ევროპის ტოპ-5 ლიგა: ლეო მესი და მისი ახალი ათეული

AutoSharing Option
პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა ევროპის ტოპ-5 ლიგის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

პირველი, რაც შეიძლება თვალში გეცეთ, რჩეულთა შორის არ არის "ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდო, რომლის გოლმაც ახლახან მადრიდის "რეალი" 33-ედ გახადა ესპანეთის ჩემპიონი. თუმცა ამ გამოცემისგან ეს გასაკვირი სულაც არ არის მას შემდეგ, რაც რონალდო ლა ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც არ შეიყვანა და პორტუგალიელს იაგო ასპასი არჩია.

ხუთიდან ოთხი ტოპ-ლიგა დასრულებულია, იტალიის ჩემპიონატში ტური კი დარჩა, თუმცა თითქმის ყველაფერი გარკვეულია. ტიტულები მოიპოვეს მიუნხენის "ბაიერნმა", ლონდონის "ჩელსიმ", "მონაკომ", ტურინის "იუვენტუსმა" და
მადრიდის "რეალმა" - ხუთივე ეს კლუბი წარმოდგენილია Goal.com-ის სიმბოლურში, თუმცა იქ სხვა კლუბების წარმომადგენლებიც არიან:

მეკარე
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): კვირას მან რეკორდული, მერვე სკუდეტო მოიპოვა (თუმცა, რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ ეს მისი მეათე სკუდეტოა, ბუფონი არ ცნობს კალჩოპოლის გადაწყვეტილებას). იტალიურ ფეხბურთში ბუფონზე ტიტულოვანი არავინაა და რატომ უნდა იყოს? ის არის ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმმა და გამარჯვებისკენ სწრაფვამ დრო დაამარცხა.

მცველები
ანდრეა კონტი (ატალანტა): იტალიელი მცველი სეზონის წინ თავის აგენტს დაენაძლავა, რომ ხუთი გოლის გატანას შეძლებდა და უკვე 2 აპრილს მდიდრული საათი მიიღო მისგან ჯილდოდ. შემდეგ მისმა აგენტმა უთხრა, რომ მანქანას უყიდდა, თუკი 7 გოლამდე ავიდოდა. ახლა კონტის ახალი ავტომობილი და უკვე 8 გოლი აქვს სერია A-ში გატანილი. ტოპ-ლიგებში 23 წლის კონტიზე მეტი არც ერთ მცველს არ გაუტანია.

სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი): მიზეზი, რის გამოც ესპანელი ერთადერთია, ვინც ჩემპიონი გუნდის რიგებში სეზონის ყოველი წუთი ითამაშა, მარტივია - ინგლისში ახლა ასპილიკუეტაზე უნივერსალური და სტაბილური მცველი არ თამაშობს. "ის ასე საოცრად თამაშობს და თან, არც ტრავმებს და დისკვალიფიკაციებს იღებს", - აღფრთოვანებულია მისით ანტონიო კონტე.

დიეგო გოდინი (ატლეტიკო): ევროპაში კლუბი არ არსებობს, რომელიც არ ისურვებდა ამ გამოცდილ, ძველი სტილის მცველს, რომელიც შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს. ის კი "ატლეტიკოს" ერთგულია...

მარსელო (რეალი): ის უბრალოდ საუკეთესო მარცხენა მცველია მსოფლიოში. 29 წლის მარსელოს ანგარიშზე 10 საგოლე პასია, რაც მცველებში საუკეთესო მაჩვენებელია. ცოტაც და, თავისი წინამორბედის, რობერტო კარლოსის დიდებას გაიმეორებს.

ნახევარმცველები
ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი): ახლა ყველა ლაპარაკობს, როგორი შეცდომა დაუშვა "ბარსელონამ", როცა დანი ალვეშს "იუვენტუსში" გადასვლაში ხელი შეუშალა. მაგრამ კიდევ უფრო დიდი შეცდომა "ბარსამ" უფრო ადრე დაუშვა, როცა ტიაგო ალკანტარა "ბაიერნში" გაუშვა. ახლა, როცა ტრავმები აღარ აწუხებს, კარლო ანჩელოტის გუნდის მაჯისცემას აკონტროლებს. "ეს ჩემი საუკეთესო სეზონია", - აცხადებს ტიაგო და ძნელია, არ დაეთანხმო.

ნ'გოლო კანტე (ჩელსი): "ჩელსის" ფანები ხუმრობენ, დედამიწის ზედაპირის 70% წყლითაა დაფარული, დანარჩენს ფარავს კანტეო. მას მერე, რაც ზედიზედ მეორე გუნდთან გახდა ინგლისის ჩემპიონი, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა დაამტკიცა, რამდენად საჭირო ფიგურაა გუნდში.

ბერნანდო სილვა (მონაკო): ედინსონ კავანი ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა "მონაკოს" 22 წლის პლეიმეიქერიც სავსებით იმსახურებდა ამ ტიტულს. მოვუსმინოთ პორტუგალიელ პაულეტას: "მას ბურთით ისეთის გაკეთება შეუძლია, რაც სხვა ფეხბურთელებს არ გამოსდით".

თავდამსხმელები
ლიონელ მესი (ბარსელონა): ზოგი ამბობს, რომ მესის საუკეთესო წლები უკვე წარსულში დარჩა, მაგრამ ამის შემდეგ იყო მისი დიდებული თამაში აპრილში "სანტიაგო ბერნაბეუზე", რომელმაც ლა ლიგაში ინტრიგა ბოლო წუთამდე აცოცხლა. იმ თამაშში მარსელომ, კაზემირომ და სერხიო რამოსმა ინადირეს არგენტინელზე, თუმცა უშედეგოდ. მესის 500-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი "ბარსელონას" მაისურით. მან დაისაკუთრა პიჩიჩი და მოიგო "ოქროს ბუცი". ის ჯერ კიდევ საუკეთესოა...

ალექსის სანჩესი (არსენალი): მან 24 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა. რას იზამდა "არსენალი" ამ სეზონში ჩილელის გარეშე?

კილიან მბაპე (მონაკო): 17 წლის სენსაცია მსოფლიო ფეხბურთში. ყველაფერი კი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა ტიერი ანრის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტის "ტიტული" ჩამოართვა. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც 21-ე საუკუნეში ტოპ-ლიგებში 15 გოლის გატანა მოასწრო. ახლა კი "მონაკო" "რეალს" მბაპეს 120 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარს ეუბნება...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გოდნი:):) ბონუჩი სადაა
0
ცნობისათვის, ყველაზე ტიტულოვანი მალდინია
დავით123
16:52 24-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული