ზამთრის მოსალოდნელი ტრანსფერები: გრიზმანი და სხვები

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ხშირად არ გვანებივრებს ხმაურიანი ტრანსფერებით, მაგრამ გამონაკლისები მაინც არის. ამ ზამთარსაც, დიდი ალბათობით, რამდენიმე ისეთი მოთამაშე გამოიცვლის ადგილსამყოფელს, კლუბში საქმე იდეალურად რომ არ მისდით. არიან ისეთებიც, კარიერის გაგრძელება უფრო მაღალ დონეზე რომ სურთ.

მორგან შნეიდერლინი, "მანჩესტერ იუნაიტედი"
ფრანგი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს გეგმებში საერთოდ არ ფიგურირებს. თითქმის ასი პროცენტითაა გადაწყვეტილი, რომ "იუნაიტედს" დატოვებს. მისი ადგილი ინგლისურ გრანდში საერთოდ აღარ არის. არადა, ცოტა ხნის წინ "საუთჰემპტონის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი მსურველი კლუბები არიან "ევერტონი", ვესტ ბრომვიჩი", "ტოტენჰემი" და "სენ ჟერმენი".

მემფის დეპაი, "მანჩესტერ იუნაიტედი"
თუ უნდა, რომ სათამაშო პრაქტიკა მიიღოს, "ოლდ ტრაფორდი" უსათუოდ უნდა დატოვოს. ჟოზე მოურინიოს ვერაფერს დავაბრალებთ - მემფისმა ზოგადად ვერ გაამართლა იმედები. "ეინდჰოვენიდან" უდიდეს ტალანტად მივიდა "წითელ ეშმაკებში", ახლა კი ლამის რიგითი ფეხბურთელის დონეზე დაეშვას. მას "ევერტონს", "იუვენტუსს", "ნიცას" და ყოფილ კლუბს უკავშირებენ.

დანიელ სტარიჯი, "ლივერპული"
ტრავმები არა და არ ასვენებს. ამასთან ერთად, ვერც იმას ვიტყვით, რომ იურგენ კლოპი მას განსაკუთრებით სწყალობს. ამბიციურ სტარიჯს, რომელსაც ინგლისის ნაკრებში ძირითადის ფეხბურთელობა სურს, ალბათ უნდა, მეტი სათამაშო დრო მიიღოს. მის მსურველ კლუბებში ასახელებენ "ვესტ ჰემს", "ინტერს", "ტოტენჰემს" და "არსენალს".

სადიო ბერაჰინო, "ვესტ ბრომვიჩი"
ალბათ დროა, დასრულდეს მისი ყოფნა "ვესტ ბრომვიჩში", სადაც შესანიშნავი თამაშებიც ჰქონდა და დიდი გაუგებრობებიც. ფაქტი ერთია - წარმოშობით ბურუნდელი ფორვარდი ძალიან ნიჭიერია. მისი შეძენა ძალიან უნდა "სტოკს". ასევე ახსენებენ "ტოტენჰემს", "რომას" და "ინტერს".

ისკო, "რეალი"
წავა თუ არა "რეალიდან" ისკო - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სწორედ ესაა. მას აქვს კარგი მატჩები, მაგრამ ისეთი მაინც ვერ არის, როგორსაც ველოდით. ესპანელ ნახევარმცველს ყველაზე ხშირად "მილანს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. ასევე ახსენებენ "სენ-ჟერმენს", "ჩელსის" და "იუვენტუსს".

იაია ტურე, "მანჩესტერ სიტი"
მან და გვარდიოლამ ცოტა ხნის წინ პირველად
გაუგეს ერთმანეთს, მაგრამ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს იდილია. ტურეს შეძენა უნდა "ინტერს". ასევე ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, რომ კოტდივუარელმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კარიერა ოკეანის გაღმა გააგრძელოს. საუბრობენ "არსენალისა" და "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესზე.

ვირჯილ ვან დეიკი, "საუთჰემპტონი"
"საუთჰემპტონის" მცველი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ინგლისურ პრემიერლიგაში. რა გასაკვირია, რომ მისი გადაბირება არაერთ გუნდს უნდა. მათ შორის ექსპერტები მთავარ ფავორიტად "მანჩესტერ სიტის" მიიჩნევენ. ინგლისურ კლუბს დიდი პრობლემები აქვს დაცვაში და პეპ გვარდიოლა ზამთარში აუცილებლად შეიძენს კვალიფიციურ მცველს."მანჩესტერი", "რეალი", "ჩელსი" - ვან დეიკზე საუბრისას ამ გუნდებსაც ახსენებენ.

ანტუან გრიზმანი, "ატლეტიკო"
ზამთარში შეიძლება არა, მაგრამ დიდი შანსია, ფრანგი ვარსკვლავი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოჩანგლოს. ფრანგს მსურველები ისედაც არ აკლია. წერენ, რომ მისი სამსახურით არიან დაინტერესებულნი "სიტი", პსჟ და "ბაიერნი".

როს ბარკლი, "ევერტონი"
როსს უნდა ახალ დონეზე გასვლა, ახალი გამოწვევა. მისი შეძენის მთავარ პრეტენდენტად "ტოტენჰემი" სახელდება. ახსენებენ "სიტის", "ჩელსის" და "მანჩესტერს". სხვა საკითხია, რამდენად არის მზად გრანდში სათამაშოდ არასტაბილური ბარკლი.

რობერტ სნოდგრასი, "ჰალი"
შოტლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის შეძენა ძალიან უნდა ჩემპიონშიპში კარგად მოთამაშე "ნიუკასლს". ალბათ, ფეხბურთელი წინააღმდეგი არ იქნება, გახდეს რაფა ბენიტესის ამბიციური პროექტის ნაწილი. სნოდგრასი ასევე უნდათ "სელტიკს", "ასტონ ვილას" და "ვესტ ბრომვიჩს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული