ" ძალიან ბევრი მომცა, რადგან პირველი სრული სეზონი უმაღლეს ლიგაში ამ კლუბში ვითამაშე. სწორედ იქიდან გამიცნო ქართველმა გულშემატკივარმა.

მკითხველი:
- მოგესალმებით, დავით. გილოცავთ "შახტარში" გადასვლას. რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
- გმადლობთ. მოდით, წლების შემდეგ მკითხეთ, თუ რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად, რადგანაც ტრანსფერი წარმატებას ჯერ არ ნიშნავს, უბრალოდ, კარგი შესაძლებლობაა.

მკითხველი:

- მოგესალმებით, დავით. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ "ვიშრომებ იმისთვის, რომ მოვხვდე ისეთ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს". როგორ ფიქრობთ, აგიხდათ თუ არა თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- კი, რა თქმა უნდა, ამიხდა. ახლა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბევრს ვიშრომებ. მინდა, ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდე და დარწმუნებული ვარ, "შახტარი" ამ 5 წლის განმავლობაში იქ სტაბილურად იქნება.

მკითხველი:
- მოგესალმებით, დავით. რა არის ფეხბურთში თქვენი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარე და მუშაობთ თუ არა მის აღმოფხვრაზე?
- ძლიერი მხარე დაცვაში თამაშია, რომელიც ბევრი დეტალისგან შედგება. რაც შეეხება სუსტს, ვისურვებდი, რომ შეტევებში უფრო ხშირად ვმონაწილეობდე. ვმუშაობ, რომ კარგ შეტევებს ყოველგვარი რისკის გარეშე ვიწყებდე.

მკითხველი:
- როგორ შეადარებდი საქართველოს და უკრაინის პირველობის დონეს ერთმანეთს?
- სამწუხაროდ, განსხვავება ამ ორ ჩემპიონატს შორის ძალიან დიდია. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. საქართველოს ჩემპიონატში ტემპი ნელია, უკრაინაში კი მუდმივი სისწრაფეა, ბევრი ორთაბრძოლაა და, შესაბამისად, საქართველოსგან განსხვავებით, ნაკლებად ტექნიკური ჩემპიონატია.

მკითხველი:
- როგორია უკრაინაში ცხოვრება?
- ჩემთვის აქ იდეალური გარემოა. ოდესაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საქართველოში. აქ ბევრი ნაცნობი მყავს და ყველას მხარდაჭერას ვგრძნობ.

მკითხველი:
- ვინ მიგაჩნია უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად?
- ეჭვგარეშეა, რომ ანდრეი იარმოლენკო.

მკითხველი:

- რას ნიშნავს შენთვის ქვეყნის სახელით თამაში?
- არ მინდა, უბრალო სიტყვებად გამოჩნდეს ეს, მაგრამ მზად ვარ, საქართველოს ნაკრების ყველა მატჩში თავი გავწირო და როდესაც თამაში მომიწევს, ამას ყველა ნახავთ.

მკითხველი:
- რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ფეხბურთის აკრძალვაზე საუბრობს?
- ხალხში ეს თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს. ვთვლი, რომ გულშემატკივრები და ფეხბურთელები კომპრომისზე უნდა წავიდნენ. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ უკეთესები, გვქონდეს უკეთესი ჩემპიონატი, მაგრამ დამიჯერეთ, უგულშემატკივროდ მოტივაცია მცირეა.

მკითხველი:
- რას ნიშნავს შენთვის თბილისის "დინამო" და მისი გულშემატკივრები?
- "დინამოს" გულშემატკივრები ძალიან კარგად დამამახსოვრდნენ. მე მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. "დინამოს" პატარაობიდან ვგულშემატკივრობდი და ახლაც ასეა, მაგრამ წელს საქართველოს ჩემპიონატში გიორგი დევდარიანსა და მის "ლოკომოტივს" ვგულშემატკივრობ. მათ თამაშებსაც სულ ვუყურებ.

მკითხველი:

- დაასახელე ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტად გაგიჭირდა თამაში...
- თუ ფორვარდზეა საუბარი, მაშინ ალექს ტეიშეირა, რომელიც "შახტარში" თამაშობდა. ის საოცრად ძლიერი ფეხბურთელია და სამწუხაროა, რომ "ლივერპულის" ნაცვლად ჩინეთში წავიდა. დარწმუნებული ვარ, ყველა ნახავდა მის შესაძლებლობებს...

მკითხველი:
- შენი აზრით, ყველაზე მეტად ვისი დამსახურებაა შენი წარმატებული ასპარეზობა და განსაკუთრებით, "შახტარში" ტრანსფერი?
- გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ბევრია. ამიტომ, რომ არ გამომრჩეს ვინმე და არ ვაწყენინო, მოდით, მათ არ ჩამოვთვლი. უბრალოდ, მთელი გულით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც გვერდში მიდგას.

მკითხველი:
- თუ საიდუმლო არ არის, "შახტართან" გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, შენი გამოსასყიდი თანხა რამდენს შეადგენს?
- სამწუხაროდ, ამის თქმის უფლება არ მაქვს.

მკითხველი:
- რა ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩევ ნომერს "შახტარში"?
- თუ 5 ნომერი თავისუფალი იქნება, აუცილებლად მას ავიღებ. კარიერის უდიდესი ნაწილი ამ ნომრით გავატარე, თუ არა და, ალბათ, 55.

მკითხველი:
- ნაწყენი ხომ არ წამოსულხარ "დინამოდან" და დაუბრუნდები თუ არა ამ კლუბს?
- ნაწყენი მართლაც წამოვედი, ოღონდ არა "დინამოზე", არამედ საკუთარ თავზე, რომ ვერ ვითამაშე. დაბრუნებაზე საუბარი კი ჯერ ადრეა.

მკითხველი:
- გილოცავ ახალ კლუბს. "შახტარში" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილები?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კი. სამწვრთნელო შტაბს ჩემი სჯერა.

მკითხველი:
- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის განათლება?
- გააზრებული მაქვს, რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვერ ვითამაშებ. ამიტომ ვცდილობ, რაღაც კონკრეტულ საკითხებში განათლება მივიღო, რომ შემდეგ არასაფეხბურთო ცხოვრებაში გამომადგეს. უახლოეს მომავალში ესპანური ენის შესწავლას და სამენეჯერო კურსების დამთავრებას (სფეხბურთო განხრით) ვგეგმავ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული