ზოზულია და სხვები: ტრანსფერები, რომლებიც გულშემატკივრებმა ჩაშალეს

AutoSharing Option
რომან ზოზულიას ტრანსფერი "ბეტისიდან" "რაიო ვალეკანოში" ერთადერთი არ არის, რომელიც გულშემატკივრებმა ჩაშალეს. ამ ჩაშლილ ტრანსფერს უკვე მივუძღვენით მოზრდილი მასალა და ამ თემას ერთხელაც აღარ მივუბრუნდებით. დავწერთ იმ ტრანსფერებზე, რომლებიც ქომაგებმა ჩაშალეს.

ჯოი ბარტონი
2015 წელს, ქუინზ პარკიდან ვესტ ჰემში
ჯოი ბარტონზე თავიდან მოყოლა საჭირო არაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის არც მინდორზე და არც მინდვრის მიღმა არ გამოირჩევა ინგლისური ხასიათით. სწორედ ფეხბურთელის არაერთგვაროვანი ხასიათი გახდა "ვესტ ჰემის" ფანების უკმაყოფილების მიზეზი, როცა მათ გაიგეს, რომ "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობა ბარტონთან აპირებდა კონტრაქტის
გაფორმებას.

წინა სეზონში ბარტონი "ქუინზ პარკთან" ერთად ჩემპიონშიპში გავარდა და გადაწყვიტა, ახალი გუნდი მოეძებნა. ბარტონმა "ჩაქუჩებში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერი ბოლო წამს ჩაშალა. მათ საჭიროდ არ ჩათვალეს გულშემატკივრებთან კიდევ ერთხელ კონფლიქტში შესვლა. საბოლოო ჯამში ინგლისელი ჩხუბისთავი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" წავიდა სათამაშოდ.

ფრედი გუარინი
2014 წელს, ინტერიდან იუვენტუსში
მას შემდეგ, რაც "ინტერის" სათავეში ერიკ ტოჰირი მოვიდა, კლუბის ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო. კლუბის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "ინტერს" დიდი პერსპექტივა ჰქონდა, ოღონდ ჯერ უნდა მომხდარიყო წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა და კლუბის სახელფასო ფონდის მნიშვნელოვანი შემცირება. ეს იყო და, კლუბის გულშემატკივრების მასობრივი უკმაყოფილებაც დაიწყო. ისინი სოციალურ ქსელებში ღიად გამოხატავდნენ პროტესტს ინდონეზიელი ბიზნესმენის მიმართ. უკმაყოფილების პიკი დადგა 2014 წლის ზაფხულში.

"ინტერის" შეფობამ გადაწყვიტა, წამყვანი ნახევარმცველი ფრედი გუარინი გაეცვალა მირკო ვუჩინიჩში, ვინც იმ დროისათვის უკვე მყარად იჯდა "ბებერი ქალბატონის" სათადარიგოთა სკამზე. კლუბებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს. გუარინი უკვე ღიად საუბრობდა "იუვენტუსში" თავის მომავალზე. ამ დროს გარიგება ჩაიშალა. "ინტერის" ფანებმა ჯერ ინტერნეტში იაქტიურეს, მერე კი ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს ამ ტრანსფერის საწინააღმდეგოდ. საბოლოო ჯამში გუარინი კიდევ ორი სეზონის განმავლობაში გაჩერდა "სან სიროზე", მერე კი ჩინეთში წავიდა სათამაშოდ.

დეიან სტანკოვიჩი
2008 წელს, ინტერიდან იუვენტუსში
ასეთივე ისტორია მოხდა რამდენიმე წლით ადრე. მას შემდეგ, რაც "ინტერში" ჟოზე მოურინიო მივიდა, ბევრმა ფეხბურთელმა არ იცოდა, შეინარჩუნებდა თუ არა გუნდში ადგილს. მათ შორის იყო დეიან სტანკოვიჩი. ზუსტად ამ დროს სერბმა ფეხბურთელმა შესანიშნავი წინადადება მიიღო ტურინის "იუვენტუსიდან". ამ დროს საქმეში "იუვენტუსის" ფანები ჩაერივნენ.

მათ განაცხადეს, რომ არ მიიღებდნენ გუნდში ფეხბურთელს, რომელმაც თავის დროზე "ინტერის" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. 2004 წელს, "ლაციოში" თამაშის დროს, სტანკოვიჩს სამსახური ერთდროულად შესთავაზეს "ინტერმა" და "იუვენტუსმა". მაშინ სერბმა "ინტერის" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. საბოლოო ჯამში სტანკოვიჩი "ინტერში" დარჩა და არც უნანია. ჟოზე მოურინიოსთან ერთად მან პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული საკლუბო ტიტული მოიგო.

ენცო მარესკა
2013 წელს, სამპდორიადან ტორინოში
კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ იტალიაში გულშემატკივრებს ძალიან დიდი ძალა აქვთ და თუ მოისურვებენ, შედეგიანად შეუძლიათ ჩაერიონ სატრანსფერო ორომტრიალში. 2002 წელს თავდამსხმელი ენცო მარესკა ტურინის "იუვენტუსის" გულშემატკივრების რჩეული გახდა. მან ტურინული დერბის მიწურულს გაუტანა "ტორინოს" და"ბებერი ქალბატონი" მარცხისაგან იხსნა.

გოლის აღნიშვნის დროს მარესკამ რქების იმიტაცია გააკეთა (ხარი "ტორინოს" სიმბოლოა). 11 წლის შემდეგ "ტორინოს" ქომაგებმა მარესკას ეს ისტორია გაუხსენეს. არადა, "სამპდორიას" ფეხბურთელი თითქმის გადასული იყო "ტორინოში". ტურინული კლუბის ფანებმა ტრანსფერი აქტიური პროტესტის მეშვეობით ჩაშალეს.

იან მვილა
2012 წელს, რენიდან ზენიტში
2012 წლისათვის იან მვილა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საყრდენ ნახევარმცველად ითვლებოდა. "ზენიტმა" ბევრს დაასწრო და "რენს" პირობებზე მოელაპარაკა. გარიგება მაინც არ შედგა. ზოგიერთი ინფორმაციით, საქმეში "ზენიტის" რადიკალი ფანები ჩაერივნენ. ისინი გუნდში შავკანიანი ფეხბურთელის გამოჩენის წინააღმდეგნი იყვნენ. ფეხბურთელმა ფანებისგან მუქარა მიიღო და პეტრეს ქალაქში წასვლა გადაიფიქრა.

ჯუზეპე სინიორი
1995 წელს, ლაციოდან პარმაში
კიდევ ერთი ისტორია იტალიიდან. 1995 წელს "პარმამ" შემადგენლობა გააძლიერა და მიიწვია რამდენიმე ძალიან ძლიერი ფეხბურთელი.

გუნდში უნდა მისულიყო "ლაციოს" ქომაგების რჩეული, ჯუზეპე სინიორიც. იმ დროისათვის "ლაციოს" კაპიტანი შესანიშნავ ფორმაში იყო და გოლები ხშირად გაჰქონდა. "პარმა" მზად იყო, სერიოზული თანხა გადაეხადა, ოღონდ სინიორი მიეღო. "ლაციოს" პრეზიდენტმა სერჯიო კრანიოტიმ ტრანსფერს "მწვანე შუქი" აუნთო, მაგრამ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ფანების ერთმა ჯგუფმა ჯერ საპროტესტო წერილი დაწერა, მერე კი პრეზიდენტის სახლს ქვები დაუშინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული