ევროუქმეების წინ: ლონდონისა და იტალიის დიდი დერბები

AutoSharing Option
ფრანგულ ლიგა 1-ში კვლავ ლიდერთა ჯახია, თუმცა ამ ჩემპიონატის გულშემატკივრები არ გვიწყენენ, თუ ამჯერად, ევროუქმეებისთვის "მონაკო"-"ნიცაზე" წინ ლონდონურ დერბის დავაყენებთ ლიდერ "ჩელსისა" და მდევარ "არსენალს" შორის.

ტურინში "იუვენტუსი" სტეფანო პიოლის ხელში ათამაშებულ "ინტერს" მასპინძლობს, ხოლო დორტმუნდში "ბორუსია" "ლაიპციგს" დაუხვდება, რომელიც, გინდა დაიჯერეთ და გინდა არა, მას მთელი 11 ქულით უსწრებს; "სამეფო კლუბს" ვიგოში შური აქვს საძიებელი...

პრემიერლიგა:
დაამყარა თუ არა რუნიმ რეკორდი?
საინტერესოა, რომ პრემიერლიგის 23-ე ტურში პირველ 9 ადგილზე მყოფი გუნდებიდან მხოლოდ ერთმა მოახერხა მოგება. ეს ერთი "მანჩესტერ სიტია", რომელმაც აბუჩად
აიგდო "ვესტ ჰემი" და მდგომარეობა გაიუმჯობესა. პეპ გვარდიოლას ბიჭები კიდევ უფრო წინ წაიწევენ, თუ პოლ კლემენტის ხელში გაყოყოჩებულ "სუონსის" დაამარცხებენ. საინტერესოა ისიც, ისევ ძირითადში იქნება თუ არა ახალგაზრდა ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსი. 19 წლის თავდამსხმელმა გოლს პლუს პასი მიითვალა და ამ ყველაფერს სათადარიგოთა სკამიდან უცქერდა სერხიო აგუერო… კუნი მოგვიანებით ცვლილებაზე შემოვიდა.

"სიტი" კი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად წინ იმიტომ წაიწევს, რომ კონკურენტები "ჩელსი" და "არსენალი" ერთმანეთს ხვდებიან და ერთ-ერთი მაინც დაკარგავს ქულებს. არც სხვებს აქვთ დიდად ადვილი მატჩები. თუმცა ჩვენ მორიგ გამორჩეულ ლონდონურ დერბის დავუბრუნდეთ.

"ჩელსი" "ლივერპულთან" გამარჯვების შემთხვევაში უკვე მართლაც ძალიან წინ გარბოდა, დიეგო კოშტას პენალტი რომ გაეტანა… მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდი არც ახლაა "უკან" და თუ არსენ ვენგერის "არსენალს" წააქცევს, კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს ჩემპიონობისკენ. "მეთოფეებს" კი "უოტფორდთან" სენსაციური საშინაო მარცხის მერე რეაბილიტაცია სჭირდებათ, პლუს, არცთუ საყვარელ თანაქალაქელთან კარგი თამაში ფსიქოლოგიურადაც გაამხნევებდათ და საკუთარი წისქვილის გარდა, სხვებისაზეც დაასხამდნენ წყალს.

ბოლო წლებში "ჩელსისა" და "არსენალის" დაპირისპირებები ისე მიდის, რომ ორივე გუნდს ერთად გოლი უკვე 9 მატჩია, ვერ გააქვს (ყველა ტურნირის ჩათვლით). აქედან ორჯერ უგოლო ფრე დაფიქსირდა, 5-ჯერ "ჩელსიმ" მოიგო და 2-ჯერ "არსენალმა", ორივეჯერ "ემირატებზე". "სტემფორდ ბრიჯზე" ვენგერის ამალამ უკანასკნელად 2011 წელს იმარჯვა და ის პირიქით, უხვგოლიანი მატჩი გახლდათ - 3:5. იმედია, ეს თამაშიც უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოვა. კონტე ვენდეტას სურვილითაც იქნება გაჟღენთილი, რადგან პირველ წრეში ვენგერთან 0:3 წააგო.

"ჩელსის" მიმდინარე ჩემპიონატში სულ 3 მარცხი აქვს და ეს ყველაზე ულაპარაკო და უშანსო წაგება გახლდათ.

ვენგერი, სავარაუდოდ, "საშუალოდ ფრთხილი" ტაქტიკით ითამაშებს. "ჩელსისთან" არც ბოლომდე დაცვაში დადგომა ივარგებს და არც აგრესიულად შეტევა, როცა მატჩი "სტემფორდ ბრიჯზეა". "ლურჯები" კი იმას შემოგვთავაზებენ, რასაც ბოლო დროს გვთავაზობენ - 3-5-2, კომბინაციური თამაში, მწვავე კონტრშეტევები და დიეგო კოშტას ფაქტორი.

კონტე მატჩს უდანაკარგოდ ხვდება, ხოლო "არსენალს" გრანიტ ჯაკა ჰყავს დისკვალიფიცირებული. სანტი კასორლა და აარონ რემზი კი ამ წუთისთვის ლაზარეთში არიან და ექიმები ცდილობენ, ისინი დროულად ჩააყენონ მწყობრში.

ვენგერი ამ მატჩს ტრუბუნიდან მიადევნებს თვალყურს. "ბარნლისთან" შეხვედრის დროს ზღვარგადასული ემოციურობის გამო 67 წლის ფრანგი 25 ათასი ფუნტით დააჯარიმეს და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მან უკვე გამოტოვა "საუთჰემპტონთან" სათასო შეხვედრა. ასე რომ, ამ პრინციპულ შეხვედრაში მუსიე არსენი თავისიანებს ასისტენტის, სტივ ბოულდისა და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრების დახმარებით დისტანციურად უხელმძღვანელებს.

ამ სეზონში "ლესტერისთვის" მთავარი მართლაც ის "ფორტი ფოინთსია", რომელსაც მთელი წინა ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჯიუტად გაიძახოდა გაღიმებული კლაუდიო რანიერი. ახლა კი იტალიელ სპეციალისტს ღიმილის საფუძველი ხშირად აღარ ეძლევა. "მელიები" გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან და ლესტერშირელებმა შეიძლება კიდევ ერთი ახალი სასწაული მოახდინონ და ისტორია გადაწერონ, ოღონდ ამჯერად ნეგატიური კუთხით და მოქმედი ჩემპიონის რანგში პრემიერლიგიდან გავარდნენ. ეს საფრთხე ძალიან რეალური გახდება, თუ სიტუაცია მალე არ შეიცვლება. არადა, მეტოქე 24-ე ტურშიც სერიოზულია - ბრაზიანი ჟოზე მოურინიოს ბრაზიანი "მანჩესტერ იუნაიტედი".

ის იყო, ყველამ დაიწყო ლაპარაკი, "წითელი ეშმაკები" დაიქოქნენო, რომ უშუალოდ პრემიერლიგაში მანჩესტერელებმა მიყოლებით სამი ფრე გამოაცხვეს. "იუნაიტედი" აგებდა "ლივერპულთან" და აგებდა "სტოკთან", მაგრამ მატჩის მიწურულს შეძლო ქულის გადარჩენა. შუა კვირაში კი "ოლდ ტრაფორდზე" გოლი ვერ გაუტანა და დაუზავდა ბოლოადგილოსან "ჰალს", რომელთანაც ასოციაციის თასზეც იწვალა.

არადა, "განსაკუთრებულის" ბიჭებს მართლაც განსაკუთრებული შანსი ჰქონდათ, კონკურენტების წაბორძიკებით ესარგებლათ. მოკლედ, "მანჩესტერი" გამარჯვებების გზას უნდა დაუბრუნდეს. ყველა ტურნირის ჩათვლით, ამ კლუბებს შორის უკანასკნელი 5 ურთიერთშეხვედრიდან "ლესტერს" არცერთი არ მოუგია - 3 მარცხი, 2 ფრე. სამაგიეროდ, რა დაგვავიწყებს 2014 წლის 5:3-ს, როდესაც "მანჩესტერს" დუბლი ლეონარდო ულოამ შეუსრულა.

არგენტინელი ახლა გაბუტულია, მას "სანდერლენდში" გადასვლა უნდოდა, რადგან სათამაშო დრო აღარ აქვს, მაგრამ რანიერიმ ბოლო მომენტში ტრანსფერს ვეტო დაადო. ალბათ, გაგრძელდება როტაცია "იუნაიტედის" შემადგენლობაში.

დაველოდებით უეინ რუნის გოლსაც. ინგლისურ პრესაში გრძელდება საუბრები იმაზე, რომ რუნის რეალურად კიდევ ერთი გოლი სჭირდება სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის გასამეორებლად და ორი - გასაუმჯობესებლად. საქმე ის არის, რომ მანჩესტერელთა მემატიანე და თავგადაკლული ქომაგი ტონი პარკი იხსენებს, რომ 1972-73 წლების სეზონში კლუბმა ანგლო-იტალიის თასზე მიიღო მონაწილეობა და "მანჩესტერმა" "ვერონას" 4:1 მოუგო.

ორი გოლი ჩარლტონმა გაიტანა და სერ ბობის ბოლო მატჩიც სწორედ ეს იყოო. ასე რომ, ჩარლტონს 249 ბურთის ნაცვლად 251 გამოსდის, რუნის კი ახლა 250 აქვს. პარკის თქმით, შეხვედრა ქვეყნების ფედერაციების მიერ იყო შეთანხმებული და უეფას მიერ აღიარებული, ოფიციალური სტატუსი ჰქონდა და რაღა ინგლისურ წყაროს და მათ სტატისტიკას დავუჯეროთო.

რუნის რეკორდი და მსგავსი ამბები, რა თქმა უნდა, არ აღელვებს ჟოზეს. იგი გამარჯვებას ელის. ველით ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლსაც. იმ შესანიშნავი სერიის მერე, თუნდაც ორმატჩიანი პაუზა მისთვის უკვე დიდია. მესამე მატჩში "უიგანთან" იბრა მწვრთნელმა დაასვენა და მანჩესტერელებმა მის გარეშეც ადვილად მოიგეს (4:0), ერთი ბასტიან შვაინშტაიგერმაც კი გაიტანა. მოკლედ, როტაცია და ოპტიმალური შემადგენლობის ძიება გრძელდება, ქულების კარგვა კი ამხელა კონკურენციის ფონზე აღარ შეიძლება. "კინგ პაუერზე" დიდი ბრძოლა იქნება.

ლა ლიგა:
შურისძიების დროა
მადრიდის "რეალი" სამეფო თასიდან "სელტამ" გამოაძევა და ახლა "რეალი" ჩემპიონატის ეგიდით ეწვევა გალისიურ კლუბს. ზინედინ ზიდანის გუნდი კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ მეტოქეები არც ისე შორს არიან. ამიტომაც გალისიაში "სამეფო კლუბს" მოგება ესაჭიროება. ახლა "რეალი" დასვენებულია და უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე "სელტა", რომელსაც ხუთშაბათს ნახევარფინალური ბატალიები გადახდა თავს. "რეალს" ტრავმამოშუშებული პეპე და ხამეს როდრიგესი უბრუნდებიან. ის კი არა, ხუთშაბათს ვარჯიში ლუკა მოდრიჩმა და მარსელომაც განაახლეს. "სელტა" ჩემპიონატში მერვეა და ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც თასზე.

რეალი (სავარაუდო): ნავასი - დანილო, ვარანი, რამოსი, ნაჩო - კოვაჩიჩი, კაზემირო, ისკო - ვასკესი, ბენზემა, რონალდო

"ბარსელონას" "ბილბაოსთან" დაპირისპირებაში ისევ არ ეყოლება ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - დ. სუარესი, რაკიტიჩი, არდა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

"სევილიას" "ვილიარეალთან" დაპირისპირება ელის ამ შეხვედრაში. ელიან არგენტინელი ვალტერ მონტოიას დებიუტს. ნახევარმცველი "სევილიამ" ამ კვირაში შეიძინა "როსარიოდან". "სანჩეს პისხუანზე" "სევილიამ" 9 მატჩიდან 8 მოიგო და "წყალქვეშა ნავთან" დაპირისპირებაშიც აშკარა ფავორიტია.

Sportall.Ge

სერია A:
დიდი იტალიური დერბი
სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "ინტერს" უმასპინძლებს. მოკლედ, წინ დიდი იტალიური დერბი გველოდება და ბუნებრივია, რომ მთელი ყურადღება ამ მატჩისკენაა მიპყრობილი.

"იუვენტუსი" ლიდერია და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს არა მხოლოდ მიმდინარე სეზონში, მთელი არსებობის ისტორიაში, "ინტერი" კი სტეფანო პიოლის ხელში ბრწყინვალედ ათამაშდა და სერია A-ში მიჯრით 7 მატჩი აქვს მოგებული. ერთი სიტყვით, წინ დიდი ბრძოლა ან გნებავთ, ომი გველოდება, რომლის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მასიმილიანო ალეგრი 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს. შეტევის წინა ხაზზე გონსალო იგუაინს გაამწესებს, სიღრმიდან კი მას მარიო მანჯუკიჩი, პაულო დიბალა და ხუან კუადრადო დაეხმარებიან. საყრდენ ხაზს მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა გაამაგრებენ, დაცვაში კი შემდეგ ოთხეულს ვიხილავთ: შტეფან ლიხტშტაინერი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და ალექს სანდრო.

იმავე სქემას დაეყრდნობა სტეფანო პიოლი, რომელსაც შეტევაში მაურო იკარდი ეყოლება, მის უკან კი ანტონიო კანდრევა, ჟოაო მარიო და ივან პერიშიჩი იმოქმედებენ. ნახევარდაცვაში მარსელო ბროზოვიჩს და რობერტო გალიარდინის ვიხილავთ, დაცვაში კი - დამბროზიოს, მურილიოს, მირანდას და ანსალდის.

"იუვენტუსს" ლიდერობის გამტკიცება სურს, "ინტერის" მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაა, თუმცა, როდესაც დიდ იტალიურ დერბიზე ვლაპარაკობთ, იქ სატურნირო ცხრილს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა:
როცა "დორტმუნდი" "ბაიერნის" მოკავშირეა
"დორტმუნდის" ახალგაზრდული შემადგენლობა დებიუტანტსა და სეზონის სენსაციას, "ლაიპციგს" მასპინძლობს. ამ შემთხვევაში, "დორტმუნდი" მისი მოსისხლე მტრის, "ბაიერნის" მოკავშირეა. მასპინძლებს არ ეყოლებათ სვენ ბენდერი და ნური შაჰინი, ასევე, ახალწვეული ისაკი. "ლაიპციგის" დანაკარგიც შესამჩნევია - გრიპის გამო ვერ ითამაშებს ლიდერი ტიმო ვერნერი, ხოლო ემილ ფორსბერგი "რედბულელებს" დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

"ბაიერნი" "შალკეს" მასპინძლობს "ალიანც არენაზე". ხუმარებს ახლა სულაც არა აქვთ საქმე სახუმაროდ, გუნდი 21 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა.

კარლო ანჩელოტის ჟერომ ბოატენგი და ფრანკ რიბერი არ ეყოლება.
ბაიერნი (სავარაუდო): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი, მიულერი, დ. კოშტა - ლევანდოვსკი.

Sportall.Ge

ლიგა 1:
ისევ ლიდერთა ჯახი
ზედიზედ მეორე ტურია ერთმანეთს ლიდერთა ტრიოს წარმომადგენლები ხვდებიან - "მონაკოსა" და "ნიცას" 49-49 ქულა აქვთ, ისინი ერთმანეთს "ლუი მეორეზე" დაუპირისპირდებიან. სტუმართა რიგებში ისევ ვიხილავთ ალასან პლეასა და მარიო ბალოტელის დუეტს, "მონაკოს" რიგებში კი ყველა სახიფათოა. წლეულს ხომ "მონაკო" ევროპის ყველაზე გამტანი გუნდია.

ლიდერთა ჯახით უნდა ისარგებლოს პსჟ-მა, რომელიც მოკრძალებულ "დიჟონს" სტუმრობს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური
შაბათი. 4 თებერვალი
ჩელსი-არსენალი 16:30
კრ. პალასი-სანდერლენდი 19:00
ევერტონი-ბორნმუთი 19:00
ჰალი-ლივერპული 19:00
საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 19:00
უოტფორდი-ბარნლი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 19:00
ტოტენჰემი-მიდლსბრო 21:30

კვირა. 5 თებერვალი
სიტი-სუონსი 17:30
ლესტერი-მანჩესტერი 20:00

ბომბარდირები: 15 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 13 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური
პარასკევი. 3 თებერვალი
დეპორტივო-ბეტისი 23:45

შაბათი. 4 თებერვალი
მალაგა-ესპანიოლი 16:00
ბარსელონა-ბილბაო 19:15
ატლეტიკო-ლეგანესი 21:30
ვალენსია-ეიბარი 23:45

კვირა. 5 თებერვალი
სევილია-ვილიარეალი 15:00
სპორტინგი-ალავესი 19:15
სოსიედადი-ოსასუნა 21:30
სელტა-რეალი 23:45

ორშაბათი. 6 თებერვალი
გრანადა-ლას პალმასი 23:45

ბომბარდირები: 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვილიან ჟოზე (სოსიედადი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური
პარასკევი. 3 თებერვალი
ჰამბურგი-ლევერკუზენი 23:30

შაბათი. 4 თებერვალი
ბაიერნი-შალკე 18:30
გლადბახი-ფრაიბურგი 18:30
ჰერტა-ინგოლშტადტი 18:30
კიოლნი-ვოლფსბურგი 18:30
ჰოფენჰაიმი-მაინცი 18:30
დორტმუნდი-ლაიპციგი 21:30

კვირა. 5 თებერვალი
აუგსბურგი-ვერდერი 18:30
აინტრახტი-დარმშტადტი 20:30

ბომბარდირები: 16 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 11 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 10 - სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი).

იტალია. სერია A. XXIII ტური
შაბათი. 4 თებერვალი
ბოლონია-ნაპოლი 23:45

კვირა. 5 თებერვალი
მილანი-სამპდორია 15:30
ატალანტა-კალიარი 18:00
პესკარა-ლაციო 18:00
ჯენოა-სასუოლო 18:00
ემპოლი-ტორინო 18:00
კიევო-უდინეზე 18:00
პალერმო-კროტონე 21:00
იუვენტუსი-ინტერი 23:45

სამშაბათი. 7 თებერვალი
რომა-ფიორენტინა 23:45

ბომბარდირები: 15 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 14 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 13 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო); 10 - მარკო ბორიელო (კალიარი), ნიკოლა კალინიჩი (10), ჯოვანი სიმეონე (ჯენოა).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური
პარასკევი. 3 თებერვალი
მეცი-მარსელი 23:45

შაბათი. 4 თებერვალი
მონაკო-ნიცა 20:00
ბორდო-რენი 23:00
ლილი-ლორიანი 23:00
მონპელიე-ბასტია 23:00
დიჟონი-პსჟ 23:00
გენგამი-კაენი 23:00

კვირა. 5 თებერვალი
ტულუზი-ანჟერი 18:00
ნანტი-ნანსი 20:00
სტ. ეტიენი-ლიონი 23:59

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ); 18 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი); 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ალასან პლეა (ნიცა); 10 - ივან სანტინი (კაენი); 9 - მარიო ბალოტელი (ნიცა); 8 - რიად ბუდებუზი (მონპელიე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"