არტურო ვიდალი: ყველაფერი ახლა გადაწყდება

AutoSharing Option
არტურო ვიდალი ჩილეს ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერია. სეზონის ბოლო ახლოვდება და დაძაბულობა მატულობს. ვიდალმა ჟურნალისტებთან "ბაიერნისა" და ჩილეს ნაკრების თაობაზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გვიწევს დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ეს დიდი მატჩია და, შესაბამისად, შესაძლებლობების სრულად დემონსტრირება გვმართებს. გულშემატკივარი ორ დაუვიწყარ მატჩს ელოდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მათი იმედები გავამართლოთ.

რა თქმა უნდა, რთული იქნება. მადრიდელებს დიდებული გუნდი ჰყავთ და მათ აქვთ დიდ მატჩებში მონაწილეობის ისეთივე გამოცდილება, როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენთვის უკან დასახევი გზა არ არსებობს. ჩვენი მიზანი
ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ვფიქრობ, შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა.

რაც შეეხება ჩილეს ნაკრებს, ვენესუელასთან მოგებამ ხასიათი ყველას გამოგვიკეთა. ჩვენ უნდა მოვხვდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. სხვანაირ შედეგს გულშემატკივარი არ გვაპატიებს", - ამბობს ვიდალი.

არტუროს აზრით, ახლა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პერიოდი დგას.
"სეზონის ბოლოს გამოჩნდება ხოლმე, ვინ როგორ მოემზადა მისთვის. მთავარია, მაქსიმალურად მოვერიდოთ ტრავმებს.

რა თქმა უნდა, "ბაიერნი" დიდი კლუბია და არის როტაციის საშუალება, მაგრამ ლიდერების ფორმაში ყოფნა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ "ბაიერნი" შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რომლებსაც სახავს კლუბის ხელმძღვანელობა. ჩემპიონთა ლიგის მოგება კი მართლაც დიდებული იქნებოდა.

ახლა მხოლოდ "რეალთან" მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გვყავს უძლიერესი მეტოქე, რომელიც უნდა დავამარცხოთ. ეს იქნება სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი და ყველა ფეხბურთელი მზად უნდა შეხვდეს ამ უმნიშვნელოვანეს გამოცდას. მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ", - ამბობს ვიდალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული