"ვიტესის" დამაარსებელი - ვილემ ჰესელინკის ისტორია

AutoSharing Option
1890 წელს, ამსტერდამიდან 70 კილომეტრში მდებარე ქალაქ არნემის საქალაქო საბჭოს სხდომა მოულოდნელად შეწყდა. დარბაზში ორი ბიჭი შემოვიდა - ერთი 12 წლისას ჰგავდა, მეორე ოდნავ უფროსს. ძმებივით იყვნენ.

ერთ-ერთმა პირი გააღო და ადგილობრივი წვეროსნების გასაკვირად, რაღაც დაილაპარაკა ფეხბურთზე - მოდურ ევროპულ გასართობზე. ბიჭმა, სახელად ვილემმა საბჭოს წევრებს საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებაზე მოუწოდა. მოხუცებმა გაიღიმეს და კრიკეტი ურჩიეს - მათი აზრით, სწორედ ის იყო მომავლის სპორტი.

ასე გაჩნდა ორი წლის შემდეგ, 1892 წლის 14 მაისს არნემის "ვიტესი" - კრიკეტის კლუბი. კიდევ სამი თვე
დასჭირდათ ძმებ ჰესელინკებს, რომ, ბოლოს და ბოლოს, საფეხბურთო კლუბიც ჩამოეყალიბებინათ.

პირველი ამხანაგური მატჩი კლუბმა იმავე წლის 10 სექტემბერს გამართა, მაგრამ ეს მატჩი უფრო ეზოს ჩხუბს ჰგავდა. "ვიტესის" არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა მინდორზე კონკრეტულად განსაზღვრული პოზიცია, ამიტომაც ბიჭებმა წაიჩხუბეს იმის გამო - ვის სად უნდა ეთამაშა. ჰესელინკი მემარჯვენესთვის ყველაზე მოუხერხებელ ადგილზე - ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენეს. ახალგაზრდა ვილემი დიდხანს წვალობდა ფლანგზე - ბევრი დრო დახარჯა მარცხენა ფეხის ასამუშავებლად.

"ვიტესში" თამაშისას, მან მარცხენა ფეხი იმდენად გაავარჯიშა, რომ საყოველთაოდ ცნობილი გახდა მისი უძლიერესი დარტყმა: კლუბის ოფიციალურ ისტორიაში აღნიშნულია, რომ მეკარეებს თითები ტყდებოდათ ჰესელინკის დარტყმების მოგერიებისას. გარდა ამისა, გავრცელებული იყო დაუდასტურებელი მითი იმის შესახებ, რომ თურმე, ერთხელ ვილემმა რომელიღაც მეკარეს მკერდში მოარტყა ბურთი, საცოდავს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მეტსახელი Het Kanon - "ზარბაზანი".

ჰესელინკი არა მხოლოდ ხელებს ამტვრევდა მეკარეებს და ავარჯიშებდა მარცხენა ფეხს. ერთხელ, მან "ვიტესიდან" რამდენიმე ბიჭი გვერდით ამოიყენა და ბაგირების გადაწევაში ქვეყნის ჩემპიონატზე გამოცხადდა - იმ დროს ეს სპორტის ოლიმპიური სახეობა იყო. ბუნებრივია, არნემელმა ბიჭებმა ყველა გადაწონეს და ოქროს მედალი მოიპოვეს. ჰესელინკი ასევე ძლიერი იყო მძლეოსნობაში: 22 წლისამ ქვეყნის რეკორდი დაამყარა სიგრძეზე ხტომაში, რომელიც ათი წელი იყო ძალაში. ასევე, ოქრო აიღო 1500 მეტრზე რბენაში.

ყველა სპორტულ მიღწევაზე მაღლა, ვილემ ჰესელინკი ქიმიას აყენებდა. ის ამ საგანს ჯერ კიდევ არნემში სწავლობდა, შემდეგ, 1902 წელს ლეიდენში გადავიდა - უნივერსიტეტში შესასვლელად და განათლების მისაღებად. იქ, პარალელურად, ადგილობრივ "დენ ჰააგში" გამოდიოდა. საოცარმა ნიჭმა და მონდომებამ "ზარბაზანს" საშუალება მისცა - მხოლოდ ერთ წელიწადში გაესწრო ყველა თანაკურსელისთვის, თან ისეთი მანძილით, რომ ის მიუნხენში ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში მიიწვიეს. მაგრამ, ჰესელინკის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში ყოველთვის იყო კიდევ ერთი ელემენტი - ფეხბურთი.

ვილემი სტადიონებზე, საწვრთნელ მოედნებსა და ქარხნებში დადიოდა იმის გასაგებად - არსებობს თუ არა რაიმე კლუბი, რომელშიც ფეხბურთის თამაში შეიძლება. ერთი ასეთი იპოვნეს - რამდენიმე გაუბედავმა ბიჭმა სულ რაღაც ორ წელიწადში შეაკოწიწა გუნდი, რომელიც სატანვარჯიშო კლუბების საფეხბურთო დივიზიონის სადღაც შუაში იმყოფებოდა. ასე გახდა ჰესელინკი პირველი ლეგიონერი, რომელიც "ბაიერნმა" შეიძინა.

მიუნხენელები მხოლოდ რეგიონალურ და საქალაქო ტურნირებზე თამაშობდნენ, მაგრამ ყოველ ჯერზე წარმატებით. გარდა ამისა, კლუბს ბევრი ახალგაზრდა ბიჭი მიეძალა. ორივე ფაქტორს ხელს უწყობდა ჰესელინკი: კლუბის ცენტრფორვარდი და საუკეთესო ბომბარდირი ავარჯიშებდა იუნიორთა ყველა კლუბს, ამიტომაც, ადგილობრივი ბავშვები დიდ ჯგუფებად მიდიოდნენ "ბაიერნში", რათა საკუთარ კერპთან ემეცადინათ.

1903 წელს, 25 წლის ჰესელინკი მთლიანად ჩაუდგა სათავეში გუნდს. კლუბის პირველმა პრეზიდენტმა ფრანც ჯონმა გუნდი მოდურ ბიზნესზე გაცვალა: მშობლიურ პანკოვში ფოტოსტუდია გახსნა. ასე რომ, ვილემი გახდა კლუბის ხელმძღვანელი, ამასთან, ავარჯიშებდა გუნდს და თან მისი მთავარი ვარსკვლავი იყო.

1905 წელს, "ბაიერნის" პრეზიდენტს, მწვრთნელსა და ფორვარდს დებიუტი ჰქონდა ჰოლანდიის ნაკრებში: ამ გუნდის მეორე ოფიციალურ მატჩში და პირველ საშინაო შეხვედრაში 35 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ჰესელინკმა სადებიუტო გოლი გაიტანა - თავისი და საერთოდ, ნაკრების. ეს ბელგიასთან მატჩში (4:0) მოხდა.

კლუბში ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ იყო საჭირო დიდი ბიზნესისა და სუპერვარსკვლავების მართვა, საორგანიზაციო პრობლემები მაინც ჩნდებოდა. ფული არასაკმარისი იყო, "ბაიერნი" გასვლით მატჩებზე არ დადიოდა, თუმცა ზედიზედ სამჯერ გახდა მიუნხენის ჩემპიონი. ვილემს მიუწია სხვა კლუბთან - "მიუნიხნერთან" შეერთება, რომელსაც ჰქონდა მცირე ბიუჯეტი, მოედანი და ფორმა - სწორედ "მიუნიხნერიდან" გამოვიდა ბავარიული წითელი ფერები.

ამასთან, ჰესელინკი აგრძელებდა ქიმიის შესწავლას და იმავე წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - რეცენზია გაუკეთა დორუს რეგიონის ღვინოების შემადგენლობას. "ზარბაზანი მაშინვე დოქტორი ზარბაზანი გახდა", - იცინოდნენ "ბაიერნში". ქიმიისა და ღვინისადმი ინტერესების უცნაურმა შეხამებამ მიიყვანა ის სულ ახლახანს ჩასახულ დარგამდე - კრიმინალისტიკამდე.

მან დატოვა მიუნხენი და ფრანკფურტში გადავიდა, რათა ბერტა ჰიუტლერზე ექორწინა. იმ პერიოდში, ფრანკფურტში ცხოვრობდა და ასწავლიდა ცნობილი ქიმიკოსი გეორგ პოპი. ჰესელინკი დაინტერესდა მისი შრომებით და მეცნიერი ახლოს გაიცნო. მასთან ერთად, ვილემმა პირველად გამოიყენა ქიმიის ცოდნა პრაქტიკაში - მკვლელობის გამოძიებისას.

ფორტეპიანოს 53 წლის გამყიდველი ჰერმან ლიხტენშტაინი საკუთარი მაღაზიის კუთხეში მკვდარი იპოვნეს - თავის ქალა გაუტეხეს. ყელის გარშემო წითელი ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული, კედლები სისხლით იყო მოთხვრილი, თეთრ საყელოზე თითის სისხლიანი ანაბეჭდი ემჩნეოდა.

ეჭვი ლიხტენშტაინის ცოლზე აიღეს, რომელსაც რჩებოდა მაღაზია ქმრის სიკვდილის შემდეგ. მაგრამ პოპმა რამდენიმე სტუდენტისა და ჰესელინკის კამპანიაში გვამი დაათვალიერა, თითის ანაბეჭდი შეისწავლა და ჩამოყალიბდა თეორია, რომ საქმეში მონაწილეობდა რამდენიმე მამაკაცი, რომელთაგანაც ერთ-ერთმა პროფესიულ დონეზე ჩაარტყა თავში მსხვერპლს.

ახლა, ეჭვი აიღეს ყოფილ ყასაბ ჰერმანზე და ფორტეპიანოს მტვითავზე. ორივენი დააპატიმრეს და გაჩხრიკეს - მათ აღმოაჩნდათ ყალბი ფული, თანხა ჰენრიხის მაღაზიიდან, ხოლო თითის ანაბეჭდი პერანგიდან დაემთხვა ერთ-ერთი მკვლელის ანაბეჭდს. ორივე ჩამოახრჩვეს, პოპმა კი დაწერა ლექცია დაქტილოსკოპიაზე.

1908 წელს, ვილემ ჰესელინკი ჰოლანდიაში, მშობლიურ არნემში დაბრუნდა, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორია გახსნა, თან 1919 წლამდე აგრძელებდა მის მიერვე დაარსებულ "ვიტესში" თამაშს. მოგვიანებით, ის ამ გუნდის მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და პრეზიდენტი გახდა. ვილემმა ორი მსოფლიო ომი გამოიარა და 95 წლის ასაკში, 1973 წლის შობაზე გარდაიცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული