კვირა ციფრებში: განადგურება დერბიში და ინგლისური დანახარჯები

AutoSharing Option
დღევანდელ მიმოხილვაში, მერსისაიდული დერბის და "ლივერპულის" ფორვარდების შესანიშნავი თამაშის გარდა, მადრიდული გუნდების განსხვავებულ ბედსა და ინგლისური კლუბის დანახარჯებზე ვისაუბრებთ...

32 - წელი და 80 თამაში იყო გასული მას შემდეგ, რაც "ლივერპულმა" "ევერტონს" სამზე მეტბურთიანი სხვაობით ბოლოს სძლია. ეს სერია სამშაბათს დასრულდა, როდესაც "წითლებმა" მერსისაიდულ დერბიში 4:0 იმარჯვეს.

იან რაშის შესანიშნავი თამაშის და გლენ კილის პირველ ტაიმში გაძევების გამო "ლივერპულმა" 1982 წლის ნოემბერში მეტოქეს 5:0 მოუგო. სამშაბათს "ენფილდის" ბინადართა გამარჯვების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე ფეხბურთელის გაძევება, არამედ შემტევი დუეტი გახლდათ. ლუის
სუარესმა ანგარიში სტივენ ჯერარდს გაახსნევინა, მოგვიანებით კი თავადაც გაიტანა და ახლა ურუგვაელს 18 შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი - ზუსტად იმდენი, რამდენიც მან შარშან, 33 შეხვედრაში გაიტანა.

"სტივი ჯის" და "სუას" გოლებს შორის კი დუბლი დანიელ სტარიჯმა შეასრულა, რომლის ანგარიშზეც ამ სეზონში უკვე 13 გოლია, რაც "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსის" ყოფილი ფორვარდისთვის პირადი რეკორდია.

მიმდინარე სეზონში სტარიჯს გოლი ყოველ 90 წუთში ერთხელ გააქვს, რაც ლიგის მასშტაბით მესამე მაჩვენებელია. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სერხიო აგუეროს (81,9 წუთი) და სუარესს (73,5 წუთი) აქვთ.

ბრენდან როჯერსის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდა. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" მატჩების პირველ ტაიმებში იმაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (37), ვიდრე "ევერტონს" მთლიანობაში (35). ასევე, შეგახსენებთ, რომ ნოემბერში გამართული დერბი ფრედ, 3:3 დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ "ლივერპულმა" ერთ სეზონში "ევერტონის" კარში 7 გოლის გატანა 1947/48 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეძლო.

18 - ტური ელოდა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველ გამარჯვებას "ნიურნბერგი", რომელმაც 2013 წელს გამართული 17 მატჩიდან 6 წააგო და 11 ფრედ დაასრულა. შედეგად, "დერ კლუბი" გახდა პირველი გუნდი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველ წრეში ერთი გამარჯვებაც კი ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, 2014 წელი ფრანკებმა შესანიშნავად დაიწყეს და საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმი" გაანადგურეს - 4:0. დუბლი 21 წლის შვეიცარიელმა ფორვარდმა იოსიპ დრმიჩმა შეასრულა და გერტიან ვერბეეკს "ნიურნბერგის" მწვრთნელის პოსტზე პირველი გამარჯვება მოუტანა.

ვერბეეკი კლუბის ისტორიაში მაინც შევიდა: ის გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც სადებიუტო გამარჯვებას მთელი 9 მატჩი ელოდა.

ამ გამარჯვების წყალობით, "ნიურნბერგმა" ორი ქულით გაასწრო ბოლო ადგილზე მყოფ ბრაუნშვაიგის "აინტრახტს", რომლის ანგარიშზეც სულ 10 გოლია.

ბუნდესლიგის ისტორიაში, 18 ტურის შემდეგ ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა: 1965/66 წლების სეზონში ისტორიაში ყველაზე სუსტმა გუნდმა, ბერლინის "ტასმანიამ" 18 ტურში რვა გოლი გაიტანა, 1970/71 წლების სეზონში კი ფრანკფურტის "აინტრახტმა" ერთით მეტი, ცხრა გოლი შეაგდო.

11-მა კლუბმა მოახერხა საკუთარი სატრანსფერო რეკორდის გაუმჯობესება პრემიერლიგის წინა სეზონის დასრულების შემდეგ. ამ სიას ბოლოს "ჰალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეუერთდნენ, რომლებმაც, შესაბამისად, ნიკიცა იელავიჩი და ხუან მატა შეიძინეს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სარეკორდო შენაძენები კი გახდნენ: მესუთ იოზილი (არსენალი), გარი მედელი (კარდიფი), დუაიტ გეილი (კრისტალ პალასი), რიკი ვან ვოლფსვინკელი (ნორვიჩი), პაბლო დანიელ ოსვალდო (საუთჰემპტონი), ვილფრიდ ბონი (სუონსი), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი), სტეფან სესენიონი (ვესტ ბრომვიჩი) და ენდი ქეროლი (ვესტ ჰემი).

"წითელმა ეშმაკებმა" მატას სანაცვლოდ "ჩელსის" 37,1 მილიონი გირვანქა გადაუხადეს, რის გამოც ესპანელი პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების სიაში სერხიო აგუეროს (38 მილიონი), მესუთ იოზილის (42,5 მილიონი) და ფერნანდო ტორესის (50 მილიონი) შემდეგ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

6 - საშინაო მარცხი განიცადა ზედიზედ "რაიო ვალეკანომ", რის გამოც მადრიდული კლუბი მე-17 ადგილზე მყოფ "ელჩეს" უკვე 5 ქულით ჩამორჩა. ამ პერიოდში "ფუტკრებმა" 21 გოლი (3,5 საშუალოდ) გაუშვეს. "რაიოს" საშინაო არენაზე ბოლო გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო" გახდა, რომელმაც მეტოქეს 4:2 სძლია. მიუხედავად ოთხი გოლისა, თავი არ გამოუჩენია "ვალეკანოს" ყოფილ ფორვარდ დიეგო კოშტას, ვინც ჩემპიონატის პირველ 17 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. ბრაზილიელ-ესპანელის უგოლო სერია უკვე 373 წუთია გრძელდება.

კოშტას ამ მშრალი სერიის დროს ბომბარდირთა დავის პირველ პოზიციაზე კრიშტიანო რონალდომ გადაინაცვლა, ვინც "გრანადასაც" გაუტანა, "რეალმა" კი 2:0 მოიგო. "სამეფო კლუბმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში იმარჯვა, გოლი კი "რეალს" უკვე 748 წუთია არ გაუშვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული