ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: "ბარსა" და "მონაკო" ასიანთა კლუბში

AutoSharing Option
ფილიპ ლამი, ფერნანდო ტორესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დამსახურებული ხალხია - ამ ფეხბურთელებმა მნიშვნელოვან ციფრებს უწიეს კარიერაში.

პრემიერლიგა: როდუელის წყევლის დასასრული
* "ლივერპულმა" წლის დასაწყისში ჩემპიონატის 5 მატჩი ზედიზედ მოუგებლად პირველად ითამაშა 1954 წლის შემდეგ.

* "ტოტენჰემი" ამ სეზონში ერთადერთი გუნდია პრემიერლიგაში, რომელსაც შინ არ წაუგია - 10 მოგება, 2 ფრე.

* ჰარი კეინმა (ტოტენჰემი) 23-ე კლუბს გაუტანა პრემიერლიგაში, სულ კი 25-ს შეხვდა.

* "ტოტენჰემმა" ბოლო 27 მატჩიდან 25 მოუგო ელიტაში დაბრუნებულ გუნდებს.

* როგორც იქნა, ჯეკ როდუელმა (სანდერლენდი) შეძლო პრემიერლიგაში გამარჯვება, როცა ის სასტარტო შემადგენლობაშია. ეს მან მე-40 ცდაზე მოახერხა.

* უმარ ნიასემ (ჰალი) პრემიერლიგაში პირველი გოლი მე-9 მატჩში გაიტანა.

* პრემიერლიგის ისტორიაში მე-300 ჰეთ თრიკი რომელუ ლუკაკუს (ევერტონი) ეკუთვნის (რომელმაც საბოლოოდ, პოკერი შეასრულა).

* "კრისტალ პალასმა" პრემიერლიგაში პირველად გაუშვა პირველ ტაიმში 4 გოლი, ხოლო "სანდერლენდმა" ტაიმში 4 გოლი 1999 წლის მერე პირველად გაიტანა.

* პედრო ობიანგი "ვესტ ჰემის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთ თამაშში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

* "სანდერლენდმა" ერთ ტაიმში იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც წინა 9 საგარეო მატჩში ერთად.

* ჯერმეინ დეფომ (სანდერლენდი) "კრისტალ პალასს" ბოლო 6 შეხვედრაში 6 გოლი გაუტანა.

* ჯეფ ჰენდრიკის (ბარნლი) გაძევება (მე-6 წუთზე) ყველაზე სწრაფი გაძევება იყო პრემიერლიგაში 2015 წლის მარტის მერე.

* მანოლო გაბიადინის (საუთჰემპტონი) პირველი გოლი პრემიერლიგაში ასევე მე-400 იტალიური გოლია ამ ტურნირის ისტორიაში.

* რომელუ ლუკაკუს პირველი გოლი მატჩის 30-ე წამზე ამ სეზონის უსწრაფესი გოლია, თუმცა ბელგიელი პირველობას ესპანელ პედრო როდრიგესთან (ჩელსი) იყოფს, რომელმაც "იუნაიტედს" ასევე 30-ე წამზე გაუტანა.

* სესკ ფაბრეგასმა (ჩელსი) ყოფილ გუნდ "არსენალს" კარიერაში პირველად გაუტანა.

* სექტემბრის მერე პირველად მოხდა, რომ ტურში ერთი ფრეც არ ყოფილა.

* "მანჩესტერ იუნაიტედი" 15 და მეტი თამაში დაუმარცხებელი პირველადაა სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ.

* "ლესტერ სიტი" 1986 წლის მერე პირველი ტოპ-ლიგის გუნდია, რომელმაც კალენდარული წლის პირველ 5 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. მაშინ კი ეს "ტოტენჰემს" შეემთხვა.

* ჰენრიხ მხითარიანისა (მანჩესტერი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლებს შორის მხოლოდ 88 წამი გავიდა.

* ზლატანი ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, ვინც სეზონში 15 გოლს უწია - ის 35 წლისა და 125 დღისაა.

* გაბრიელ ჟესუსი "სიტის" მეხუთე ფეხბურთელია, ვინც კლუბის პირველ ორ მატჩში (სასტარტო შემადგენლობაში) გაიტანა. სხვები არიან: ჯოვანი, რობინიო, ადებაიორი და დე ბრუინი.

Sportall.Ge

ლა ლიგა: ელ ნინიოს 50 და 4500
* "ოსასუნას" პრიმერაში 13 მატჩია, არ მოუგია (4 ფრე, 9 წაგება). ეს ნავარული კლუბის ანტირეკორდია.

* "ალავესმა" ლა ლიგაში სტუმრად პირველად გაიტანა 4 გოლი ერთ თამაშში.

* "სპორტინგისა" და "ალავესის" მატჩის ერთ ტაიმში 25 ჯარიმა დაინიშნა, რაც ლა ლიგის ამ სეზონის რეკორდია ერთი ტაიმისთვის.

* "სევილიამ" შინ 27-მატჩიანი გოლების სერია შეწყვიტა.

* "სევილიამ" "სანჩეს პისხუანზე" ბოლო ორ სეზონში პირველი პენალტი ვერ გაიტანა.

* "ვალენსიას" კარში ყველაზე მეტი პენალტი გავიდა ამ სეზონში -
8.

* ფერნანდო ტორესმა "ატლეტიკოს" ისტორიაში 4500-ე გოლი გაიტანა პრიმერაში.

* "ვისენტე კალდერონზე" ფერნანდო ტორესს 21-ე საუკუნეში უკვე 50 გოლი აქვს გატანილი. ის ამ მაჩვენებლით "ატლეტიკოში" პირველ ადგილზეა, მეორე დიეგო ფორლანია - 44 გოლი.

* ანტუან გრიზმანმა ამ სეზონში უკვე მესამე პენალტი ვერ გამოიყენა, ლა ლიგაში ყველაზე მეტი.

* "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი ტოპ-5 ლიგაში, ვინც სეზონში 100 გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრებაში). მეორე ასეთი გუნდი გახდა "მონაკო". "რეალს" მიზნამდე ორი გოლი აკლია, მისი თამაში კი გადაიდო.

* 2017 წელს ლეო მესიმ (ბარსელონა) პირდაპირი საჯარიმო დარტყმით უკვე 4 გოლი გაიტანა.

* პაკო ალკასერმა (ბარსელონა) ახალ კლუბში პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში. ამისთვის ექსვალენსიელს 11 მატჩი დასჭირდა.

* პაკო ალკასერმა ლა ლიგაში ბოლო გოლი 10 თვის წინათ გაიტანა.

* პაბლო პიატიმ (ესპანიოლი) ამ სეზონში უკვე 7 გოლი გაიტანა, მეტი მას მთელ სეზონში მხოლოდ "ალმერიაში" თამაშის დროს ჰქონდა (8).

* "ვალენსია" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში საჯარიმოს გარედან გოლი არ გაუტანია.

* 2017 წელს მესიმ 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 3 პასი), რაც ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია.

ბუნდესლიგა: ლამი და ლამზე მაგრები
* ფილიპ ლამმა მე-500 მატჩი ითამაშა "ბაიერნის" მაისურით, რომელთაგანაც 333 მოიგო.

* 1965 წლის მერე "ბაიერნში" 500-მატჩიან ნიშნულს ლამამდე მხოლოდ 8 ფეხბურთელმა მიაღწია.

* "აინტრახტმა" 19 ტურში 35 ქულა მოაგროვა, რაც ამ გუნდისთვის საუკეთესო შედეგია 1992/93 წლების სეზონის შემდეგ.

* "აუგსბურგმა" 2016 წლის მარტის მერე პირველად შეძლო ერთ თამაშში 3 გოლის გატანა.

* მაქს კრუზეს გოლი მე-3 000 იყო ბუნდესლიგაში ბრემენის "ვერდერისთვის".

* მაქს კრუზემ ბუნდესლიგაში რვავე პენალტი გოლად აქცია.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ამ სეზონში 24 მატჩში 25 გოლში მიიღო მონაწილეობა ყველა შეჯიბრებაში (21 გოლი, 4 პასი).

* "დორტმუნდმა" კლუბის რეკორდი გააუმჯობესა, ბუნდესლიგაში ბოლო 29 მატჩია, რაც შინ არ წაუგია.

* "ფრაიბურგმა" ბუნდესლიგაში 250-ე მარცხი იწვნია.

* ამ სეზონში "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელებმა 9 გოლი გაიტანეს, მას მერე, რაც შეცვლაზე შევიდნენ.

* ანტონი მოდესტემ (კიოლნი) ბუნდესლიგაში საკუთარი მაქსიმუმი - 15 გოლი - გაიმეორა.

* გენკი ჰარაგუჩიმ "ჰერტას" უსწრაფესი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში, მას მერე, რაც ასეთ სტატისტიკას ითვლიან - მან 59-ე წამზე შეაგდო.

Sportall.Ge

სერია A: ორი ჰეთ თრიკი ერთ მატჩში
* დრის მერტენსს ამ სეზონში უკვე 3 ჰეთ თრიკი აქვს, მაშინ, როცა სერია A-ში ერთ ჰეთ თრიკზე მეტი სხვა არავის აქვს შესრულებული.

* ჩემპიონატის მატჩში "ნაპოლის" ორმა ფეხბურთელმა ჰეთ თრიკი ისტორიაში პირველად გაიტანა - ჰამშიკმა და მერტენსმა "ბოლონიას" კარში ჰეთ თრიკები შეასრულეს.

* ტურინის "იუვენტუსმა" ბოლო 6 ტურიდან 5-ში კარი "მშრალად" შეინახა. მხოლოდ "ფიორენტინამ" შეძლო ჩემპიონის კარში გოლის გატანა.

* ხუან კუადრადომ (იუვენტუსი) იტალიის ჩემპიონატში საჯარიმოს გარედან 7 გოლი გაიტანა. აქედან სამი - "ინტერის" კარში.

* მარკო პაროლო (ლაციო) პირველი ფეხბურთელია 2012 წლის მერე, ვინც თამაშში 3 გოლი გაიტანა თავით.

* მარკო პაროლო 2012 წლის მერე პირველი ფეხბურთელია, ვინც სერია A-ს საგარეო მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო.

* "სამპდორიამ" "მილანთან" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

* "ნაპოლისთვის" 54 გოლი საწყის 23 ტურში ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

* ხოსე კალეხონმა "ნაპოლის" ბოლო 113 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს სერია მომავალ ტურში შეწყდება, რადგან ესპანელი გააძევეს და ის დისკვალიფიცირებულია.

Sportall.Ge

ლიგა 1: ალიადიერმა თავი შეგვახსენა
* "სენტ ეტიენმა" ბოლო სამი საშინაო მატჩი მოუგო "ლიონს", რაც ამ კლუბების დაპირისპირებაში საუკეთესო მაჩვენებელია "მწვანეებისთვის".

* კევინ მონე-პაკემ (სენტ ეტიენი) ლიგა 1-ის ზედიზედ ორ მატჩში 2012 წლის მერე პირველად გაიტანა.

* ლიგა 1-ის სეზონში "ნანსიზე" (10) მეტჯერ კარი "მშრალად" მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენმა" (12) შეინახა.

* ტულუზმა" 48 წუთში მოახერხა 4 გოლის გატანა, რაც მანამდე 748 წუთში ძლივს მოახერხა.

* ჟერემი ალიადიერმა (ლორიანი) ლიგა 1-ში გოლი 994 დღის შემდეგ პირველად გაიტანა.

* "მონაკომ" "ნიცას" I ტაიმში კარში ზუსტად არ დაარტყმევინა.

* ბოლო 206 წუთის განმავლობაში "მეცმა" კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეგ ავტოგოლებია ყველეა ალბათ :D :D
tiso-s
15:25 07-02-2017
0
ნიკოლოზ, რაო რა მინდაო მეცმა, რატომ არ გამაქვს გოლებიო? ააააააააააააა!!! არაფერიო, არაფერიო, გავიტანო!!!!
akim
15:16 07-02-2017
0
ბოლო 206 წუთის განმავლობაში "მეცმა" კარში ზუსტად ვერ დაარტყა. უკაცრავად და თუ კარში ვერ დაარტყა მაშინ მეც-მარსელი 1-0, ანჟი-მეცი 2-1, მეცი-მონპელიე 2-0, ამ თამაშებში მე გამქონდა გოლები??? მაგარი სტატისტიკააააააააააააა
tiso
14:04 07-02-2017
0
სიახლეები პოპულარული