ტრანსფერ ONLINE: გვიდოლინმა "სუონსი" უნდა გადაარჩინოს

AutoSharing Option
13:14 სტივენ ნეისმიტმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "ნორვიჩში", - იტყობინება Sky Sports-ი. "ევერტონმა" ნახევარმცველის სანაცვლოდ 8.5 მილიონი გირვანქა მიიღო.

13:19 სტეფანო სტურაროს აგენტმა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ მისი კლიენტით ბევრი კლუბია დაინტერესებული.

"ბევრ ინგლისურ კლუბს სურს სტურარო. ფასი - 17 მილიონი ევრო რეალობას შეესაბამება. იყო დაინტერესება მოურინიოს მხრიდან, მაგრამ ჟოზეს გათავისუფლების შემდეგ ყველაფერი ჩაიშალა", - განაცხადა "იუვენტუსის" ფეხბურთელის აგენტმა.

13:32 პაბლო საბალეტამ უარყო ჭორები, რომლის მიხედვითაც, ის იტალიაში გადავა სათამაშოდ.

"ჩემი კონტრაქტი "სიტისთან" კიდევ წელიწადნახევარია ძალაში. თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, სეზონის ბოლოს დავსხდებით მოსალაპარაკებლად.
შემიძლია კიდევ ორი-სამი წელი მაღალ დონეზე თამაში. "სიტიზე" ვარ კონცენტრირებული და ზაფხულამდე ასი პროცენტით აქ ვრჩები", - განუცხადა საბალეტამ Manchester Evening News-ს.

13:48 მილოშ კრასიჩი, შესაძლოა, ყაზახეთში გადავიდეს სათამაშოდ. 31 წლის სერბით იქაური ჩემპიონატის პირველი ექვსეულის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული. დღეს კრასიჩი პოლონეთის "ლეხიაში" თამაშობს.

13:53 გუს ჰიდინკს სურს, რომ 35 წლის ჯონ ტერიმ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააგრძელოს.

"ჯონმა თვალნათლივ დაგვანახვა, რომ კლუბს სჭირდება - არა "ევერტონის" კარში გოლით, არამედ თავისი განწყობით. "ჩელსის"ღირსების დაცვისას, ის ბოლომდე იხარჯება. ტერი დიდად არ შეცვლილა 2009 წლის შემდეგ. იმასაც კი ვერ ვამჩნევ, რომ მას სისწრაფე დაეკარგოს", - თქვა ჰიდინკმა The Telegraph-თან კომენტარში.

14:09 "ინტერს" ფრედი გუარინის გაყიდვა სურს, ამ ფეხბურთელზე კი დიდი მოთხოვნაა ჩინეთში. აზიელები მზად არიან, 29 წლის კოლუმბიელში დაახლოებით 18 მილიონი ევრო გადაიხადონ. გუარინის ხელფასი 8 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.

ამასთან, "ინტერმა", როგორც ჩანს, იპოვა მისი შემცვლელი. "ნერაძურის" აინტერესებს "სამპდორიას" ნახევარმცველი რობერტო სორიანო. კლუბებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ გარიგების დეტალებს საიდუმლოდ ინახავენ.

14:17 მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ბოსები არ გამორიცხავენ ამ სეზონის შემდეგ გრანიტ ჯაკას ტრანსფერზე დაყენების ვარიანტს.

"გაყიდვა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, სპორტულ წარმატებებზე, ჯაკას თამაშის დონეზე, თანხაზე..." - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე დაიწერა ჯაკას მიმართ "ბაიერნის" დაინტერესებაზე, თუმცა ამ ისტორიას გაგრძელება არ მოჰყოლია.

14:33 რობერტ ლევანდოვსკიმ კომენტარი გაუკეთა პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ჭორებს.

"ჩემთვის პატივია პარიზელთა მხრიდან ინტერესი, მაგრამ მხოლოდ "ბაიერნში" სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული", - უთხრა Telefoot-ს პოლონელმა.

14:47 "კოპენჰაგენის" წარმომადგენლებმა BBC-სთან დაადასტურეს, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ლესტერთან" 21 წლის განელი დანიელ ამარტის ტრანსფერზე.

14:56 "საუთჰემპტონი" განიხილავს გრაციანო პელეს გაყიდვის ვარიანტებს. იტალიელთან კონტრაქტი ნახევარი წლის შემდეგ იწურება, ახალი მოლაპარაკებები კი ჯერ შეჩერებულია, - წერს Daily Mail-ი. ჩარლი ოსტინის შეძენის გამო "საუთჰემპტონს" პელე დიდად აღარ სჭირდება.

15:19 პრედრაგ მიატოვიჩი "პალერმოს" ვიცე-პრეზიდენტი გახდება, - იტყობინება Sky Sport Italia. 46 წლის ჩერნოგორიელს კლუბში სრულ უფლებებს მიანიჭებენ.

15:53 ადრიან მუტუს სჯერა, რომ მას ჯერ ისევ აქვს ევრო 2016-ზე გამგზავრების შანსი. L’Equipe-ის ინფორმაციით, 37 წლის ფორვარდი რუმინულ "ტირგუში" ითამაშებს.

15:58 ემანუელ ინსუა ტოვებს "უდინეზეს" ისე, რომ ამ სეზონში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. არგენტინელი იჯარით "ნიუელს ოლდ ბოისს" მისცეს.

16:23 ჯერმენი ლენსი "სანდერლენდში" რჩება. თავიდან ამის შესახებ სემ ელერდაისმა თქვა, ახლა კი ჰოლანდიელმაც დაადასტურა.

"არასოდეს მითქვამს, რომ წასვლა მინდა. მომწონს "სანდერლენდში", - განუცხადა Sky Sports-ს ლენსმა.

16:43 "ატლეტიკო" გააქტიურებას აპირებს და ამზადებს წინადადებას დიეგო კოშტასთან დაკავშირებით. Fichajes-ი წერს, რომ ეს ზამთარი - ბოლო შანსია "ატლეტიკოსთვის", ვინმე იყიდოს დისკვალიფიკაციის ამოქმედებამდე.

16:46 "ვერდერი" მზად არის, გამოაცხადოს ორი ფეხბურთელის შეძენის შესახებ: ამერიკელი ჯორდან მორისი და უნგრელი ლასლო კლიაინჰაისლერი.

17:00 ბერტრან ტრაორე, შესაძლოა, იჯარით "ევერტონში" გაემგზავროს, - იტყობინება The Sun-ი. ლივერპულელები სრულ ხელფასს (40 ათასი ფუნტი კვირაში) გადაუხდიან "ჩელსის" ფეხბურთელს.

17:05 vesti.ru-ს ინფორმაციით, "ჩელსიმ" და "სპარტაკმა" მოილაპარაკეს ლოიკ რემის გადასვლაზე. ტრანსფერი უკვე ამ კვირას შეიძლება შედგეს, როცა ფრანგი "წითელ-თეთრებს" ხელფასზე მოელაპარაკება.

17:10 "სანდერლენდმა" თვალი დაადგა ანდრე აიუს და ამ ფეხბურთელში 10 მილიონ გირვანქას იხდის, - ეს ინფორმაცია Sky Sports-ს ეკუთვნის. "სუონსიმ" უარყო ეს წინადადება, მაგრამ მალე "სანდერლენდი" კიდევ ერთ შეთავაზებას გააკეთებს.

17:49 "ჰოფენჰაიმმა" "ლესტერიდან" იჯარით აიყვანა ანდრეი კრამარიჩი, - იტყობინება ჯანლუკა დი მარციო.

18:03 "დორტმუნდის" ნახევარმცველი იულიან ვაიგლი არ აპირებს ამჟამინდელი კლუბის დატოვებას.

"აქ განსახილველი არაფერია. ჩემი კონტრაქტი 2009 წლამდეა ძალაში", - განაცხადა 20 წლის ნახევარმცველმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ამ ფეხბურთელში 25 მილიონი ევროს გადახდა სურს "მანჩესტერ სიტის".

18:16 მთავარი სიახლე გერმანიიდან: ული ჰიონესი ციხეს დატოვებს. სასჯელი 2017 წლის ბოლომდე იყო ძალაში, მაგრამ დაკმაყოფილდა პირობითი გათავისუფლების თხოვნა და ჰიონესს თებერვალში გაუშვებენ.

18:27 "შალკეს" მცველმა სიდ კოლაშინაცმა, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. Bild-ის ინფორმაციით, ბოსნიელი მცველი "ვოლფსბურგს" სურს.

18:38 "მიდტიულანდის" მცველი ერიკ სვიატჩენკო "სელტიკში" გააგრძელებს თამაშს. შოტლანდიელებმა უკრაინელთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

18:43 "მარსელის" მცველი ალექსის რომაო ახლოს არის "სანდერლენდში" გადასვლასთან. "შავმა კატებმა" უკვე მიმართეს წინადადებით 31 წლის ფეხბურთელს და ახლა პასუხს ელოდებიან.

18:52 კამერუნის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ალენ ჟირესი, რომელიც ათი წელია აფრიკულ გუნდებთან მუშაობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი - მალი იყო.

19:24 "კრისტალ პალასმა" წინადადებით მიმართა "პორტუს" ბრაიმის თაობაზე, - იტყობინება A Bola. პასუხად ინგლისელებმა დამაჯერებელი "არა" მიიღეს - ალჟირელი ნამდვილად არ დატოვებს პორტუგალიას ამ ზამთარს.

19:29 ნიუკასლელმა პერესმა "ტოტენჰემის" ყურადღება მიიპყრო. London Evening Standard-ის ინფორმაციით, გარიგებაში, შესაძლოა, ანდროს თაუნსენდი ჩართონ.

19:44 "ზენიტი" მოლაპარაკებებს აწარმოებს ჟორჟე ჟესუსთან. რუსული კლუბის ბოსებს სურთ პორტუგალიური ან ესპანურენოვანი მწვრთნელის პოვნა, რათა მან იოლად მონახოს საერთო ენა ლეგიონერებთან.

ჟესუსის კონტრაქტი "სპორტინგთან" 2018 წლამდეა ძალაში და მასში არ არის პუნქტი - ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში კომპენსაცის გადახდაზე.

19:59 "ვოლფსბურგმა" "რეალს" უარი უთხრა რიკარდო როდრიგესის გაყიდვაზე.
"ამის შესახებ დაივიწყონ - ეს გარიგება არასოდეს შედგება", - თქვა კლაუს ალოფსმა.

20:36 ფრანჩესკო გვიდოლინი "სუონსის" მწვრთნელია. 60 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

20:44 "ვოლფსბურგის" ცენტრალური მცველი ტიმ კლოზე ჩემოდნებს ალაგებს და ინგლისში მიემგზავრება. 27 წლის შვეიცარიელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება "ნორვიჩში". ტრანსფერის თანხა 7.5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

20:50 "ჯენოას" ნახევარმცველმა როლანდო მანდრაგორმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "იუვენტუსში". 18 წლის ფეხბურთელში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს. კონტრაქტი ხუთწლიანია, თუმცა მანდრაგორი სეზონს "პესკარაში" იჯარით დაასრულებს.

20:55 Bild-ი წერს, რომ სიმონე ძაძა "იუვენტუსიდან" გერმანულ "ვოლფსბურგში" გადადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული