საუკუნის ქურდობა ვესტმინსტერის სააბატოში

AutoSharing Option
დანამდვილებით არის ცნობილი: მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის დროს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აშკარა უკმაყოფილებით ამოიღო გაცვეთილი შავი ზანდუკიდან "ოქროს ნიკე" და ფიფას პრეზიდენტს, სტენლი როუზს გადასცა.

"რა იპოვეს ამაში ასეთი, - წუწუნებდა ის. - დროზე მოვიგოთ მესამედ და სამუდამოდ წავიღოთ ბრაზილიაში..."

უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისში სპორტული პრიზების მოპარვა დიდი ხანია სახალხო გასართობად თუ სპორტის ერთგვარ სახეობად იყო გადაქცეული. მაგალითად, მსოფლიო ფეხბურთის უძველესი პრიზი - ინგლისის თასი ჯერ კიდევ 1895 წელს მოიპარეს და მას შემდეგ გამარჯვებულს მხოლოდ ასლს გადასცემენ.

დიდი ხანი ფიფას პრეზიდენტი სერ სტენლი როუზი ზრდილობიან, მაგრამ მტკიცე უარს ეუბნებოდა სხვადასხვა ღონისძიების, გამოფენისა თუ ფორუმის ორგანიზატორებს, რომლებიც ძვირად ღირებულ ქანდაკებას "დროებითი მოხმარებისთვის" ითხოვდნენ.

რთული სათქმელია, სადამდე მივიდნენ თავიანთ თხოვნებში ლონდონის მე-17 ფილატელისტური გამოფენის ორგანიზატორები, მაგრამ მათთვის გამონაკლისი დაუშვეს. და მომდევნო დღეს, 1966 წლის 20 მარტს, მთავარი საფეხბურთო თასი გაიტაცეს, მიუხედავად იმისა, ოთხი პოლიციელი გამუდმებით თვალს არ აცილებდა მას.

გამოფენიდან, რომელიც ვესტმინსტერის სააბატოს ცენტრალურ ჰოლში იყო განთავსებული, პრიზი დღისით მზისით გაქრა. საქმე ისაა, რომ 20 მარტი კვირა იყო, გამოფენა არ მუშაობდა და პოლიციელები შინ გაუშვეს. თასის გარდა, ჰოლში გამოფენილი იყო სამი მილიონი ფუნტის ღირებულების მარკების კოლექცია, მაგრამ მოიპარეს მხოლოდ საფეხბურთო ჯილდო, რომელიც იმ დროს ათი ათას ფუნტად იყო შეფასებული.

მალე სამხრეთ ლონდონში ეჭვმიტანილი დააკავეს - ვინმე ედვარდ ბლეჩლი. თუმცა, ქანდაკება მას არ აღმოაჩნდა და თავად ბლეჩლისაც არაფერი უღიარებია. ფიფას პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ დამნაშავეებმა უკვე გადაადნეს ოქროს ქალღმერთი და ის ოქროს ზოდის სახით გაყიდეს. ამიტომაც მოლაპარაკებები დაიწყო ლონდონის გილდიის წარმომადგენლებთან ასლის დასამზადებლად.

პიკლზი - ერის გმირი
მაგრამ ასლი საჭირო არ გახდა. ჟიულ რიმეს თასი საინტერესო გარემოებებში იპოვეს. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 27 მარტს, მეისრე დევიდ კორბეტი ბაღში სეირნობდა თავის რვა წლის "უჯიშო" ძაღლთან ერთად, რომელსაც "პიკლზი" ერქვა. ჭკვიანმა ცხოველმა ბუჩქის ძირას ქაღალდში გახვეული რაღაც ნივთი აღმოაჩინა და ყეფით მიაპყრო პატრონის ყურადღება. რაოდენ დიდი იყო დევიდის გაკვირვება, როცა გაზეთი გახსნა და იქ სწორედ ის ნივთი აღმოაჩინა, რასაც რამდენიმე დღე ეძებდა "მთელი სამეფო კავალერია" - ოქროს ქალღმერთი.

კორბეტისა და მის ძაღლის ფოტო კიდევ დიდი ხანი არ ჩამოდიოდა მსოფლიო გაზეთების პირველი გვერდებიდან. პატრონმა ჯილდოდ ექვსი ათასი ფუნტი მიიღო. კიდევ ხუთი ათასი მისცა ერთ-ერთმა სადაზღვევო სააგენტომ, ერთი ათასი - "ფულჰემის" პრეზიდენტმა, მომღერალმა ტომი ტრინდერმა.

მაგრამ ერის ნამდვილი გმირი "პიკლზი" გახდა. ძაღლების დაცვის ლიგამ ის სპეციალური მედლით დააჯილდოვა და სამუდამოდ აღიარა თავის საპატიო წევრად. ცხოველთა საკვების მწარმოებელი ერთ-ერთი ფირმა უფასოდ კვებავდა ძაღლს სიცოცხლის ბოლო წუთებამდე - ყოველდღე ამარაგებდა "ეროვნულ გმირს" ძაღლის დელიკატესებით.

"უჯიშო" ცხოველის ტრიუმფის მწვერვალი აღმოჩნდა მონაწილეობა კომედიურ მოკლემეტრაჟიან ფილმში - "გამომძიებელი ცივი ცხვირით", რომელმაც "პიკლზის" პატრონს კარგი შემოსავალი მოუტანა.

ძაღლის უმნიშვნელოვანესმა როლმა ოქროს ქალღმერთის ისტორიაში, გაამყარა ოთხფეხა მეგობრების მიმართ ნისლიანი ალბიონის მცხოვრებთა ისედაც დიდი სიყვარული.

არც ისე იშვიათად, ინგლისში ეს სიყვარული ყველაზე უცნაურ და მოულოდნელ ფორმებს იძენს. მაგალითად, იმავე მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, საფრანგეთისა და ურუგვაის ნაკრებების საფეხბურთო შეხვედრა "უემბლიდან" სხვა სტადიონზე გადაიტანეს. მიზეზი საშინლად ბანალური იყო: იმ დღეს ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე დაგეგმილი იყო... ძაღლების დოღი.

ორი მცდელობა
ინგლისულ ინციდენტამდე და შემდეგაც იყო ნიკეს გატაცების მცდელობები...

I მცდელობა: ფაშისტების ფიასკო
ცნობილია, რომ ნაცისტებს არაჯანსაღი ინტერესი ჰქონდათ რელიქვიების მიმართ, მაგალითად, დიდი მონდომებით ეძებდნენ წმინდა გრაალს... და გასაკვირი იქნებოდა, მათ ოქროს ქალღმერთის მოპარვა რომ არ ეცადათ. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ოტორინო ბარასის ეს კარგად ესმოდა. 30-იანი წლების დასასრულს, მისი ქვეყანა - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო. ამიტომაც თასი რომში, ადგილობრივ ბანკში ინახებოდა. ბარასიმ გადაწყვიტა, დასწრებაზე ეთამაშა: საცავში შევიდა და "ნიკე" გამოიტანა. ნაცისტები ხვდებოდნენ, რომ თასი ბარასის ჰქონდა, მაგრამ ვერ ამტკიცებდნენ. მათ არაერთხელ გაჩხრიკეს პრეზიდენტის სახლი, მაგრამ ცარიელი ხელებით ბრუნდებოდნენ უკან. ქალღმერთი კი მათ ცხვირწინ იყო - ბარასის ბევრი არ უფიქრია - თასი ძველ ჩექმაში ჩადო და საწოლის ქვეშ დამალა. აი, ასე გადაიტანა ომი "ნიკემ".

II მცდელობა: ქურდობა ბრაზილიურად
1970 წელს, ბრაზილიელები მესამედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. შესაბამისად, "ნიკე" სამუდამოდ მოიპოვეს. თასი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის შტაბ-ბინაში, სპეციალურ საცავში შეინახეს. ღამით ერის მთავარ განძს ერთადერთი დარაჯი იცავდა და ის მძარცველებმა 1983 წლის 20 დეკემბერს გაკოჭეს. ბოროტმოქმედები კონფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტში შევიდნენ, სეიფი გატეხეს და ქალღმერთი წაიღეს.

ამჯერად, ქურდები დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ მცირე ხნით. თასი კი... პოლიციამ გამოაცხადა, რომ ნიკე ზოდებად გადაადნეს და გაყიდეს.

ვერსიები, ვერსიები
ბრაზილიელმა პოლიციელებმა დასკვნა მძარცველთა ჩვენებების მიხედვით გააკეთეს. სხვა მტკიცებულება, რომ თასი აღარ არსებობს, პოლიციას არ აქვს. ამიტომაც ბევრი ენთუზიასტი დღემდე აგრძელებს გამოძიებას.

მართლაც, ოფიციალური ვერსია დამაჯერებლად არ ჟღერს. მძარცველებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ქალღმერთის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი ოქროს ზოდის. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვინ გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი? კონსპიროლოგები ასახელებენ ოლიგარქების სახელებს, არაბ შეიხებს... მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. როგორც ჩანს, შეთქმულების თეორიის მომხრეებს მხოლოდ ერთი ყურადსაღები ვერსია აქვთ, რომელიც მთელ ამ ისტორიას თავდაყირა აყენებს.

ასლის ასლი
ვერსია ღაღადებს: მას შემდეგ, რაც ნიკე 1966 წელს ლონდონში მოიპარეს, ინგლისელებმა ფიფას ნებართვა სთხოვეს - დაემზადებინათ პრიზის ასლი, რათა ის ეჩვენებინათ პუბლიკისთვის. მაგრამ უარი მიიღეს. თუმცა, ფიფასგან მალულად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის იუველირმა ჯორჯ ბერდმა მაინც დაამზადა თასის ასლი მოოქროვილი ბრინჯაოსგან. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიიონატის ფინალურ მატჩზე პოლიციელებმა ორივე თასი მიიტანეს. ინგლისელებმა მოიგეს და მათ კაპიტანს, ბობი მურს ორიგინალი გადასცეს, მაგრამ შემდეგ პოლიციამ ის ასლით შეცვალა. განსხვავება ვერავინ შენიშნა.

წესის თანახმად, თასი გამარჯვებულთან ინახებოდა მომდევნო ჩემპიონატამდე. 1970 წელს პრიზის დაბრუნების დრო მოვიდა და ინგლისის მთავრობის წინაშე დადგა დილემა: განშორებოდნენ მთავარ სპორტულ სიწმინდეს თუ ის ფეხბურთის სამშობლოში დაეტოვებინათ? დიდი ხანი არ უფიქრიათ და ფიფაში ასლი გააგზავნეს.

თუ ამ ვერსიას ვერწმუნებით, სწორედ ასლი ასწია თავს ზემოთ პელემ 1970 წელს. და სწორედ ეს "არა ნამდვილი" პრიზი მოიპარეს ქურდებმა 1983-ში. ორიგინალი კი დამალეს... ისევ ლოგინის ქვეშ. ამჯერად, იუველირ ჯორჯ ბერდის სახლში.

1995 წელს, ბერდი გარდაიცალა და მისმა მემკვიდრეებმა "ნიკე" აუქციონზე გამოიტანეს. ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის ფასიც, ოფიციალური ვერსიით, გროშები იყო, 254 500 ფუნტად გაიყიდა! ეს არანორმალურ თანხად ჩაითვლებოდა, რომ არ გვცოდნოდა, რომ მყიდველი ფიფა გახლდათ. იქ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სწორედ ეს იყო ორიგინალი.

რა თქმა უნდა, აუქციონის შემდეგ საფეხბურთო ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ასლია. მაგრამ მათ არ დაუჯერეს. მეოთხე მილიონი ფუნტის გადახდა ოთხ კილოგრამ ბრინჯაოში? ფიფაში არც ისე სულელები მუშაობენ.

სხვათა შორის, ეს ქანდაკება გამოფენილია ინგლისის ქალაქ პრესტონის საფეხბურთო მუზეუმში. თუმცა, იქნებ ეს აუქციონზე ნაყიდი ქალღმერთის ასლია, ხოლო ორიგინალი სადღაც სხვაგან ინახება, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კიდევ ერთი ვერსია
ინგლისელი პუბლიცისტები - ჯიმ ლინჩი და ჯო კოილი დარწმუნებულნი არიან, რომ გერმანელებმა მაინც მოიპოვეს "ნიკე", ოღონდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

1954 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა გერმანია და "ნიკე" ოთხი წელი გფრ-ში ინახებოდა. 1958 წელს, მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატის წინ, გერმანელებმა თასი ფიფას გადასცეს. ფოტოგრაფმა ჯო კოილმა შეისწავლა თასის ფოტოები, რომელიც 1958 წლის გამარჯვებულს გადასცეს. ის დარწმუნებულია - გერმანელებმა გააყალბეს ჯილდო. ის ოდნავ უფრო მაღალი გახდა, პოსტამენტი კი, რომელზეც "ნიკე" იდგა, მცირედით შეიცვალა.

სად წაიღეს გერმანელებმა ქალღმერთი? ამაზე პასუხი არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Saxlshi maqvs originali, babuachemma iyida 1986 wels drezdenshi erti zveli nacistisgan. 2 milionze naklebad ar shevelevi.
giorgi
08:32 21-03-2017
0
სიახლეები პოპულარული