მილიონდოლარიანი შეკითხვა ჟოზე მოურინიოს

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო ჯერ ისევ უმუშევარია და, რასაკვირველია, ჟურნალისტები მას არ მოასვენებენ.

პორტუგალიელს პრესასთან კიდევ ერთი გასაუბრება ჰქონდა და მას აი, ასეთი პირდაპირი კითხვაც კი დაუსვეს - იქნებით თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელი... "განსაკუთრებულმა" კი ასე უპასუხა: "ეს მილიონდოლარიანი შეკითხვაა".

"ჩელსიში" მეორედმისული ჟოზე "ლურჯებმა" დეკემბერში გაუშვეს, 7 თვის თავზე, რაც მან კიდევ ერთხელ მოიგო პრემიერლიგა. მას ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლისას უკავშირებდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს" და მით უმეტეს, ახლა, როდესაც "წითელ ეშმაკებში" ლუი ვან გაალი ძალიან ცუდად მუშაობს და ჰოლანდიელის
გაშვება, თითქოს, მხოლოდ დროის ამბავია, თორემ ისე გადაწყვეტილი ჩანს.

მეორე მხრივ, მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელობა რაღაცას ან ვიღაცას ელოდება... ამბობდნენ, "მანჩესტერის" ბოსებს ხოსეპ გვარდიოლას დაყოლიების იმედი ჰქონდათო, მაგრამ პეპი "იუნაიტედის" თანაქალაქელ "სიტიში" წავიდა.

შემდეგ ჭორები დადიოდა, ბოლოს და ბოლოს, რაიან გიგზს გაუფორმებენ სრულფასოვან კონტრაქტს და კლუბს მიანდობენო, მაგრამ ესეც ნაკლებად რეალური ჩანს. თანაც, ბოლოდროინდელი ჭორების მერე გიგზი მუდმივად ასისტენტობით და მეორეკაცობით დაიღალა და დროებით მაინც დატოვებს "ოლდ ტრაფორდს" რომელიმე გუნდს ჩაიბარებს, პრაქტიკას მიიღებს, გამოცდილებას დააგროვებს და მერე, მომავალში დაბრუნდებაო.

მესამე და სიმართლესთან ყველაზე მიახლოებული ვერსია-ვარიანტი კი ეს გახლავთ - მანჩესტერული კლუბის უფროსობას მაურისიო პოჩეტინოს მუშაობა მოსწონს, ნიჭიერი არგენტინელი სპეციალისტის "ტოტენჰემისთვის" წართმევა სურს და მის დაყოლიებას ცდილობს.

მოუ კი ამასობაში მოლოდინის რეჟიმშია - "ინტერში" დაბრუნება შარია, ერთ მდინარეში ჟოზე ერთხელ მეორედ უკვე შევიდა და... ნაკრები 53 წლის გიჟმაჟი სპეციალისტისთვის, რომელიც ყოველდღიური "დრაივით" ცხოვრობს, ჯერ ადრეა, რაც თავადვე უთქვამს და არც ევროპის ფარგლებს გარეთ აპირებს მუშაობას, თუნდაც სარფიანი შემოთავაზების სანაცვლოდ. ფული მოურინიოს დიდი ხანია, აღარ აკლია.

"ეს მილიონდოლარიანი შეკითხვაა. არავის არ აქვს პასუხი. მე პირველს მინდა ვიცოდე, რა ხდება, ყველაზე ნაკლები ვიცი. ბევრი მითქმა-მოთქმა გავიგე და არაერთი ჭორი ამოვიკითხე. ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, იმის გარდა, რომ მომავალი სეზონიდან ახალი კლუბისა და პროექტის ჩაბარება ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება" - თქვა მოურინიომ.

"მანჩესტერის" უფროსობას კი არჩევანის გაკეთება მოუწევს... ჟოზე ახლავეა ხელმისაწვდომი და "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ პორტუგალიელს ზაფხულამდე დასვენების გეგმა აურიონ და საქმეში დააბრუნონ. აი, პოჩეტინოს კი სეზონის ბოლომდე უნდა დაუცადონ, "ტოტენჰემი" შესანიშნავ სეზონს ატარებს და მინიმუმ, მის ბოლომდე არგენტინელი "უაით ჰართ ლეინიდან" ფეხს ვერ მოიცვლის. არადა, "იუნაიტედის" ფანების უკმაყოფილება და პროტესტი უკვე ფართო მასშტაბებს იღებს.

წაგება "მიდტიულანდთან", პატარა და ღარიბ დანიურ გუნდთან, რომელიც უეინ რუნის შვილად ეკუთვნის; ჩამორჩენა თანაქალაქელ "სიტისთან" 6 ქულით და ოთხეულში შესვლის რეალურად მცირე შანსი... დრო მიდის, ჟოზე კი ელოდება, ჟოზე ისვენებს, ჟოზე არ ნერვიულობს, ჟოზე არ დაიკარგება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
PAPA, აი 'იყოს ვან-ხაალი მაინც არაფერი გვეშველება' მანდ :)
Ikuna
21:12 25-02-2016
0
sportall ნაკრების მწვრთნელებზე რომ გამოკთხვა გააკეთეთ სად გავიცინოთ?
papa
12:15 25-02-2016
0

სიახლეები პოპულარული