კონფედერაციათა თასი 2017. A ჯგუფი: RUSSIANS GO HOME! [VIDEO]

AutoSharing Option
მრავალმილიონიანმა ინვესტიციებმა ფეხბურთში, მსოფლიოს ჩემპიონატის მეტად საეჭვო ვითარებაში დაბევებამ, დიდმა აჟიოტაჟმა მედიაში შედეგი ვერ გამოიღო - რუსეთი საფეხბურთო ქვეყანა ვერ გახდა.

შაბათს მექსიკამ ყაზანში ფარ-ხმალი დააყრევინა მასპინძელთა გუნდს (1:2), რომელიც კონფედერაციათა თასის ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდის მიზანი ბოლო ტურში მექსიკაზე გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლა იყო. ფრე სტუმრებს აწყობდათ და თავიდან სწორედ ისე წარიმართა თამაში - მექსიკის ნაკრები ბურთს მეტად ფლობდა, მაგრამ სახიფათოს მხოლოდ რუსეთის ნაკრები ქმნიდა მეტოქის კართან.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ
ტურნირს სხვა ნებისმიერისგან გამოარჩევს ვიდეორეფერის სისტემის შემოღება. ეს სისტემა მსაჯზე არანაკლებ ერევა თამაშში, თუმცა ხანდახან ძნელი სათქმელია, სამართალმა პური ჭამა თუ წამები ტყუილუბრალოდ დაიხარჯა და სათამაშო ტონუსიც განელდა.

ასე მაგალითად, რუსები პირველი ტაიმის დასაწყისში ორჯერ ითხოვდნენ პენალტს, ორჯერვე მათი მოთხოვნა საფუძვლიანი ჩანდა. პირველი ეპიზოდი ვიდეორეფერის არ განუხილავს, მეორე განიხილა, მაგრამ პენალტი არ დანიშნა. ვიდეორეფერი მეორე ტაიმშიც ჩაერთო თამაშში, როცა სავსებით სამართლიანად გააუქმა მექსიკელთა მესამე გოლი.

ალბათ, დედამიწის ზურგზე ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც საფეხბურთო სამართლიანობის წინააღმდეგია, მაგრამ ვიდეორეფერის გადაწყვეტილებები კამათის თემა აღარ უნდა იყოს, თორემ რა გამოდის, საეჭვო გადაწყვეტილებებს მსაჯიც იღებს და თან, თამაშის ტემპი მაინც არ ზარალდება. იმედია, ეს ყველაფერი უფრო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი კომუნიკაციისა (მსაჯსა და სისტემას შორის) და ტესტირების რეჟიმის ბრალია, თორემ მუნდიალზე ეს სისტემა პრობლემებს შექმნის...

რუსეთის ნაკრები უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ, როგორც კი ანგარიში მექსიკელთათვის არადამაკმაყოფილებელი გახდა, სულ სხვა თამაში წარიმართა და 30-ე წუთზე ექტორ ერერამ საჯარიმოში ნესტორ არაუხო მოძებნა, რომელმაც, ალბათ, თავად არ იცის, როგორ გაიტანა თავით ასეთი საოცარი ტრაექტორიით. იგორ აკინფეევი სტატიკურ პოზაში, პირღია შეჰყურებდა ბურთს, რომელმაც რუსთა კარის ბადე შეარხია.

მეორე ტაიმი მასპინძელთათვის კატასტროფულად დაიწყო, მე-7 წუთზე აკინფეევმა ენით აუწერელი შეცდომა დაუშვა და ირვინგ ლოსანოს გამარჯვების გოლის გატანა არ გასჭირვებია. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი გოლი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვლილა და ინტრიგა 68-ე წუთამდე გაიწელა (როცა რუსეთი 10 კაცის ამარა დარჩა).

რა შეიძლება ითქვას რუსეთის ნაკრებზე და რას უნდა ველოდოთ მისგან გაისად მუნდიალზე? მან ჩვენზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, რუსეთი სულ რამდენიმე წუთით თამაშობს კარგად, მაგრამ ძალები ბოლომდე არ ჰყოფნის, მისი კარგად რეკლამირებული ვარსკვლავები კი სინამდვილეში საშუალო გაქანების ფეხბურთელები არიან. ყველაზე მაღალი კლასის ისევ ვეტერანი იური ჟირკოვი იყო, რომელმაც ბოლოს გუნდი წითელი ბარათის მიღებით დააღალატა. ახლა ძნელია დასკვნების გაკეთება, მაგრამ ამაზე მეტს გუნდისგან მუნდიალზე არ უნდა ველოდოთ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ირვინგ ლოსანო დასახელდა.

ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკა): "ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან რუსეთის ნაკრები ნამდვილი მებრძოლია. მეტოქეს აუცილებლად უნდა მოეგო, მას დასაკარგავი არაფერი ჰქონდა. ჩვენ სწორი მიმართულებით ვაშენებთ გუნდს და შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან თანასწორად თამაში. ვფიქრობ, მექსიკური ფეხბურთისთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ბოლო პასს უკეთ რომ გავფრთხილებოდით, უკეთესი ანგარიშით მოვიგებდით.

2:1 გვაწყობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიჭები ადრენალინის მოზღვავებას განიცდიდნენ და მესამე გოლის გატანა სურდათ. საერთო ჯამში, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ყოველ თამაშში იმაზე ადრე ვუშვებდით გოლს, ვიდრე ამას მეტოქე იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება. თუმცა გუნდი ყოველ ჯერზე იბრძვის ბოლომდე. ავიღოთ თუნდაც ლოსანოს გოლი, ირვინგი ფაქტობრივად, საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებდა, როცა ასეთ დუელში შედიოდა. კარგია, თუ ყოველ თამაშში სხვადასხვა სცენარს მივეჩვევით. დღეს, მეტოქის გარდა, ჩვენ 40 ათასი გულშემატკივარი გვებრძოდა".

სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი): "შეცდომები ყველას მოსდის, ამას ვერ გავექცევით. იმედი მაქვს, რომ აკინფეევი კიდევ დიდხანს ითამაშებს ნაკრებში. საინტერესო მატჩი გამოვიდა. ჩვენ მოგება გვინდოდა, თუმცა 1:1-ის შემდეგ არ გვქონდა სათანადო რეაქცია. ასეთ სიტუაციაში მეტის მიღწევა ვერ შევძელით. გადავდგები? საიდან გაქვთ ასეთი ინფორმაცია? სიამოვნებით ვიმუშავებ ნაკრებში ამის შემდეგაც. შევეცდებით, საკონტროლო მატჩები ტოპ-გუნდებთან დავგეგმოთ, რომ მუნდიალისთვის უკეთ მომზადებულები ვიყოთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
პარალელულ თამაშში ევროპის ჩემპიონი პორტუგალია აუტსაიდერ ახალ ზელანდიას ეთამაშებოდა და ნელ-ნელა, მეთოდურად მიაღწია იოლ გამარჯვებას - 4:0. ანგარიში კრიშტიანო რონალდომ გახსნა პენალტის ნიშნულიდან და ის 2017 წლის ბომბარდირი გახდა 33 გოლით (სანაკრებო და საკლუბო მატჩებში). პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესის გაასწრო, რომელიც წინა დღეს 30 წლის გახდა. რონალდომ 75 გოლი გაიტანა პორტუგალიის ნაკრების მაისურით და ის ევროპული ნაკრებების გოლეადორთა შორის მეორე ადგილს იყოფს უნგრელ შანდორ კოჩიშთან ერთად. პირველი კი ფერენც პუშკაშია (უნგრეთი, ესპანეთი) 84 გოლით.

37-ე წუთზე ელიზეუ მარცხნიდან შეიჭრა და "სიტის" ახალწვეულმა ბერნარდო სილვამ ვეტერანი მცველის გადაცემით ისარგებლა. ამ გოლმა "ოლ უაითსის" (ახალი ზელანდიის საფეხბურთო ნაკრების თიკუნია, საპირისპირო სარაგბო "ოლ ბლექსისგან") ყველაზე ოპტიმისტ გულშემატკივრებსაც მოუკლა იმედი.

დანარჩენი ორი გოლი კაპიტნის გასვლის შემდეგ გავიდა, კრიშტიანომ სამკლავური მის ნაცვლად შესულ ნანის გადასცა, რომელმაც ანგარიშს წერტილი დაუსვა. თუმცა ნანის გოლამდე ანდრე სილვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "მილანმა" ის ტყუილად არ შეიძინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანო რონალდო დასახელდა (ისევე, როგორც პორტუგალიის წინა მატჩებში).

პორტუგალია ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა, ხოლო მექსიკის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, რუსები კი "სახლში წავიდნენ", თუმცა ყაზანი, სადაც ჩერჩესოვის ნაკრები მექსიკასთან დამარცხდა, 1552 წლიდან ისედაც რუსეთია...

ენტონი ჰადსონი (ახალი ზელანდია): "ამ ტურნირზე დავინახეთ, რომ შეცდომებს არ პატიობენ. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ბევრის უფლება მივეცით, გამოსწორების შანსი კი აღარ იყო. ფიზიკურად ძნელია 8 დღეში 3 ძალიან ძლიერ ნაკრებთან თამაში. პორტუგალია მსოფლიო კლასის გუნდია, მაგრამ ჩვენ 8 მომენტიც მაინც შევქმენით მის კართან. ამიტომაც ნაკრების მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, დიდი მომავალი გველის".

ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "ზელანდიელები შორეულ პასებს კარგად იყენებენ. მექსიკასთან თამაში რომ ვნახეთ, მივხვდით, რომ რთული დაპირისპირება გველოდა. გუნდურად კარგად ვითამაშეთ და ჩვენი გამარჯვება სამართლიანია. რა თქმა უნდა, პეპეს გამოვცვლიდი უფრო ადრე, რომ მცოდნოდა, რომ გაფრთხილებას მიიღებდა და ამის გამო ნახევარფინალს გამოტოვებდა. პეტერბურგში შესანიშნავი სტადიონია, აი, მინდორი კი არ ვარგა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მექსიკა-რუსეთი 2:1
გოლები: 0:1 სამედოვი (25), 1:1 არაუხო (30), 2:1 ლოსანო (52)
მექსიკა (4-3-3): ოჩოა - დ. რეიესი (39. ლ. რეიესი), არაუხო, მორენო, ლაიუნი - ჯონათან დოს სანტოსი, ერერა, გუარდადო (70. ოსვალდო) - ლოსანო, ხ. ერნანდესი, ველა (46. აკინო)
რუსეთი (5-3-2): აკინფეევი - სამედოვი, ჯიქია, ვასინი, კუდრიაშოვი, ჟირკოვი - ეროხინი (70. სმოლნიკოვი), გლუშაკოვი, გოლოვინი - ბუხაროვი (64. პოლოზი), სმოლოვი (78. კანუნნიკოვი)
გაძევება: ჟირკოვი (68)
მაყურებელი: 41 585

ახ. ზელანდია-პორტუგალია 0:4
გოლები: 0:1 რონალდო (33-პენ), 0:2 ბერნარდო სილვა (37), 0:3 ანდრე სილვა (80), 0:4 ნანი (91)
ახალი ზელანდია (4-4-2): მარინოვიჩი - ინგამი, ბოქსოლი, დურანტი (74. შმელცი), სმითი, დოილი - ლუისი (65. ბარბარუსესი), მაკგლინჩი (37. ტუილომა), თომასი - როხასი, ვუდი
პორტუგალია (5-3-2): რუი პატრისიო - სემედუ, პეპე, ბ. ალვეში, ელიზეუ - კვარეჟმა (83. მარტინში), დ. პერეირა, ჟოაო მოუტინიო, ბერნარდო სილვა (46. პიცი) - ანდრე სილვა, რონალდო (67. ნანი)
მაყურებელი: 56 290

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 3 2 1 0 7-2 7
2. მექსიკა 3 2 1 0 6-4 7
3. რუსეთი 3 1 0 2 3-3 3
4. ახ. ზელანდია 3 0 0 3 1-8 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /

სოს. 999
რაც ჩვენია ის თუ თქვენი არ არის ძალიან გთხოვთ აიღეთ ბილეთები რუსეთისკენ ოღონდ ერთი მიმართულებით. თუ ფული არ გაქვთ სასომხეთში იაფად მოხვდებით, ოღონდ იქეთაც ერთი მიმართულებით. გლოცავთ თქვენც და საკუთარ ტავსაც. ადამიანი იქ უნდა იყოს სადაც ბოღმა არ ახრჩობს და თან ჩვენც დავისვენებთ. მტკვარი ვეღარ აუდის უკვე ამდენის გატანას
xvistani
12:01 26-06-2017
0
ცოცხალი რეფერი გახადეს მარიონეტად, რასაც უკარნახებენ იმას აკეთებს და ვიდეორეფერი საერთოდ რა არის და რუსეთის ნაკრების ლანძღვაზე, თქვენ რო რეკლამას უკეთებთ საშოვარზე წასულ ქართველ ფეხბურთელებს იმაზე მეტი რეკლამა ვინ უნდა გააკეტოს/ შედეგიც გაქვთ სამარცხვინო, ეტამასეტ აბა ახალ ზელანდიას? ფრეზეც ზედმეტია ლაპარაკი და კიდევ ლაპარაკობთ
krazana
11:50 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული