ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - ევროპის ტოპ-ჩემპიონატების დებიუტანტი კლუბები

AutoSharing Option
დღევანდელ ჩვენს წერილში ახლოს გავიცნობთ იმ კლუბებს, რომლებიც ევროპის ტოპ-ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში აღზევდნენ.

სეზონის განმავლობაში ამ გუნდებს არაერთხელ შევხვდებით და უმჯობესია, ისინი ახლავე კარგად შევისწავლოთ.

ინგლისი
ბორნმუთი
რუსი მფლობელი
კლუბის პრეზიდენტი და მფლობელი მაკსიმ დემინი რუსია. 2013 წლიდან ის გუნდის აქციების 50 პროცენტს ფლობს. მან წილი კლუბის ყოფილი მფლობელის, ედი მიტჩელისაგან გამოისყიდა. მესამე დივიზიონიდან პრემიერლიგამდე გუნდმა მოკლე ხანში განვლო გზა და ეს დემინის ფულების დამსახურებაცაა.

საუკეთესო მწვრთნელი
ედი ჰოუ ინგლისში წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მან თვით ჟოზე მოურინიოს გაუსწრო. პორტუგალიელი პრემიერლიგის
მასშტაბით გახდა გამორჩეული. მან 31 წლისამ ჩაიბარა "ბორნმუთი" და ახლა ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება.

ტრანსფერები
პრემიერლიგაში გადმოსვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ არაერთი ტრანსფერი განახორციელა. გუნდში ითამაშებენ არტურ ბორუცი, კრისტიან ატსუ და ჯოშუა კინგი.

უოტფორდი
ელტონ ჯონი და გრემ ტეილორი - საპატიო პრეზიდენტები
ცნობილი მომღერალი კლუბის მფლობელი იყო, მაგრამ მერე გუნდი პოცოების ოჯახს მიჰყიდა. 2008 წლამდე ელტონ ჯონი კლუბის პრეზიდენტი იყო, ახლა კი საპატიო პრეზიდენტია. ამავე პოსტზეა ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, გრემ ტეილორი.

ახალი მეკარე
გიედრიუს არლაუსკისი "რუბინის" ძირითადი მეკარე ვერ გახდა, მაგრამ ახლა მას პრემიერლიგაში დამკვიდრების მშვენიერი შანსი აქვს.

ახალი მწვრთნელი - კიკე ფლორესი
ამ მწვრთნელს საზოგადოება "ხეტაფედან", "ვალენსიადან", "ატლეტიკოდან" და "ბენფიკადან" იცნობს. ესპანელი დამრიგებლები ინგლისში მოდიდან არ გადადიან.

Sportall.Ge
ფოტოზე: "უოტფორდის" საპატიო პრეზიდენტი ელტონ ჯონი

ნორვიჩი
ცნობილი გულშემატკივარი
ამ კლუბის ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია მსახიობი, შოუმენი და მწერალი სტივენ ფრაია. ის "ნორვიჩის" არც ერთ საშინაო შეხვედრას არ აცდენს. მან კლუბთან ერთად გადაიტანა დიდი სიხარული და დიდი იმედგაცრუებაც.

ვარსკვლავი
ნათან რედმონდი "ნორვიჩის" ყველაზე კლასიანი ფეხბურთელია. ახლა ის 20 წლისაა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყეს მის შესახებ საუბარი, როცა "ნორვიჩი" პრემიერლიგაში თამაშობდა. ის დარჩა გუნდში და მას უძლიერესთა რიგებში დაბრუნებაში დაეხმარა.

მწვრთნელი
ალექს ონილი კიდევ ერთი პერსპექტიული მწვრთნელია. შოტლანდიაში დაბადებულმა სპეციალისტმა "ნორვიჩი" 33 წლის ასაკში ჩაიბარა.

გერმანია
ინგოლშტადტი
ჯერაც ბავშვი
კლუბი ჯერ მხოლოდ 11 წლისაა. ის 2003 წელს დაარსდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორი უსახელო გუნდი შეერთდა. კლუბს სერიოზული პატრონი ჰყავს "აუდის" სახით.
ასისტენტი

გუნდის მთავარი მწვრთნელი, რალფ ჰაზენტუჰლი გერმანულ ფეხბურთში ახალი კაცია. სამაგიეროდ, თითქმის ლეგენდაა მისი თანაშემწე, მიხაელ ჰენკე. ის ოტმარ ჰიტცფელდის ასისტენტი იყო და მასთან ერთად მოიგო გერმანიის 7 ჩემპიონატი, სამი თასი და ჩემპიონთა ლიგის ორი გათამაშება. ასეთი ასისტენტი ყველას როდი ჰყავს.

გიგანტი
მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი პასკალ გროსი გახდა. 7 გოლი და22 საგოლე პასი - ასეთია 23 წლის შემტევის მონაგარი. "ინგოლშტადტმა" 53 გოლი გაიტანა და29 მათგანში გროსს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.

დარმშტადტი
ბიუჯეტი - 5 მილიონი
გუნდის მთელი ბიუჯეტი 5 მილიონია. "დარმშტადტის" წარმატების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ აქ ერთი დიდი ოჯახია.

ცრუმორწმუნე
"დარმშტადტის" ქარიზმატული ფორვარდი ზაილერი მთელი სეზონის განმავლობაში არ იპარსავდა წვერს. ბოლოს მისი წვერი ისეთი იყო, რომ ფრიდრიხ ენგელსსაც კი შეშურდებოდა. მთავარია, რომ მიზანი შესრულდა და გუნდი ბუნდესლიგაში გადავიდა.

სიურპრიზების მოყვარულები
"დარმშტადტი" ბოლო სამოყვარულო გუნდია, რომელიც გერმანულ ბუნდესლიგაში თამაშობდა. ეს იყო 70-იან წლებში. ხელფასითა და ბევრი სხვა კრიტერიუმით გუნდი ახლაც სამოყვარულოს წააგავს.

ესპანეთი
ბეტისი
ფორვარდებით მოამაყე
"ბეტისს" თავისუფლად შეუძლია იამაყოს ორი გამორჩეული ფორვარდით. ესენი არიან რუბენ კასტრო და ხორხე მოლინა. ამ წყვილმა სეგუნდადივიზიონში 52 გოლი შეაგდო. როცა "ბეტისი" რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდა, ორივეს შეეძლო წასვლა, მაგრამ სევილიური გუნდის ერთგულები დარჩნენ.

მეკარე ადანი
მეკარე ანტონიო ადანი მცირე ხნის განმავლობაში თვით ჟოზე მოურინიოს საყვარელი გოლკიპერი იყო. "რეალში" დამკვიდრება არ გამოვიდა, თუმცა ყველამ იცის, რომ ადანი კარგი მეკარეა. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

პეპე მელი დაამტკიცებს
პეპე მელმა "ბეტისი" ევროპალიგაზე გაიყვანა. მეორე წელს კი ის დაითხოვეს. როგორც გაირკვა, იჩქარეს. ინგლისში მუშაობის შემდეგ, მელი ისევ დაბრუნდა "ბეტისში" და გუნდი პრიმერაში აღაზევა.

Sportall.Ge
ფოტოზე: "ბეტისის" ფეხბურთელებმა პეპ მელი ჰაერში ისროლეს
ხიხონის სპორტინგი
ყველაზე რუსული გუნდი
საინტერესოა, რომ ამ გუნდში არაერთ რუს ფეხბურთელს უთამაშია. 90-იან წლებში ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ ჩერიშევი, ლედიახოვი, ნიკიფოროვი, ულიანოვი...

კიდევ ერთი მწვრთნელი ბარსელონადან
თუ "ბარსელონაში" თამაშობ, წარმატებული მწვრთნელი ხდები. მცველი აბელარდო კრუიფის "ბარსას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. მან "სპორტინგში" ყველა სამწვრთნელო საფეხური გაიარა, 2014 წელს კი ძირითადი გუნდი ჩაიბარა.

კარლოს კასტრო - მთავარი ტალანტი
20 წლის ფორვარდს დავიდ ვილიას მემკვიდრეს უწოდებენ. ვილა 1999-2003 წლებში თამაშობდა ხიხონურ კლუბში.
ესპანური პრიმერას მესამე ახალ ბინადარს პლეიოფი გამოარკვევს.

იტალია
კარპი
ბანკროტი 2000 წელს
ბევრი ამ წელს სამყაროს დასასრულს ელოდა. "კარპისათვის" ეს დღე მართლაც დადგა. კლუბი ბანკროტად გამოცხადაა და არსებობა შეწყვიტა. თანამედროვე გუნდი 2013 წელს მოხვდა სერია B-ში. კლუბის სახელფასო ფონდი მხოლოდ 2,5 მილიონი ევროა. ტრანსფერებისათვის ოდენ 100 ათასი დაიხარჯა. "კარპის" საშინაო ასპარეზი მხოლოდ 4 000 ქომაგს იტევს. სასწაულია - ასეთმა კლუბმა იტალიის რანგით მეორე დივიზიონი მოიგო.

ლოტიტოს ჯიბრზე
"კარპის" გულშემატკივრებს შორის ყველაზე "პოპულარული" პიროვნება "ლაციოს" პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო. პრესაში გავრცელდა ლოტიტოს საუბრის სატელეფენო ჩანაწერი, სადაც ის "კარპის" შესაძლო გასდმოსვლას უძლიერესთა შორის "ეკონომიკური კატასტროფა" უწოდა. ეს კატასტროფა რეალური გახდა, ლოტიტო კი ფანების უწმაწური სიმღერების ადრესატი.

მწვრთნელი
ფაბრიციო კასტორი გუნდის წარმატებების მთავარი შემომქმედია. დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლისთან ერთად, მან უდიდესი მოცულობის სამუშაო გასწია. ჯუნტოლი "ნაპოლიმ" მიიწვია. რაც შეეხება მწვრთნელს, კასტორი 60 წლამდე იტალიის ქვედა ლიგებში მუშაობდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: "კარპი" ზეიმობს, თუმცა სერია A-ში ამ სტადიონზე ვერ ითამაშებს
ფროზინონე
პირველად
გუნდის მთელი ისტორიის განმავლობაში "ფროზინონეს" იტალიის უმაღლეს ლიგაში არასოდეს უთამაშია. გუნდი ბანკროტიც იყო და ქვედა დივიზიონებშც იარა, 2006 წელს კი სერია B-ში დამკვიდრდა.

სკანდალი
ამ სეზონში "ფროზინონემ" მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელსაც ახლა იტალიის პროკურატურა იძიებს. 31-ე ტურში, "ვირტუსთან" მატჩის შემდეგ სტადიონზე ნახეს უცნაური ჩანაწერი. ეს იყო ბარათი, რომელსაც მეოთხე მსაჯს აწვდიან ცვლილების განხორციელების დროს. ამ ბარათის უკანა მხარეს ეწერა: "ჩვენ დღეს პენალტიდან გავიტანთ." მართლაც, "ვირტუსი" წაგებას თერთმეტმეტრიანის წყალობით გადაურჩა.

ბოლონია
კომუნისტი
იყო დრო, ამ ტრადიციულ კლუბს მგზნებარე კომუნისტი, იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი, რენცო ულივიერი წვრთნიდა.

კანადელი მეპატრონე
ბევრ გუნდს როდი ჰყავს კანადელი მფლობელი. 2014 წელს კლუბი ჯოი საპუტომ იყიდა. საპუტო MLS-ში მოთამაშე "მონრეალის" მფლობელიცაა, რომლის ღირსებას ექსბოლონიელი მარკო დი ვაიო იცავს.

დელიო როსი
"ბოლონიას" ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს - დელიო როსი. მან სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა გუნდი და უძლიერესთა შორის ასპარეზობის პატივი არგუნა. აქამდე დელიო როსიმ არაერთ იტალიურ კლუბში იმუშავა. მან ქვეყნის თასი მოიგო "ლაციოსთან" ერთად 2009 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ევროპის ტოპ-ჩემპიონატების დებიუტანტი კლუბები.. ნორვიჩი, ბოლონია, ბეტისი, ხიხონის სპორტინგი დებიუტანტები არინა ხომ? :D ბეტის ჩემპიონთა ლიგაზეც კი აქვს ნათამაშები :დ
giorgi
19:00 21-06-2015
0
კარპი მაგარია
gika
12:43 20-06-2015
0

სიახლეები პოპულარული