ევროპის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - უეფას ლალიგური შორტლისტი

AutoSharing Option
უეფამ ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელი უნდა დაასახელოს და ამისთვის 55-მა ჟურნალისტმა წინა სეზონის 5-5 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

სახალისოა, რომ საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ იმდენივე ხმა მიიღო, რამდენიც ჩრდილოირლანდიელმა ფორვარდმა უილ გრიგმა.

პოგბამ და 25 წლის თავდამსხმელმა, რომელიც წინა სეზონში ინგლისის პირველი ლიგიდან ჩემპიონშიპში აღზევებულ "უიგანში" ირიცხება, 37 ფეხბურთელს შორის 25-ე ადგილი გაიყვეს. გრიგი ევროპის ჩემპიონატზეც წაიყვანეს, მაგრამ მწვრთნელმა არ ათამაშა.

სამაგიეროდ, ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფანებში, რადგან "უიგანის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა შონ კენედიმ "გალას" 1996
წლის ცნობილი ჰიტის, Freed From Desire-ის მიხედვით, მასზე პაროდიული სიმღერა Will Grigg On Fire დაწერა, მას მერე, რაც წინა სეზონში ფორვარდმა "უიგანის" მაისურით 25 გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონშიპში დაბრუნებაში დაეხმარა, ახლა კი კლუბი პრემიერლიგაში დაბრუნებას უმიზნებს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

ევრო 2016-ის მიმდინარეობისას ნახსენები სიმღერა ქომაგებს შორის და ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარული გახლდათ. უცნაურია, რომ პოგბამ, რომელიც შესაძლოა, "მანჩესტერში" 100 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდეს, მეტი ხმა ვერ მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბოლოო ჯამში, "შორტლისტში", ანუ 10-კაციან სიაში, რომლიდანაც გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, პრემიერლიგაში მოთამაშე ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. აქ ესპანეთის ლა ლიგა დომინირებს, რომელსაც 7 წარმომადგენელი ჰყავს. იქვე ვხვდებით "ბაიერნის" ორ ფეხბურთელს და სერია A-ს ერთადერთ წარმომადგენელს. ცხადია, ეს "იუვესა" და "სკუადრა აძურას" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია.

"ლესტერის" ვარსკვლავებს, რიად მაჰრეზსა და ჯეიმი ვარდის ათეულამდე ძალიან ცოტა დააკლდათ, ალჟირელი მე-11 ადგილზე გავიდა, ხოლო ინგლისელი - მე-12 ადგილზე. მე-13 "ვესტ ჰემის" ფრანგი ფანტაზისტა დიმიტრი პაიეტი გახლდათ.

ეს სია მოგვიანებით 3 კაცამდე შემცირდება, ხოლო საბოლოოდ, გამარჯვებულს უეფა 25 აგვისტოს მონაკოში დაასახელებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას. ეს ჯილდო 2011 წლიდან გადაეცემათ მოთამაშეებს და პირველი გამარჯვებული ლიონელ მესი იყო, რომელიც უკვე ორჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესოდ - როგორც გითხარით, პირველ და ბოლო, წინა წელს.

რაც შეეხება ათეულს, აქვე შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, ისევე, როგორც წინა გამარჯვებულების სიას:

ათეული
ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა
ანტუან გრიზმანი ატლეტიკო საფრანგეთი
გარეთ ბეილი რეალი უელსი
თომას მიულერი ბაიერნი გერმანია
კრიშტიანო რონალდო რეალი პორტუგალია
ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა
ლუის სუარესი ბარსელონა ურუგვაი
მანუელ ნოიერი ბაიერნი გერმანია
პეპე რეალი პორტუგალია
ტონი კროოსი რეალი გერმანია
ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსი იტალია

წინა გამარჯვებულები
სეზონი ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა
2010/11 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა
2011/12 ანდრეს ინიესტა ბარსელონა ესპანეთი
2012/13 ფრანკ რიბერი ბაიერნი საფრანგეთი
2013/14 კრიშტიანო რონალდო რეალი პორტუგალია
2014/15 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული