ლუიშ ფიგუ: იყო დრო, თავი ყველაზე დიდი მოღალატე მეგონა

AutoSharing Option
ლუიშ ფიგუს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა 43 წლისაა და დღეს, მეტწილად საქველმოქმედო საქმიანობით გახლავთ დაკავებული.

ხშირად უწევს ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩებს, თანამშრომლობს იუნისეფთან და ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. თავის დროზე, ფიგუ "ბარსელონაში" და მადრიდის "რეალში" ბრწყინავდა, კარიერის ბოლო 4 წელიწადი კი მილანის "ინტერში" გაატარა. ბუნებრივია, "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი ლუიშს მეტწილად "ნერაძურიზე" და ზოგადად, იტალიურ ფეხბურთზე ესაუბრა.

- რამდენიმე რთული წლის შემდეგ, "ინტერი" ისევ იბრძვის სკუდეტოსთვის...
- მათ გა
დალახეს სირთულეები, დახარჯეს ბევრი ფული, დაბრუნდნენ სწორ რელსებზე და სრულიად დამსახურებულად იბრძვიან სკუდეტოსთვის. "ინტერში" ყველა ენთუზიაზმით მუშაობს, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ.

- ისეთი პირი უჩანს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა "ინტერს" და "იუვენტუსს" შორის გაჩაღდება...
- როგორც ძველ, კარგ დროს და ეს შესანიშნავია. თუმცა, არც სხვა გუნდების დავიწყება შეიძლება, მათ შორის, შესანიშნავად მოასპარეზე "ნაპოლი" და არანაკლებ კარგი "ფიორენტინა" უნდა გამოვარჩიოთ. ფლორენციულ გუნდს ჩემი მეგობარი პაულო სოუზა წვრთნის და მას ძალიან ვგულშემატკივრობ.

- იფიქრებდით, რომ პაულო სოუზა ასე წარმატებით იმუშავებდა, ჟოზე მოურინიოს კი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებდნენ?
- ფეხბურთი მოულოდნელობებით არის აღსავსე და ეს ამის ნათელი მაგალითია. მოურინიომ "ჩელსი" ინგლისის ჩემპიონი გახადა და, თითქოს, კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიცია, მაგრამ მალევე პოსტის დატოვება მოუხდა. რაც შეეხება სოუზას, მისი წარმატებული მუშაობა არ გამკვირვებია, რადგან შესანიშნავი სპეციალისტია.

- როგორ გაიხსენებთ იტალიაში გატარებულ წლებს?
- ბევრი ვიმოგზაურე მსოფლიოს გარშემო, მაგრამ მილანში გატარებული წლები უდაოდ გამორჩეული იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კარიერა "ინტერში" დავასრულე და ეს განსაკუთრებულ ემოციებთან იყო დაკავშირებული. ბარსელონასა და მადრიდში მოგზაურობის შემდეგ, რაც ხშირად დიდ ვნებათაღელვასთან იყო დაკავშირებული, იტალიაში თავი უფრო მშვიდად ვიგრძენი და იქ თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. თანაც, მილანი არის ქალაქი, სადაც ორი დიდი კლუბი ბინადრობს და მათი კონკურენცია განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული.

- რომელი იტალიური მატჩი შეგიძლიათ შეადაროთ ესპანურ ელ კლასიკოს?
- ვერც ერთი, რადგან იტალიაში ორი გამოკვეთილი გუნდი არ არის. უაღრესად დაძაბულია მილანური დერბი, მაგრამ არანაკლებ პრინციპულია დიდი იტალიური დერბი, რომელიც "ინტერს" და "იუვენტუსს" შორის იმართება. ცალკე ისტორიაა რომში და ნეაპოლში ჩასვლა. იტალიაში ბევრი დიდი მატჩია და სერია A-ს ძალიან სჭირდება ძლიერი "ინტერი", ძლიერი "იუვენტუსი", ძლიერი "მილანი" და ძლიერი რომაული გუნდები.

- რა არის "ინტერის" კოზირი სკუდეტოსთვის ბრძოლაში და რით შეიძლება აჯობოს "იუვენტუსს"?
- მოტივაცია და დიდი გამარჯვებების წყურვილი. "იუვენტუსისგან" განსხვავებით, "ინტერს" დიდი ხანია სკუდეტო არ მოუგია, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. "ინტერს" აქვს სხვა კოზირებიც, თუმცა ამ თემებზე სჯობს რობერტო მანჩინიმ ისაუბროს.

- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი "ინტერის" დირექტორად მუშაობდით და რატომ დატოვეთ პოსტი?
- "ინტერს" ახალი მესვეურები ჰყავს, რომლებსაც თავისი ხედვა და მიზნები აქვთ. მინდა მათ დიდი წარმატება ვუსურვო, მე კი ჩემი გზა მაქვს. ხშირად ვმონაწილეობ საქველმოქმედო მატჩებისა და სხვადასხვა პროექტების ორგანიზებაში. ჩემი საქმე მომწონს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ისე კი, მე "ინტერის" გულშემატკივრად ვრჩები.

- სამწვრთნელო საქმიანობაზე არ გიფიქრიათ?
- მწვრთნელობაზე ყველა ფეხბურთელი ფიქრობს და გამონაკლისი არც მე ვარ. შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც მწვრთნელობის სურვილი გამიჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ეტაპი არ დამდგარა. მწვრთნელობა ურთულესი საქმეა, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და წნეხსაც უნდა გაუძლო.

- სინიშა მიხაილოვიჩი "მილანის" მწვრთნელია და ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც თქვენ "ბარსელონადან" "რეალში" გადახვედით...
- იმედი მაქვს, მიხაილოვიჩი იგივე დღეში არ ჩააგდეს, როგორც - მე. მესმის, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაინც სპორტის სახეობაა. როდესაც "რეალში" გადავედი, ისეთ წნეხში მომაქციეს, რომ ერთი ხანობა, მეც კი დავფიქრდი, რომ ყველაზე დიდი მოღალატე ვიყავი კაცობრიობის ისტორიაში. დღეს, ამაზე მხოლოდ მეცინება. მინდა მიხაილოვიჩს დიდი წარმატება ვუსურვო.

- თუმცა, ალბათ უფრო მეტად რობერტო მანჩინის წარმატება გაგახარებთ...
- კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ "ინტერს" დღემდე ვგულშემატკივრობ და შესაბამისად, ძალიან მინდა, რომ რობერტო მანჩინის გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული