მარკო ვერატი და "ბარსელონა" - რაში სჭირდება კატალონიურ გრანდს იტალიელი?

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე იტალიის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" საყრდენი ნახევარმცველი მარკო ვერატი იქნება. ჯერ ტრანსფერი ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, მაგრამ დიდი შანსია, ვერატი კატალონიაში გადაბარგდეს.

რაში სჭირდება ბარსას ვერატი?
გასულმა სეზონმა გამოაჩინა, რომ "ბარსელონას" დაცვაში პრობლემები იყო. სპეციალისტთა უმრავლესობა სრულიად მართებულად მიიჩნევს, რომ ეს პრობლემები სათავეს შუა ხაზიდან იღებდა, რის გამოც დაცვას განსაკუთრებული დატვირთვა აწვებოდა.

სხვანაირად რომ ვთქვათ,"ბარსელონას" პრესინგი ვეღარ იყო ისეთ "მკვლელი", როგორიც წინა სეზონებში. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ ლუის ენრიკეს სამწვრთნელო ფილოსოფია და სერხიო ბუსკეტსის
არცთუ იდეალური ფორმაა.

გუნდს აუცილებლად სჭირდება შუა ხაზში ერთი მაღალი დონის შემსრულებელი მაინც. ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუსკეტსს გუნდისათვის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩავთვლით. არ დაგვავიწყდეს, რომ იტალიელ საყრდენს ერთნაირი წარმატები შეუძლია შექმნა და ჩაშლა. ეს კი "ბარსელონას" ფეხბურთელისათვის დიდი პლუსია და საკლუბო ფილოსოფიასაც იდეალურად ერგება.

დიდი პლუსი
ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარკო კატალონიაში გადაბარგდება, ის ნამდვილად არ დაიკარგება. ჩვენ ზუსტად ვიცით ერთი რამ: თუ საქმე არ გვაქვს განსაკუთრებულ შემთხვევასთან, "ბარსელონაში" ვერაფრით გაიხარებს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც პასის დახვეწილი კულტურა არ აქვს.

ვერატის შემთხვევაში ყველაფერი რიგზეა. მას აქვს პასის დიდებული კულტურა და პარტნიორის გრძნობა. "სენ-ჟერმენის" შემტევებს არაერთხელ უქცევიათ გოლებად მისი შესანიშნავი გადაცემები.

რატომ უნდა წასვლა?
ვერატი უკვე აღარ მალავს, რომ "პარი სენ-ჟერმენიდან" წასვლა უნდა. რა თქმა უნდა, მას საფრანგეთის დედაქალაქში აქვს შესანიშნავი ხელფასი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფული ყველაფერს არ და ვერ წყვეტს.

ტიტულების მოგება ყველა ფეხბურთელს უნდა, მაგრამ სურვილსა და მგზნებარებას გააჩნია. "სენ ჟერმენში" არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც სანახავი უკვე ნახეს და მოსაგები მოიგეს. მაგალითად, ისე ჩანს გარედან, რომ ანხელ დი მარიასათვის კარიერაში ფული უკვე მთავარია.

იმავეს ვერაფრით ვიტყვით ვერატიზე. იტალიელი ახლა ისეთ ასაკშია, რომ ამბიციების მოჭარბებას განიცდის და ეს სავსებით ბუნებრივია. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ტიტულების მოგების სურვილით იწვის და ამ ტიტულებში უკვე აღარ იგულისხმება საფრანგეთის ჩემპიონობა და თასები.

ვერატის სწორედ ამიტომ უნდა წასვლა "სენ-ჟერმენიდან". უკვე რამდენიმე წელია, პარიზულ კლუბს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდს ვერაფერს აჩვენებს. "ბარსელონასთან" ორრაუნდიან ბრძოლაში გაუგონარმა მარცხმა კი ძალიან შეარყია თვით ზედმეტად ოპტიმისტი პარიზელი გულშემატკივრების რწმენაც კი.

გაჩნდა შეგრძნება, რომ "სენ-ჟერმენი" ვერასოდეს ვერაფერს მოიგებს. როგორც ჩანს, ამ შეგრძნებას ქვეცნობიერად თვით ჩვენი წერილის გმირიც იზიარებს.

სუპერვარსკვლავობისათვის
ვინ არის ვერატი ევროპული ფეხბურთისათვის? რა თქმა უნდა, ის ვარსკვლავია, მაგრამ, ალბათ, მხოლოდ იტალიელის თავგადაკლული გულშემატკივრები თუ დაამატებენ ამ სიტყვას წინ სუპერს.

სუპერვარსკვლავობისათვის საჭიროა ისეთ გუნდში თამაში, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება. ნებისმიერ ფასად და ნებისმიერ ტურნირში. ასეთ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი მეტ ყურადღებას იმსახურებს და არასოდეს ჩამოდის პრესის ფურცლებიდან.

სანუკვარი მიზანი
"მინდა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგო", - თქვა ერთ-ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში ვერატიმ და იქვე დაატანა, რომ ეს მისი საფეხბურთო კარიერის მთავარი მიზანია. რა თქმა უნდა, მას შეიძლება გაუგო.

"ბარსელონა" მომავალ სეზონში სწორედ იმას აპირებს, რაც ვერატის უნდა. იტალიელის და კატალონიური გრანდის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა შემთხვევაში ვერატის თაობაზე არაერთი საქებარი სიტყვა უთქვამთ, მაგრამ ჩვენ გამოვარჩევთ მისი ურუგვაელი თანაგუნდელის, ედინსონ კავანის მოსაზრებას:

"პირადად მე აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია ევროპაში. მე ვფიქრობ, თუ ის ამ ტემპით განაგრძობს პროგრესს, მაშინ ჩვენ სიტყვა ერთადერთს გამოვიყენებთ. ჩემი აზრით, მას მინდორზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული