ევროუქმეების წინ: სუპერდერბების ტური

AutoSharing Option
ევროპის ტოპ-5 ლიგიდან, იტალიის გარდა, ყველგან 4-4 ტური დარჩა, სერია A-ში კი ხუთი ტური რჩება სეზონის დასრულებამდე. ფაქტია, ყველაზე დაძაბული სიტუაცია ესპანურ ლა ლიგასა და ფრანგულ ლიგა 1-შია, რა თქმა უნდა, საჩემპიონო რბოლებს ვგულისხმობთ.

პრემიერლიგა: მოსაწყენი დერბი
წუხელ პრემიერლიგაში 26-ე ტურის ერთი გამოტოვებული თამაში გაიმართა - მანჩესტერულმა დერბიმ დიდად ვერ გაამართლა, ჩათვლილი გოლები ვერ ვიხილეთ. ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედისთვის" სტუმრად ნულოვანი ფრე მიღწევაც კი არის, იმის გათვალისწინებით, რომ "წითელ ეშმაკებს" ნახევარი გუნდი ლაზარეთში ჰყავთ, "სიტი" კი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა. ამას
დაემატა მარუან ფელაინის გაძევება, რომელმაც ჯერ იუხეშა სერხიო აგუეროს წინააღმდეგ, შემდეგ კი მას თავი ჩაარტყა.

პეპ გვარდიოლას გუნდი კვლავ ქულით უსწრებს მოურინიოს "იუნაიტედს". ამ ტურში "სიტი" დარჩენისთვის გააფთრებით მებრძოლ "მიდლსბროს" სტუმრობს, ხოლო "იუნაიტედი" ოდნავ უკეთეს სიტუაციაში მყოფ "სუონსის" მასპინძლობს. "იუნაიტედმა" ზედიზედ 24-ე მატჩში არ წააგო პრემიერლიგაში, რითაც კლუბის რეკორდი გაიმეორა.

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "არ უნდა დაგვავიწყდეს, რა დონის გუნდს ვეთამაშებოდით. მეტოქეს ორი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა. ასე რომ, შედეგით კმაყოფილი ვარ. მე ძალიან კარგად ვიცი, რა ძნელია "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. ჩვენ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ძნელია, როცა ისეთ გუნდს ეთამაშები, რომელთა ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა ბურთის უკან თამაშობს. ახლა დარჩენილი ყოველი მატჩი ჩვენთვის ფინალივითაა. რთული მატჩები დაგვრჩა, გამოსავალი კი ერთადერთია - გამარჯვება".

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "უფრო აქტიურად თამაში გვსურდა, ხშირი კონტრშეტევებით. პირველ ტაიმში ეს გამოგვივიდა და ყველაფერს ვაკონტროლებდით. მეორეში კი ცოტა გაგვიჭირდა. იძულებულები გავხდით, ერთი ქულისთვის გვებრძოლა. ფელაინი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ მისმა სახელმა იმოქმედა, თორემ გასაძევებელი იმ ეპიზოდში არაფერი იყო. მე არ ვიცი, გამეორება ჯერ არ მინახავს. ეს გაძევება დიდწილად ძალიან ჭკვიანი არგენტინელი ფეხბურთელის დამსახურებაა".

მანჩესტერული გრანდები ყურადღების ცენტრში კი მოექცნენ, მაგრამ მათი ფანებისთვის სამწუხაროდ, ისინი საჩემპიონო რბოლაში ვერ მონაწილეობენ. ლიდერი "ჩელსი" ლივერპულში ჩადის "ევერტონთან" საბრძოლველად. რონალდ კუმანის გუნდი ევროთასებისთვის იბრძვის, თუმცა მასპინძლებს 5-6 მოწინავე ფეხბურთელი ჰყავთ დაშავებული. ამ გუნდების პირველი მატჩზე ლაპარაკიც ზედმეტია - ანტონიო კონტეს კრებულმა 5:0 გაანადგურა "ევერტონი". ედენ აზარმა მაშინ დუბლი შეასრულა. ბელგიელი ახლაც შესანიშნავ ფორმაშია.

"ჩელსის" ერთადერთი რეალური მდევარი "ტოტენჰემი" უდიდესი გამოცდის წინაშეა - ჩრდილოლონდონურ დერბიში (ლონდონური დერბების დერბიში) "არსენალს" ხვდება. თუკი არსენ ვენგერის კრებული მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ქულებს დააკარგვინებს და "ჩელსი" იმარჯვებს, ალბათ, ყველაფერი დასრულდება. "დეზებს" ვორმი, ვინკსი, როუზი და ლამელა არ ეყოლებათ, "მეთოფეებს" - ოსპინა, ლუკას პერესი და კასორლა. პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ჰარი კეინმა პენალტით იხსნა სტუმრები მარცხისგან.

Sportall.Ge

ლა ლიგა: კატალონიური დერბი
ხუთშაბათს სამი შეხვედრა გაიმართა ესპანურ პირველობაზე. "სევილიამ" იმარჯვა და "ატლეტიკოს" დაეწია. მოკლედ, მესამე ადგილისთვის, ანუ ჩემპიონთა ლიგის გარანტირებული ადგილისთვის ბრძოლა ისეთივე დაძაბულია, როგორც ჩემპიონობისთვის.

"რეალს" და "ბარსელონას" თანაბარი ქულები კი აქვთ, მაგრამ "სამეფო კლუბს" უპირატესობა აქვს, ზედმეტი მატჩი აქვს გასამართავი, ვიგოში "სელტას" წინააღმდეგ, რომელიც ქარიშხალის გამო გადაიდო. "რეალი" "ვალენსიას" მასპინძლობს, რომელიც ამ სეზონში სათანადოდ ვერ გამოიყურება, მაგრამ სწორედ "ვალენსიამ" დააკარგვინა ზინედინ ზიდანის გუნდს სამი ქულა - თებერვალში ძაძასა და ორელიანას გოლებით აჯობეს მეტოქეს, რომელსაც კრიშტიანო რონალდოს გოლმა ვერ უშველა - 2:1.

მძიმე მატჩი აქვს "ბარსელონასაც" - ქალაქის დერბი "ესპანიოლთან". ყოფილ "კორნელია ელ პრატზე" ლუის ენრიკეს გუნდს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს. პირველ წრეში, "კამპ ნოუზე" "ბარსამ" 4:1 მოიგო. იმ შეხვედრაში ლუის სუარესმა დუბლი მიითვალა.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: "რეკორდმაისტერი" მგლების ბუნაგში
ბუნდესლიგაში ლიდერი "ბაიერნი" "ვოლფსბურგს" სტუმრობს. მიუნხენურმა გრადმა გუშინ "იუვენტუსისგან" კინგსლი კომანი გამოისყიდა.

ასე რომ, ახალგაზრდა ფორვარდისთვის ეს მატჩი "ფოლკსვაგენ არენაზე" გამორჩეული იქნება. ამბობენ, რომ კარლო ანჩელოტისა და ფრანკ რიბერის შორის შავმა კატამ გაირბინა, მათ "რეალის" მატჩის შემდეგ იკამათეს. დიდი ალბათობით, იტალიელი აღარ დააყენებს ფრანგს სასტარტო შემადგენლობაში. "ბაიერნში" კიდევ ერთი სიახლეა - დღე-დღეზე ტიაგო ალკანტარა 2021 წლამდე გაახანგრძლივებს კონტრაქტს.

"მდევარი" "ლაიპციგი" "ინგოლშტადტს" მასპინძლობს, რომელიც ხავსს ეჭიდება. თომას ტუხელის "დორტმუნდი" კი "კიოლნს" მასპინძლობს.

სერია A: რომაული დერბი
მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, "ოლიმპიკოზეა" - რომაული დერბი: ლუჩანო სპალეტის "რომა" სიმონე ინძაგის "ლაციოს" "მასპინძლობს". "რომას" "იუვენტუსის" მდევარს ძნელად თუ უწოდებ - 5 ტურში 8 ქულა აქვს ამოსაქაჩი, მაგრამ რომაული დერბი ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, სულ რომ არ ჰქონდეს სატურნირო დაპირისპირება. საინტერესო დაპირისპირება გველის "ჯუზეპე მეაცაზეც", სადაც მილანის "ინტერი" "ნაპოლის" მასპინძლობს.

"იუვენტუსი" ბერგამოს პარასკევს სტუმრობს. ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგაა, "ბებერ ქალბატონს" შეღავათი გაუკეთეს, რომ ლიგამდე ერთი დღით მეტი დასვენება ერგოს. "იუვენტუსს" ჯერ არ მოუგია ჩემპიონატში, უნდა დავითვალოთ ფაქტები და არა სიტყვები, ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს", - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ, რომლის გუნდსაც ლიგაზე "მონაკოსთან" ელის დაპირისპირება.

ლიგა1: სტუმრად "ალიანს რივიერაზე"
"პარი სენ-ჟერმენი" "ალიანს რივიერას" სტუმრობს, სადაც "ნიცა" ბრწყინვალედ თამაშობს ამ სეზონში. ლუსიენ ფავრის გუნდს 6-ქულიანი ჩამორჩენა კი აქვს ლიდერებთან, მაგრამ მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური გარანტირებული აქვს. თასზე შერცხვენილი "მონაკო", რომელმაც ძირითადი შემადგენლობა დაასვენა, "იუვენტუსთან" დაპირისპირებამდე "ტულუზს" მასპინძლობს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXV ტური
შაბათი. 29 აპრილი
საუთჰემპტონი-ჰალი 18:00
სტოკი-ვესტ ჰემი 18:00
სანდერლენდი-ბორნმუთი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 18:00
კრ. პალასი-ბარნლი 20:30

კვირა. 30 აპრილი
მანჩესტერი-სუონსი 15:00
ევერტონი-ჩელსი 17:05
მიდლსბრო-სიტი 17:05
ტოტენჰემი-არსენალი 19:30

ორშაბათი. 1 მაისი
უოტფორდი-ლივერპული 23:00

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 16 - დელე ალი (ტოტენჰემი); 15 - ედენ აზარი (ჩელსი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXV ტური
პარასკევი. 28 აპრილი
ვილიარეალი-სპორტინგი 22:45

შაბათი. 29 აპრილი
სოსიედადი-გრანადა 15:00
რეალი-ვალენსია 18:15
ლას პალმასი-ატლეტიკო 20:30
ესპანიოლი-ბარსელონა 22:45

კვირა. 30 აპრილი
ოსასუნა-დეპორტივო 14:00
ბეტისი-ალავესი 18:15
ეიბარი-ლეგანესი 20:30
სელტა-ბილბაო 22:45

ორშაბათი. 1 მაისი
მალაგა-სევილია 23:00

ბომბარდირები: 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - იაგო ასპასი (სელტა); 16 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXXI ტური
პარასკევი. 28 აპრილი
ლევერკუზენი-შალკე 22:30

შაბათი. 29 აპრილი
დორტმუნდი-კიოლნი 17:30
მაინცი-გლადბახი 17:30
ვერდერი-ჰერტა 17:30
დარმშტადტი-ფრაიბურგი 17:30
ლაიპციგი-ინგოლშტადტი 17:30
ვოლფსბურგი-ბაიერნი 20:30

კვირა. 30 აპრილი
აუგსბურგი-ჰამბურგი 17:30
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 19:30

ბომბარდირები: 27 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 17 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXXIV ტური
პარასკევი. 28 აპრილი
ატალანტა-იუვენტუსი 22:45

შაბათი. 29 აპრილი
ტორინო-სამპდორია 22:45

კვირა. 30 აპრილი
რომა-ლაციო 14:30
ჯენოა-კიევო 17:00
პალერმო-ფიორენტინა 17:00
კროტონე-მილანი 17:00
კალიარი-პესკარა 17:00
ემპოლი-სასუოლო 17:00
ბოლონია-უდინეზე 17:00
ინტერი-ნაპოლი 22:45

ბომბარდირები: 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 23 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 22 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 16 - მარკო ბორიელო (კალიარი).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXV ტური
პარასკევი. 28 აპრილი
ანჟერი-ლიონი 22:45

შაბათი. 29 აპრილი
მონაკო-ტულუზი 19:00
მონპელიე-ლილი 22:00
ბასტია-რენი 22:00
ნანტი-ლორიანი 22:00
გენგამი-სტ. ეტიენი 22:00
მეცი-ნანსი 22:00

კვირა. 30 აპრილი
კაენი-მარსელი 17:00
დიჟონი-ბორდო 19:00
ნიცა-პსჟ 23:00

ბომბარდირები: 31 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 19 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 17 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული