დრიბლინგი: ალვარომ, აქ ვარო... [VIDEO]

AutoSharing Option
იტალია
"ინტერის" საწყალი ტიფოზი
იყო დრო, როცა ანდრეა რანოკიას იტალიაში მომავალ ნესტას უწოდებდნენ. თუმცა მას მერე წლები გავიდა და იტალიაში ყველა დარწმუნდა, რომ რანოკია მხოლოდ და მხოლოდ საშუალო დონის მცველია.

თუმცაღა, საშუალო დონის მცველობა მილანის "ინტერში" უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და უფრო მეტიც: ამ სეზონში რანოკია "ინტერის" კაპიტანია.

გასული შაბათის შემდეგ ანდრეამ (მეტსახელად "მინდა ვიყო ნესტა") ახალი მეტსახელი მიიღო: "მინდა ვიყო ფილოსოფოსი". ეს იმიტომ, რომ უიმედო აუტსაიდერ "პარმასთან" საშინაო მატჩის წინ "თვითერზე" ასეთი რამ დაწერა: "დავიწყოთ იმით, რაც
საჭიროა, რათა მივიღოთ ის, რაც შესაძლებელია, მაგრამ მოულოდნელად ჩვენგან შეუძლებელს ითხოვენ."

Sportall.Ge"პარმასთან" "ინტერმა" ის მინიმუმიც ვერ შეძლო, რასაც უიმედო და უხელფასო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული "პარმას" დამარცხება უნდა ერქვას. შეხვედრა 1:1 დასრულდა და მატჩის შემდეგ "ინტერის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ამ თამაშს საზარელი მატჩი უწოდა.

ამ ყველაფრის პარალელურად, საფეხბურთო იტალიას თავი შეახსენა პატარა ფილიპომ, რომელიც საფეხბურთო საზოგადოებამ და "დრიბლინგის" მკითხველებმა ჯერ კიდევ 2012 წელს გაიცანით.

ერთგულ მკითხველებს გეხსომებათ ის ტრანსფარანტი, რომელიც ამ ბავშვმა 2012 წელს, "ბოლონიასთან" 0:3-ის დროს გადმოფინა: "იქნებ მოიგოთ, თორემ სკოლაში უკვე მაგრად დამცინიან!"

შაბათს, "პარმასთან" შეხვედრისას ფილიპომ ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი გადმოფინა:

"სკოლაში კიდევ ექვსი წელი უნდა ვიარო და უკვე აღარ ვიცი, როგორ დაგიცვათ თქვენ და როგორ დავიცვა საკუთარი თავი!!!"

ალბათ, უმჯობესია, რომ ეს კითხვა კაპიტან რანოკიას დაუსვას, რომელიც ალბათ, ან სკოლის გამოცვლას ურჩევს, ანაც საყვარელი გუნდის...

ტიპური იტალიური დაპირისპირება
"რომამ" "ნაპოლის" 1:0 რომ მოუგო, "ჯალოროსისთვის" ეს პირველი საშინაო გამარჯვება გახლდათ 30 ნოემბრის შემდეგ. "რომას" ტიფოზებმა ეს წარმატება და უშუალო კონკურენტის დამარცხება, ცოტა არ იყოს, მიუღებელი შეძახილებითა და ტრანსფარანტებით იზეიმეს.

"სამწუხაროა, როცა ადამიანი ხეირის ნახვას მეორე ადამიანის სიკვდილითა და დაკრძალვით ცდილობს!" - ეწერა 15 მეტრზე გადაჭიმულ პლაკატზე.

"რომას" ფანები "ნაპოლის" ფანის, ჩირო ესპოზიტოს დედას გულისხმობდნენ. ჩირო შარშან, მაისში, სათასო დუელის შემდეგ დაიღუპა - მას ერთ-ერთმა რომანისტამ ესროლა, რის შემდეგაც 2 თვე კომაში იყო, მერე კი გარდაიცვალა. დედამისმა ანტონელა ლეარდიმ კი დაიწყო ბრძოლა ფეხბურთში ძალადობის წინააღმდეგ, მისცა უამრავი ინტერვიუ და გამოსცა წიგნი სათაურით "ჩირო ცოცხალია". მიღებული შემოსავალი კი მთლიანად ორ საავადმყოფოს გადაურიცხა.

"ლეარდი, ენა გააჩუმე!" - იუწყებოდა ამჯერად მეორე ტრანსფარანტი "ოლიმპიკოს" ტრიბუნებიდან...

ტურინული ოცნება
"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მცირე სენსაცია იქნებოდა, თუმცა "იუვეს" ბერლინამდე ჯერ ორი სერიოზული ნაბიჯი აშორებს - მეოთხედფინალი და ნახევარფინალი.

"ბებერი ქალბატონის" ყოფილ დამრიგებელ ანტონიო კონტეს რომ ჰკითხოთ, "იუვეს" ფინალში გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია: "პრესტიჟულ რესტორანში არავინ შედის, როცა ჯიბეში მხოლოდ ათი ევრო უდევს!" - თქვა კონტემ.

ტურინელთა ამჟამინდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი კი შედარებით ოპტიმისტია და აცხადებს, მართალია, 10 ევროდ პრესტიჟულ რესტორანში საჭმელს ვერ შეუკვეთავ, მაგრამ დაჯდომით კი დაჯდებიო.

ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელების დისკუსიას "იუვეს" ახალგაზრდა თავდამსხმელი, 22 წლის ალვარო მორატა გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"სიამოვნებით გადავიხდი ერთ მილიონ ევროს იმაში, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს და თუ ლიგას მოვიგებთ, ერთი წელი უხელფასოდაც ვითამაშებ!"

ტურინში მორატას ამ დაპირებას დაუხსომებენ...

ინგლისი
სიმღერა ფანზე
ინგლისელები მხიარული ხალხია. როცა საფეხბურთო მატჩი საინტერესო აღარ არის და მისი ბედი გადაწყვეტილია, ინგლისელი გულშემატკივრები თავს მოწყენის უფლებას არ აძლევენ და ხშირად პოულობენ მხიარულების ახალ საბაბს.

გასულ პარასკევს, "ბრედფორდისა" და "დონკასტერის" მატჩში უკვე 3:0 იყო და "ბრედფორდის" ფანებიც გულმოდგინედ მღეროდნენ თავიანთ სიმღერებს, მაგრამ მერე ესეც მობეზრდათ და სრულიად ახალი, სპონტანური სიმღერა წამოიწყეს:

"ის ნამცხვარს ჭამს! ის ნამცხვარს ჭამს!" - ამღერდა უცებ ტრიბუნა და ყველანი ტაშს უკრავდნენ ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელიც მართლაც ინგლისურ ნამცხვარს მიირთმევდა. ამ ამბავში, რა თქმა უნდა, ის ფანიც ჩაერთო და სიმღერ-სიმღერით ყველას უჩვენებდა თავის ნამცხვარს.

თუმცა გავიდა რამდენიმე წუთი და ფანებს ესეც მობეზრდათ. ამიტომაც სიმღერა ახალი ინტერპრეტაციით შეუბერეს:

"ნუთუ სოუსის გარეშე ჭამს? ნუთუ სოუსის გარეშე ჭამს?" იმ ფანს სოუსი მართლაც არ ჰქონდა, მაგრამ სასწრაფოდ ვიღაცამ უყიდა და გადააწოდეს, რის შემდეგაც სიმღერის ახალი ტალღა დაიწყო: "უკვე სოუსით ჭამს! უკვე სოუსით ჭამს!"
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
...და მხიარულობდნენ ინგლისელები.

ხრისტო და ლუი
ლუი ვან გაალი კეთილი ბიძია რომ არ არის, ეს ყველამ იცის. ჰოლანდიელი სპეციალისტი ყველაზე მეტად ჟურნალისტებს არ უყვართ, თუმცა ზოგიერთ ფეხბურთელსაც არ ეხატება გულზე.

Sportall.Geმაგალითად, ლეგენდარულ ბულგარელ ხრისტო სტოიჩკოვს, რომელმაც გასულ კვირაში ესპანელებს მისცა ინტერვიუ და ასეთები ილაპარაკა:

"ჩემთვის ლუი ვან გაალი ერთი დორბლია. მას ოდნავადაც არ ვცემ პატივს. ერთხელ მან ჩემს ცოლს ჰკითხა, რატომ გაჰყევი ცოლად ისეთ ცუდ ადამიანს, როგორიც ხრისტოაო..."

აღსანიშნავია ისიც, რომ სტოიჩკოვის ცოლს უთქვამს, იმიტომ გავყევი, რომ "ოქროს ბურთი" აქვს მოგებულიო.

მართალია, საკუთარი ცოლისგან ასეთი პასუხის მოსმენა კარგი ამბავი ვერ არის, მაგრამ არც ვან გაალის საქციელია მთლად გამართლებული...

ესპანეთი
რეალური რეკორდები
"რეალის" მიერ "გრანადას" გაცამტვერების ამბავი, ცხადია, იცით. რა თქმა უნდა, არც ის გამოგეპარებოდათ, რომ კრიშტიანო რონალდომ ხუთი გოლი გაიტანა და ლიონელ მესი უკან ჩამოიტოვა. შესაბამისად, განახლდა სტატისტიკები და რეკორდებიც.

ჰოდა, ერთი ჩაისუნთქეთ და წავიდა: რონალდოს ჰეთ-თრიკი რვა წუთში იყო ყველაზე სწრაფი პეპილოს მიერ 1960 წელს შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ. ამასთან, პორტუგალიელმა დი სტეფანოს უძველესი რეკორდიც მოინელა: 28 ჰეთ-თრიკი ლა ლიგაში. და, რა თქმა უნდა, პირველი "რეპოკერიც" შეასრულა - ხუთი გოლი ერთ თამაშში.

ამრიგად, კრიშტიანო ისეთ სიაში ჩაწერა, როგორიცაა: მარტინესი (1960), პუშკაში (1961), კრანკლი (1979), ბებეტო (1995), მორიენტესი (2002). ამ ლეგენდარული ბიჭებიდან ყველამ შეძლო ერთ თამაშში ხუთი გოლის პენალტის გარეშე გატანა.

აქვე, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "რეალი" ლა ლიგაში პირველი გუნდია 1979 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა.

საკითხავი, აი, ეს არის
იტალიელებს კარლო ანჩელოტი ძალიან უყვართ და დღენიადაგ ოცნებობენ იმაზე, რომ კარლიტო იტალიაში დაბრუნდეს და ან ისევ "მილანი" ჩაიბაროს, ანაც იტალიის ნაკრები. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ანჩელოტი ბოლო დროის ყველაზე წარმატებული იტალიელი მწვრთნელია.

ჰოდა, ამ დღეებში ერთ ჩვენს იტალიელ კოლეგას ანჩელოტისთვის მორიგი ინტერვიუს ჩამორთმევის საშუალება მიეცა და როცა საფეხბურთო კითხვები გამოელია, კარლიტოს ასეთი კითხვა დაუსვა: "კრიშტიანო რონალდო შხაპის ქვეშ გინახავთ?"

ანჩელოტი დაიბნა, რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა, კორესპონდენტს ალმაცერად შეხედა და უპასუხა: "საშხაპეში რონალდოს თვალთვალი არ მჭირდება - საკმარისია, ვიცოდე, რა შეუძლია, როგორც ფეხბურთელს".

ალბათ, ლეგიტიმურია ჩვენი მხრიდან ამ კითხვის დასმა: რა ჯანდაბად აინტერესებდა იმ ჟურნალისტს ეს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ტურინში მორატას ამ დაპირებას დაუხსომებენ..." დაუხსომებენ - გერმანიიის რომელი კუთხიდან ხართ წარმოშობით, გოტფრიდ?:)
ბატონი ბლუმენტალი
23:32 08-04-2015
0
ასე გააგრძელეთ :)ინგლისელებზე ძაან მაგარი იყო :) ვიდეოც :)
del piero 10
21:08 08-04-2015
0

სიახლეები პოპულარული