ევროუქმეების წინ: დიდი ხუთეული აღდგა!

AutoSharing Option
ევროპის ტოპ-5 ლიგის უქმეების მენიუს გერმანული ბუნდესლიგაც დაემატა, რომელიც საახალწლო შესვენებაზე იყო გასული. ისე გამოვიდა, რომ გერმანიასა და ესპანეთში I წრეები სრულდება, სხვა ლიგებში კი ეკვატორი უკვე გადალახეს.

ლა ლიგა: რონალდოს ბრალია?
ზინედინ ზიდანის ხელში "რეალს" მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა წაგებული, ახლა კი ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. ფრანგი სპეციალისტი 40-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებდა თავს და უცბად, "სამეფო კლუბმა" ჯერ "სანჩეს პისხუანზე" დაიჩოქა, შემდეგ კი მშობლიურ "სანტიაგო ბერნაბეუზე".

"სელტასთან" 1:2 მარცხის მეორე დღესვე ზიდანმა გუნდი ვარჯიშზე გამოიყვანა, რადგან დასვენების დრო არ არის, წინ
"მალაგასთან" დაპირისპირებაა. რა თქმა უნდა, შინ წაგების მიუხედავად, "რეალისთვის" კოპაზეც არაფერია ჯერ დაკარგული, თუმცა ამ ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელება გაჭირდება.

მორიგ სკანდალში გაეხვა სერხიო რამოსი, რომელიც "სევილიასთან" სამმატჩიანი ეპოპეის მერე აშკარად "აჭრილია". მან ვიგოელთა გოლეადორ იაგო ასპასს შეაფურთხა და შეიძლება დისკვალიფიკაციითაც დასაჯონ. "მარკა" მიიჩნევს, რომ "რეალის" მოულოდნელი ჩავარდნა კრიშტიანო რონალდოს ცუდი თამაშის ბრალია. "ოქროს ბურთის" მფლობელი ძალიან ცუდ ფორმაშია.

"ამ წაგებების ერთადერთი პასუხისმგებელი მე ვარ და სწორედ მე უნდა ვიპოვო გამოსავალი, ფეხბურთელები არაფერ შუაში არ არიან", - ზიდანი მკერდით გადაეფარა რონალდოსა და კომპანიას.

მეორეადგილოსანი "სევილია" პამპლონას სტუმრობს, ხოლო "ბარსელონა" - "ეიბარს". ტურში ორი ძალზე საინტერესო დაპირისპირებაა - ბასკური "ატლეტიკი" მადრიდულ "ატლეტიკოს" მასპინძლობს, ყოფილ "ელ მადრიგალზე" კი ვალენსიის მხარის დერბია "ვილიარეალსა" და "ვალენსიას" შორის.

Sportall.Ge

პრემიერლიგა: "დეზები" პეპის წინააღმდეგ
მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" ზედიზედ სამი მატჩი აქვს მოგებული "მანჩესტერ სიტისთან" და არგენტინელ სპეციალისტს სურს, რომ ეს წარმატებული სერია გაგრძელდეს. სურვილი სურვილად და, ახლა ეს "დეზებს" ძალიან სჭირდებათ.

"ტოტენჰემი" პირველ წრეში თითქოსდა, კარგ ფორმაში მყოფ "ქალაქელებს" ძალიან დამაჯერებლად გაუსწორდა, ერთი ამოსუნთქვით ითამაშა და მოიგო. ასევე ერთი ამოსუნთქვით ითამაშა გუნდმა ბოლო მატჩებში და ალბათ ნახეთ, როგორ შეუწყვიტა ანტონიო კონტეს "ჩელსის" 13-მატჩინი მოგებათა სერია და "ლურჯები" იმსხვერპლა.

თუმცა ჩამორჩენა ჯერ ისევ სოლიდურია - 7 ქულა და "ჩელსი" აუტსაიდერ "ჰალს" მასპინძლობს. ასე რომ, კონტეს გუნდის რომელიმე მდევრის ვერმოგება, დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები სხვაობას კიდევ უფრო გაზრდიან და მერე მათი დაწევა ძალიან რთული იქნება.

ამასაც რომ შევეშვათ, შეხვედრას სხვა დატვირთვაც აქვს, ამ სეზონში პრემიერლიგაში ოთხეულისთვისაც გააფთრებული ბრძოლაა და ამ წუთისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში არც" სიტია" და არც მისი თანაქალაქელი "მანჩესტერ იუნაიტედი". ასე რომ, ნაკრიტიკებ პეპ გვარდიოლას თავისი საფიქრალ-სატკივარი აქვს და ამ შეხვედრაში წარუმატებლობას უბრალოდ ვერ დაუშვებს.

