ფეხბურთი და ტექნოლოგია: დაკარგული 40 წამი და გამარჯვებული სამართალი

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამშაბათს კარგი ამხანაგური მატჩების ერთი ჩვეულებრივი დღე იყო... მაგრამ პარიზში, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩში ის სიახლე გასინჯეს, რაც სპორტის სხვა სახეობებში უკვე აპრობირებულია, სიახლე, რომელმაც შესაძლოა, სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა თავდაყირა დააყენოს...

იცით, რა (თუ ვინ) არის VAR? გაიცანით, ეს არის video assistant referee, ანუ მოკლედ, ვიდეორეფერი. რომ არა ეს ტექნოლოგია, საფრანგეთისა და ესპანეთის მატჩში მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდებოდა და ვერც "ფურია როხა" მოიგებდა სტუმრად 2:0-ს.

ამ შეხვედრას გერმანელი არბიტრი ფელიქს ცვაიერი ემსახურებოდა, რომელიც რამდენიმე
დღის წინათ თბილისში იმყოფებოდა და საქართველო-სერბეთიც იმსაჯა. ცვაიერმა ორჯერ მოითხოვა ვიდეორეფერის დახმარება, ორივეჯერ გადამწყვეტ მომენტში.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანტუან გრიზმანს თანაგუნდელმა თავით დაუგდო ბურთი და მანაც გაიტანა. "ლურჯებმა" იზეიმეს, "ატლეტიკოს" ფორვარდმა ცერა თითებით გოლის ცნობილი აღნიშნვაც გვიჩვენა, ბურთი ცენტრში მიიტანეს, მაგრამ... ამასობაში ცვაიერი ვიდეორეფერის ეკონტაქტებოდა. მცირე მოლაპარაკების შემდეგ გერმანელმა გოლი გააუქმა. ეს სიტუაცია ხშირად გვინახავს რაგბის მსოფლიოს თასზე ლელოს დადებისას, მაგრამ ფეხბურთში ცოტა უცნაურია...

შემდეგ, როცა ჟერარდ დეულოფეუმ მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა, ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, ცვაიერმა კი კვლავ მიმართა ვიდეორეფერის და გოლი ჩაითვალა. მოკლედ, ვიდეორეფერის ორმა გადაწყვეტილებამ ძირეულად შეცვალა თამაშის მიმდინარეობა - გააუქმა გოლი, რომელსაც მსაჯები თვლიდნენ და ჩათვალა, რომელიც მსაჯებმა არ ჩათვალეს. თუმცა ეს არ არის სწორი ფორმულირება - სინამდვილეში, ვიდეორეფერიმ გამორიცხა შეცდომები, რომლებიც თამაშს ორჯერ არასწორი მიმართულებით წაიყვანდა. ამ ორმა ეპიზოდმა, რა თქმა უნდა, თამაში რამდენიმე წამით (ჯამში 40 წამით) შეაფერხა. ისე, მართლაც უცნაურია მოზეიმე გუნდის ნახვის მერე გაუქმებული გოლი და ზეიმის გარეშე ჩათვლილიც.

"ეს იყო დადებითი ტესტი. ვიდეოგამეორებების წყალობით, ყველა სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ვიდეორეფერისთან კომუნიკაცია ზუსტი, დროული და სწორი იყო. როცა მოთამაშეებს ვაჩვენებდი, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ვიდეორეფერის მივმართავდი, ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით იღებდნენ", - განაცხადა ცვაიერმა.

ბუნებრივია, ამ სიახლეს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, "გენგამის" თავკაცმა ანტუან კომბუარემ თქვა, რომ აქამდე არ ემხრობოდა ვიდეორეფერის დანიშვნას, მაგრამ მატჩმა შეაცვლევინა აზრი. "მართალია, ამის გამო საფრანგეთის ნაკრები დაზარალდა. რა თქმა უნდა, ვიდეორეფერი ყველა შეცდომისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ ყველაზე დიდ შეცდომებს ნამდვილად ავიცილებთ. აქამდე მიმაჩნდა, რომ ეს უამრავ დროს წაიღებდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ადრე ვფიქრობდი, რომ ვიდეოგამეორება ცუდია ფეხბურთისთვის, დღეს კი პრაქტიკამ აზრი შემაცვლევინა", - უთხრა კომბუარემ "ეკიპს".

"ლორიანის" თავკაცმა ბერნარ კაზონიმ უარყოფითი მხარე მაინც დაინახა: "დიახ, უფრო ზუსტ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ სადღაც დაიკარგება ემოციები. ახლა აღარავინ იზეიმებს გოლს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ის ჩაითვლება. ასე ხომ რობოტების შემოღებამდე მივალთ, ფეხბურთი ადამიანურობას დაკარგავს".

არ მოხიბლულა არც ინგლისელი პოლ ინსი: "სტადიონზე სიჩუმე ისადგურებს, მუხტი ქრება. ერთი კარგი ისაა, რომ მსაჯს ფეხბურთელები აღარ ეჩხუბებიან. ამას ბევრი დრო დასჭირდება, ორივე ეპიზოდი მაინც საკამათო იყო. ალბათ, კიდევ ხუთი წელი დასჭირდება ტექნოლოგიის დამკვიდრებას".

კევინ გამეირო ბუნებრივია, უკმაყოფილო დარჩა - ფრანგმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ვიდეოგამეორებები ფეხბურთს მოკლავს.

ჯეიმი კარაგერი აღფრთოვანდა, რომ სულ რაღაც 10 წამი დასჭირდა არასწორად ჩათვლილი გოლის გაუქმებას.

აქვე ვიტყვით, რომ საფრანგეთი-ესპანეთის მატჩი პირველი არ არის, სადაც ვიდეორეფერი გამოიცადა - აგვისტოში "ნიუ იორკ რედ ბულისა" და "ორლანდო სიტის" დუბლების მატჩში გამოიყენეს პირველად ეს ტექნოლოგია.

პრემიერლიგა ყოველთვის ნოვატორია. ინგლისში გვპირდებიან, რომ ახალ სეზონში ეს ტექნოლოგია უკვე დამკვიდრებული იქნება, პირველი დიდი ტურნირი კი, სადაც ვიდეორეფერის გამოიყენებენ რუსეთის მუნდიალი იქნება 2018 წლის ზაფხულში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ანუ ყოველთვის ძლიერი გაიმარჯვებს?
0
სრული უფლება რობოტებს! ფეხბურთში სამართალი არ უნდა იყოს, ასე მსოფლიოს ვარსკვლავები დაიჩაგრებიან,გრანდები დაიჩაგრებიან და სისულელე გაიმარჯვებს.
......
18:04 30-03-2017
0

სიახლეები პოპულარული