ევროუქმეების წინ: "სამეფო კლუბის" რეკორდის მოლოდინში

AutoSharing Option
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ინგლისში ზედიზედ ნათამაშები ტურების შემდეგ პრემიერლიგის გუნდები ცოტას შეისვენებენ, მწარედ ცდება - ამ უქმეებზე მათ ასოციაციის თასის III რაუნდის თამაშები ელით. სამაგიეროდ, 2017 წელს პირველად იწყებენ ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში.

ლა ლიგის გუნდების ნაწილმა ახლახან სამეფო თასის მერვედფინალური პირველი ბატალიები მოილია, იტალიელები კი მორიგ ტურს დასვენებულნი ხვდებიან. საფრანგეთში ჯერ სათასო მატჩებით ხურდებიან, გერმანიაში კი არდადეგები გრძელდება...

ლა ლიგა: "ანოეტასა" და "ელ მადრიგალზე"
მე-17 ტურში ორი ცენტრალური მატჩია - შაბათს "ანოეტაზე" მე-5 ადგილზე მყოფი "რეალ სოსიედადი" მესამეადგილოსან "სევილიას"
მასპინძლობს, ხოლო კვირას "ელ მადრიგალზე" მე-4 ადგილზე მყოფი "ვილიარეალი" ჩემპიონ "ბარსელონას" მიიღებს.

ლუის ენრიკეს გუნდს მხოლოდ 3-დღიანი დასვენება გამოსდის "ბილბაოსთან" სათასო მატჩის მერე, ხოლო მისი მეტოქე ერთი დღით მეტს ისვენებს, რადგან "ყვითელი წყალქვეშა ნავი" სან სებასტიანში 1:3 დამარცხდა. "ვილიარეალი" უშანსოდ აგებდა, მაგრამ მანუელ ტრიგეროსმა "სოსიედადს" გაუტანა და 11 იანვრის საპასუხო მატჩს აზრი შეუნარჩუნა.

ლუის ენრიკე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ "ბარსას" ვარსკვლავები ზამთრის არდადეგებიდან მოტივირებულნი გამოვიდნენ და ფორმაში შესასვლელად დრო არ ესაჭიროებათ. "ბარსას" ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს, რადგან "რეალს" ისედაც 3 ქულით ჩამორჩება და თან, მასზე მატჩით მეტი აქვს გამართული.

სავარაუდო შემადგენლობები
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ჯ. დოს სანტოსი, ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი, რ. სორიანო - სანსონე, პატო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - დ. სუარესი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი.

"ანოეტაზე" "სევილია" ჩადის, რომელმაც ზინედინ ზიდანის "იუბილეზე" (ერთი წელი გახდა, რაც "რეალის" მწვრთნელია) ვერაფერი მოუხერხა "სამეფო კლუბს" და 0:3 დამარცხდა. "რეალმა" განსაკუთრებით პირველ ტაიმში ითამაშა დიდებულად, თუმცა ანდალუსიელები მსაჯმა მატეო ლაოსმა ძალზე დააზარალა, რადგან "რეალის" სამი გოლიდან ორი ჩასათვლელი არ იყო.

შედეგად, "სევილია" სამეფო თასზე პროგრესის თეორიულ შანსს ინარჩუნებს და უჯობს, ლა ლიგაზე გადმოერთოს საბოლოოდ. თუმცა "ანოეტა" ყველასთვის პირქუში მასპინძელია და პირველ რიგში, "სევილიასთვის", რომელსაც ისედაც უჭირს სტუმრად თამაში.

"სოსიედადმა" შესანიშნავად დაიწყო წელიწადი და საკრისტანის გუნდს ასევე გაგრძელება სურს. ამ სეზონში ბასკური გუნდი შესანიშნავია. ორივე ლამაზი, კომბინაციური ფეხბურთის მიმდევარია. ასე რომ, "ანოეტაზე" სანახაობრივ დაპირისპირებას ველით.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა, ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი
სევილია (4-4-2): ს. რიკო - მარიანო, მერკადო, პარეხა, ესკუდერო - ფ. ვასკესი, ნ'ზონზი, ნასრი, ვიტოლო - ვიეტო, ბენ იედერი.

ზინედინ ზიდანისა და "რეალის" შემჩერებელი კი არსად ჩანს. მას მერე, რაც "სამეფო კლუბმა" "სევილია" გაანადგურა, ძნელი წარმოსადგენია, რომ მას აუტსაიდერი "გრანადა" დაუდგეს. გუნდს უბრუნდება კრიშტიანო რონალდო, რომელიც ზიდანმა სათასო ბატალიისგან გაათავისუფლა. ვარსკვლავური სამეულის ნაცვლად ასენსიო, მორატა და ხამესი უტევდნენ მეტოქეს. რონალდო ბრუნდება, სავარაუდოდ, ბენზემაც. აი, ბეილის ადგილს კი "სევილიას" კარში დუბლის ავტორი ხამეს როდრიგესი შეინარჩუნებს, მოგეხსენებათ, უელსელი ტრავმირებულია.

"გრანადასთან" მატჩში ზიდანის გუნდს ესპანური ფეხბურთის ისტორიის გადაწერა შეუძლია. "რეალი" 38 მატჩია, რაც არ მარცხდება. რეკორდი კი "ბარსელონას" ეკუთვნის (2015-16 წლებში) და ის 39 მატჩს უდრის.

რეალი (სავარაუდო): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ხამესი, ბენზემა, რონალდო.

სხვა მატჩებიდან ბილბაოში ბასკურ დერბის გამოვყოფთ "ატლეტიკსა" და "ალავესს" შორის. ტურს კი ორი წყალწაღებული გუნდის დაპირისპირება დაასრულებს. ბოლოადგილოსანი "ოსასუნა" პამპლონაში ნირწამხდარ "ვალენსიას" მასპინძლობს.

"ვალენსიას" ჩეზარე პრანდელი აღარ წვრთნის, ხოლო "ოსასუნას" დღეიდან აღარ გაწვრთნის ხოაკინ კაპაროსი. თუ პრანდელიმ "ღამურების" თავკაცად სამი თვე მაინც გაძლო, კაპაროსი ნავარელებს მხოლოდ ორი თვის განმავლობაში წვრთნიდა. სეზონის ბოლომდე "ოსასუნას" სპორტული დირექტორი პეტარ ვასილევიჩი უთავკაცებს.

სერია A: სუპერთასის შემდეგ
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "იუვენტუსი" "ბოლონიას" მასპინძლობს. "ბებერ ქალბატონს" დოჰაში სუპერთასზე მარცხის მერე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სურს.

"მარცხის მერე ყოველთვის მობილიზებულნი ვართ ხოლმე. დოჰაში წაგება ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა ეს წარსულია და ახლა მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. შესვენების შემდეგ პირველი თამაში ყოველთვის ძნელია და ასე იქნება "ბოლონიასთანაც", რომელსაც შარშან დავუზავდით", - განაცხადა "იუვენტუსის" მცველმა დანიელე რუგანიმ, რომლის თამაში მატჩის წინ საეჭვო იყო. ალეგრის კვლავ აკლია დანი ალვეში, ალექს სანდრო და ლეონარდო ბონუჩი. რაც შეეხება გუნდის ახალწვეულ რინკონს, ის თამაშს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს და შესაძლოა, მეორე ნახევარში ვენესუელელის დებიუტიც ვიხილოთ.

იუვენტუსი (სავარაუდო): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ევრა - ხედირა, მარკიზიო, სტურარო - პიანიჩი - მანჯუკიჩი, იგუაინი.

მთავარი მდევარი "რომა" გენუაში სტუმრობს. ბევრს ახსოვს საოცარი თამაში 2011 წელს, როცა ლიგურიელებმა, რომლებიც 0:3 მარცხდებოდნენ, საოცარი შემოტრიალება შემოგვთავაზეს და მეტოქე 4:3 დაამარცხეს. გასულ სეზონშიც უხვგოლიანი მატჩი ვნახეთ, მაშინ "რომამ" 3:2 მოუგო "ჯენოას" და ალბათ, არც ახლა მოვიწყენთ. სპალეტის ვერმალენი, მანოლასი, პარედესი და ფლორენცი აკლია.

რომა (სავარაუდო): შჩესნი - რიუდიგერი, პერესი, ფასიო, ემერსონი - დე როსი, სტროტმანი - პეროტი, ნაინგოლანი, ელ შაარავი - ჯეკო.

მესამეადგილოსანი "ნაპოლი", რომელიც წლის ბოლოს შესანიშნავ ფორმაში იყო და შესვენებამ ცუდ დროს მოუსწრო, კიდევ ერთ გენუურ კლუბს, "სამპდორიას" მასპინძლობს. მაურიციო სარი კვლავ ელის არკადიუშ მილიკის გამოჯანმრთელებას. არ იქნება არც დისკვალიფიცირებული რაულ ალბიოლი და ტრავმირებული კირიკეში, პავოლეტი და გაბიადინი. საეჭვოა კულიბალის თამაშიც.

ნაპოლი (სავარაუდო): რეინა - ჰიუსაი, ტონელი, მაკსიმოვიჩი, სტრინიჩი - ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი - კალეხონი, მერტენსი, ინსინიე.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური
პარასკევი. 6 იანვარი
ესპანიოლი-დეპორტივო 23:45

შაბათი. 7 იანვარი
რეალი-გრანადა 16:00
ეიბარი-ატლეტიკო 19:15
ლას პალმასი-სპორტინგი 21:30
სოსიედადი-სევილია 23:45

კვირა. 8 იანვარი
ბილბაო-ალავესი 15:00
ბეტისი-ლეგანესი 19:15
სელტა-მალაგა 21:30
ვილიარეალი-ბარსელონა 23:45

ორშაბათი. 9 იანვარი
ოსასუნა-ვალენსია 23:45

ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი).

დისკვალიფიკაცია: ჰენრი (გრანადა), კორეა (ატლეტიკო), გარსია (ლას პალმასი), ზურუტუზა (რეალ სოსიედადი), მარიანო, ვასკესი (სევილია), ლაპორტი (ბილბაო), მანტოვანი, დიასი (ლეგანესი), სანხურიო (ოსასუნა).

იტალია. სერია A. XIX ტური
შაბათი. 7 იანვარი
ემპოლი-პალერმო 21:00
ნაპოლი-სამპდორია 23:45

კვირა. 8 იანვარი
უდინეზე-ინტერი 15:30
კიევო-ატალანტა 18:00
ჯენოა-რომა 18:00
ლაციო-კროტონე 18:00
პესკარა-ფიორენტინა 18:00
სასუოლო-ტორინო 18:00
მილანი-კალიარი 21:00
იუვენტუსი-ბოლონია 23:45

ბომბარდირები: 14 - მაურო იკარდი (ინტერი); 13 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 11 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 10 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 9 - ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ჩირო იმობილე (ლაციო).

დისკვალიფიკაცია: კრუნიჩი (ემპოლი), მელო, მარიო (ინტერი), რიგონი, პერინი (ჯენოა), ვერე (პესკარა), ისლა, კოლომბო (კალიარი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული