ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 29 ივნისი

AutoSharing Option
13:16 El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა, რომელზეც კატალონიელებმა ვეტო დაადეს 18 ივლისამდე პოლ პოგბას სხვა კლუბში გაყიდვას. უფრო ზუსტად, "ბარსელონაში" პრეზიდენტის არჩევნებამდე.

13:23 თუმცა პოგბას შეძენა კატალონიელებისთვის ძალიან რთული იქნება: "იუვენტუსი" ნახევარმცველში არანაკლებ 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. თან კონკურენტებიც მრავლად არიან.

13:34 The Times-ი წერს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისკენ იხრება. გერმანელს მოსწონს ის მომენტი, რომ ლუი ვან გაალი მას ძირითადში მოხვედრის გარანტიას აძლევს.

13:44 სერხიო რამოსის მოლაპარაკებები "მანჩესტერ იუნაიტედთან", შესაძლოა, გართულდეს. Mirror-ის
ინფორმაციით, საქმეში ჩაერია მეზობელი "სიტი", რომელსაც ასევე უნდა "რეალის" მცველის გადაბირება.

14:22 ნათან კლაინმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "ლივერპულში". ტრანსფერის თანხამ 12,5 მილიონი გირვანქა შეადგინა.

14:32 იკერ მუნიაინმა 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი "ბილბაოსთან". ახლა ბასკის გამოსასყიდი თანხა 31,8 მილიონ გირვანქას შეადგენს.

14:45 "მანჩესტერ სიტიმ" შეიძლება იყიდოს ფაბიან დელფი სულ რაღაც 8 მილიონ ფუნტად. ინგლისელის კონტრაქტში გაწერილია პუნქტი, რომლის მიხედვით, "ასტონ ვილა" ვალდებულია, ამ თანხად გაუშვას ფეხბურთელი სხვა კლუბში, რომელიც ევროთასებზე გამოდის.

15:10 "სანდერლენდი" 2 მილიონ ფუნტად გამოისყიდის "ლივერპულიდან" სებასტიან კოატესს.

15:23 "მილანმა" მოილაპარაკა 28 წლის კარლოს ბაკას ტრანსფერზე. გარიგება "სევილიასთან" ამ კვირის ბოლოს დასრულდება და იტალიური კლუბი 30 მილიონ ევროს გადაიხდის, - წერია ESPN-ზე.

16:41 პსჟ კოსმოსურ წინადადებას ამზადებს ნეიმართან დაკავშირებით. Le Parisien-ი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის ჩემპიონი 190 მილიონ ევროს გადაუხდის "ბარსელონას".

16:53 თუმცა ეს მოხდება 2016 წლის ზაფხულში, როცა პარიზულ კლუბს დატოვებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, აგრეთვე, შეწყდება უეფას მიერ დაწესებული შეზღუდვები ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევის გამო.

17:26 "გუანჯოუ ევერგრანდმა" "ტოტენჰემიდან" აიყვანა პაულინიო. ტრანსფერის თანხამ თითქმის 10 მილიონი გირვანქა შეადგინა.

18:00 რომან ვაიდენფელერმა "დორტმუნდში" დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მიტჩელ ლანგერაკმა "ინსტაგრამში" დაადასტურა "შტუტგარტში" გადასვლა.

18:09 "სამპდორიამ" უარყო ინფორმაცია ბალოტელისა და კასანოს შესაძლო ტრანსფერების შესახებ. ინფორმაცია დაადასტურა გენუელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ ძენგამ.

18:33 Yahoo Esportes-ის ინფორმაციით, მოსკოვის "სპარტაკი" ლუკას ბარიოსის "პალმეირასში" გაშვებისთვის 2.9 მილიონ ევროს მიიღებს. ბრაზილიაში ფორვარდი თვეში 120 ათას ევროს მიიღებს.

18:36 მორჩა, პეტრ ჩეხმა კონტრაქტი გააფორმა "არსენალთან".

18:45 The Independent-ი წერს, რომ "ლივერპულს" ძალიან უნდა ბენტეკეს შეძენა, მაგრამ "ასტონ ვილა" ძალიან დიდ თანხას ითხოვს. "წითლებს" სურთ, ბელგიელის ფასი 33 მილიონამდე დააგდებინონ და თან გამოუსადეგარი ფაბიო ბორინიც შესთავაზონ ბირმინგემელებს.

18:58 კვადვო ასამოა, შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს სათამაშოდ. Football Italia ამტკიცებს, რომ განელი, რომელიც "იუვენტუსის" შემადგენლობაში ვერ ხვდება, "არსენალს" აინტერესებს.

19:19 მირალემ პიანიჩი "რომაში" ეძახის ედინ ჯეკოს. "რომა შესანიშნავი ადგილია ედინის კარიერისთვის. თუმცა ყველაფერი ჩვენს კლუბზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა პიანიჩმა.

19:23 ადრე პრესა წერდა იმის შესახებ, რომ "რომა" ჩაებმებოდა ჯეკოსთვის ბრძოლაში, თუ ლიაიჩში მინიმუმ 20 მილიონ ევროს მიიღებდა.

20:05 "რედინგმა" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ორლანდო სასთან.

20:30 "მილანმა" დაასრულა ანდრეა ბერტოლაჩის ტრანსფერი. კონტრაქტი ოთხწლიანია, "რომა" კი მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.

20:41 ლუკ კასტანიოსი მეორედ ეცდება ევროპის დაპყრობას. ამჯერად, 22 წლის ჰოლანდიელი ძალებს მოსინჯავს "აინტრახტში". ტრანსფერის თანხამ "ტვენტედან" 2.5 მილიონი დოლარი შეადგინა, - წერს Voetbal International-ი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული