ტრანსფერ ONLINE: 9 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:22. ზაფხულის მთავარი ამბავი: პოლ პოგბა ოფიციალურად გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. 23 წლის ფრანგი ახალ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

12:46. "ჩელსის" ძალიან უნდა რომელუ ლუკაკუ. "არისტოკრატების" მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა თანხა გაზარდა და ყაბულსაა, "ევერტონს" 80 მილიონი ევრო შესთავაზოს.

12:51. "მანჩესტერ სიტიმ" განაცხადა, რომ "ევერტონისგან" ახალგაზრდა მცველი ჯონ სტოუნზი იყიდა. "ქალაქელებს" ეს სიამოვნება 55.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

13:05. "ვესტ ჰემმა" კლუბისთვის სარეკორდო თანხად (24 მილიონი ევრო) განელი შემტევი ანდრე აიუ იყიდა.

13:12. "ბარსელონა" თავის აღზრდილებს კარგავს. ხორხე სამპერი "ვალენსიაში" მიდის.

13:27.
იტალიაში ამბობენ, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ინტერის" არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლეს (რომელიც ამავდროულად, აგენტიცაა) შეხვდება და ქმრის ნეაპოლურ მომავალზე დაელაპარაკება. დე ლაურენტისი იკარდის გონსალო იგუაინის შემცვლელად განიხილავს.

13:33. "ტელეგრაფი" წერს, რომ ჟოზე მოურინიოს აღარ უნდა ხუან მატა, მარკოს როხო, ბასტიან შვაინშტაიგერი და დელეი ბლინდი. როგორც ჩანს, ამ ფეხბურთელებმა სხვა სამსახური უნდა ეძებონ.

13:38. მარტინ დემიკელისი ჯერ კიდევ საჭირო ყოფილა. 35 წლის არგენტინელი მცველი "ესპანიოლს" აინტერესებს. ამბობენ, გარიგება ოთხშაბათისთვის შედგებაო.

13:41. "ევერტონმა" "მანჩესტერ სიტიში" წასული ჯონ სტოუნზის შემცვლელად სუონსელი ეშლი უილიამსი შეიგულა. უელსელები კაპიტანში 14 მილიონ ევროს ითხოვენ.

13:53. "არსენალი" გერმანელი მცველის, შკოდრან მუსტაფის სანაცვლოდ "ვალენსიას" 35 მილიონ ევროს სთავაზობს. "ღამურები" კი მთელი 12 მილიონით მეტს ითხოვენ. თუ გარიგება არ შედგა, არსენ ვენგერი ჯონი ევანსზე გადაერთვება.

14:06. "ლესტერს" პორტუგალიური "ბრაგადან" 23 წლის ტალანტის, რაფა სილვას შეძენა სურს.

14:26. ინგლისში რეკორდი რეკორდზე მყარდება! "სუონსიმ" "ატლეტიკოს" ფორვარდი ბორხა გონსალესი 20 მილიონ ევროდ იყიდა. "თეთრი გედებისთვის" ეს სწორედაც სარეკორდო მაჩვენებელია.

14:37. "ევერტონი" 35 მილიონ ევროს სთავაზობს "კრისტალ პალასს" გარემარბ იანიკ ბოლასში.

14:50. მოსკოვის "ლოკომოტივმა" ვერ შეძლო შეთანხმება ყურბან ბერდიევთან, ვისაც მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობდა. ბერდიევმა გუშინ "როსტოვში" გამოსათხოვარი ვახშამი გამართა. მოელიან, რომ 11 აგვისტოს მას რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ.

15:02. "ვესტ ბრომვიჩმა" და "სანდერლენდმა" ლამის ერთდროულად დააფიქსირეს ინტერესი "ბლექბერნის" მცველ შეინ დაფის მიმართ.

15:19. "კრისტალ პალასს" ვილფრიდ ბონის გადაბირება სურს. ეს ფეხბურთელი "ევერტონსაც" სურდა, მაგრამ ბრძოლას ჩამოშორდა და კარტ-ბლანში ლონდონურ კლუბს მისცა.

15:27. "ლესტერი" ახლოსაა "დეპორტივოს" ფორვარდ ლუკას პერესის შეძენასთან. გარიგების საფასური 15 მილიონი ევროა.

15:42. "სუონსი" უკვე ფიქრობს, ვისით შეცვალოს "ვესტ ჰემში" წასული ანდრე აიუ. როგორც ამბობენ, "თეთრი გედები" ნასერ შადლით დაინტერესდნენ. 27 წლის გარემარბი "ტოტენჰემში" სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის და ლონდონიდან აბარგებას ეშურება. აღმოჩნდა, რომ მისით "დორტმუნდიცაა" დაინტერესებული.

15:48. რიად მაჰრეზი "ჩელსის" სასტუმროსთან დააფიქსირეს, სადაც მავან ქომაგთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. მოსალოდნელია, რომ "ლესტერის" პლეიმეიკერი დღე-დღეზე "არისტოკრატი" გახდება.

16:18. "ტელეგრაფი" წერს, რომ "კრისტალ პალასი" ისევ მიუბრუნდა კრისტიან ბენტეკეს შესაძლო ტრანსფერს. "ლივერპულის" ფორვარდს ლონდონში 120 ათას ფუნტს სთავაზობენ ყოველკვირეული ხელფასის სახით.

16:30. "ჩელსი" ჯერ ისევ ფიქრობს "ნაპოლიდან" კალიდუ კულიბალის" წაყვანაზე. "ლურჯები" სენეგალელ მცველში 43 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა ნეაპოლელები ჯერჯერობით ფეხს ითრევენ.

16:45. "დერბი ქაუნთისა" და "ნორვიჩს" ისლანდიის ნაკრების კაპიტან არან გუნარსონის ყიდვა სურთ. "კარდიფი" ნახევარმცველს 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.

16:55. "მირორის" ინფორმაციით, "სანდერლენდის" ახალ მწვრთნელ დევიდ მოიესს "ევერტონიდან" ყოფილი შეგირდის, 34 წლის ფილ იაგიელკას გადაბირება მოუნდომებია.

17:02. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, პოლ პოგბას იტალიელი აგენტი მინო რაიოლა ძვირფასი კლიენტის მანჩესტერულ ტრანსფერში, მარტო "იუვენტუსისგან" 25 მილიონ ევროს მიიღებს.

17:09. "გალათასარაიმ" "ლაციოს" ყოფილი მარჯვენა მცველი, ანგოლური წარმოშობის ბელგიელი ლუის პედრო კავანდა იყიდა.

17:50. ხოსე სოსა ორ ცეცხლშუაა. ერთი მხრივ, არგენტინელი ნახევარმცველი მოლაპარაკებებს აწარმოებს "მილანთან", რაკი მის მეუღლეს თურქეთში გაჩერება აღარ სურს. მეორე მხრივ კი, "ბეშიქთაში" ეხვეწება სოსას, ჩვენთან დარჩიო.

18:02. ლუკას ლეივა "გალათასარაიში" წასვლაზე დაფიქრდა. "დეილი მეილი" ამტკიცებს, რომ "ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი ბრაზილიელ ნახევარმცველს კალთებს არ დაახევს.

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