როცა "ტოტენჰემი" ისე ერთი ამოსუნთქვით თამაშობს, როგორც ვახსენეთ, ამ გუნდის გაჩერება ფაქტობრივად მართლაც შეუჩერებელია. დელე ალისა და ჰარი კეინის თამადობით, პოჩეტინოს ბიჭები ყველას და ყველაფერს ანადგურებენ ხოლმე. თანაც, თუ "სიტისთან" საგარეო მატჩსაც კარგად ჩაატარებენ, "დეზები" უკვე სერიოზულ განაცხადს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებენ და აგრძელებენ და გუნდმა სტაბილურობა შეიძინა.

თავის მხრივ, გვარდიოლა სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში დააყენებს ტრავმამოშუშებულ ფერნანდოს და პაბლო საბალეტას საყრდენად დაყენებით მორიგი ექსპერიმენტის ჩატარება აღარ მოუწევს. პეპმა გუნდს სილაღე და თავდაჯერება უნდა დაუბრუნოს და "ტოტენჰემთან" კარგი თამაში ამის მშვენიერი შანსი და შესაძლებლობაა, მაგრამ ადვილი რომ არ იქნება, ცხადზე უცხადესია. "ევერტონთან" განადგურების (0:4) და სირცხვილის ჭამის მერე, ელემენტარული პრესტიჟის საკითხიცაა და უკვე ნახსენები ჩემპიონთა ლიგის საგზურის ამბავიც. თორემ ჩემპიონობაზე გვარდიოლას ხელი აქვს ჩაქნეული. ყოველ შემთხვევაში, "კანფეტებთან" მარცხის მერე თავად თქვა - ტიტული უნდა დავივიწყოთო.

ამ კლუბების ურთიერთშეხვედრები უკომპრომისო გამოდის ხოლმე. მათ 12 მატჩია, ფრე არ უთამაშიათ, აქედან 8 მანჩესტერელებმა მოიგეს, ხოლო 4-ში "ტოტენჰემმა" იმარჯვა. ვთქვით, რომ "დეზებს" ზედიზედ 3 მოგება აქვთ, პოჩეტინოს "ქალაქელების" წინააღმდეგ ჭიდილი კარგად გამოსდის.

Sportall.Ge

"ჩელსი" თავის მატჩს ყველაზე გვიან ჩაატარებს და იმ დროისთვის "ლურჯებს" სხვა მატჩების შედეგები ეცოდინებათ, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, კონტეს მიზანი გამარჯვება იქნება, თანაც, ერთ-ერთ აუტსაიდერთან.

საინტერესოა, რას დაუპირისპირებს იტალიელს ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელი, 39 წლის მარკო სილვა. პორტუგალიელმა "ვეფხვები" რთულ დროს ჩაიბარა, მაგრამ ეს იმიტომ გაკეთა, რომ რაღაცის იმედი აქვს და დანებებას არ აპირებს.

იქამდე, არსენ ვენგერის "არსენალი" გათამამებულ "ბარნლის" დაუხვდება და ოთხეულში ადგილის შენარჩუნებას ეცდება, რისთვისაც მოგებაა საჭირო. იურგენ კლოპის "ლივერპული" კი ტურს "სუონსისთან" საშინაო მატჩით ხსნის და "ენფილდის" ბინადართა მისიაც ნათელია - მხოლოდ გამარჯვება და მხოლოდ სამი ქულა, თორემ იურგენ კლოპსაც მოუწევს თქმა, ჩემპიონობა უნდა დავივიწყოთო. მარკო სილვასი არ იყოს, "თეთრი გედების" ახალი თავკაცი პოლ კლემანიც პატარა სასწაულის მოლოდინში იქნება.

ცალკე ვთქვათ 2 სიტყვა "სტოკისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დუელზე. "ბრიტანიაზე" თამაში ბევრი გრანდისთვის ქცეულა კოშმარად. მართალია, "სტოკი" ამ სეზონში სტაბილურად ვერ გამოიყურება, მაგრამ ხასიათის გუნდად რჩება და თუ წაუვიდა… მარკ ჰიუზი ყოფილ კლუბს არ დაინდობს. იმიტომ კი არა, რომ "იუნაიტედი" არ უყვარს, უბრალოდ, თავისი პოზიციის გამყარებაც სჭირდება, "სტოკს" კი - ათეულში შესვლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ლივერპულსაც" გაუტანა, თავის გუნდს ქულა გადაურჩინა, შესაშურ ფორმაშია და გაჩერებასაც არ აპირებს. წინა ტურში ძალიან კარგი იყო "ღარიბების იბრაჰიმოვიჩიც" - მარკო არნაუტოვიჩმა "სანდერლენდთან" დუბლი გაახერხა. გოლს პლუს პასი მიითვალა პიტერ კრაუჩმა, რომელმაც ჰიუზის ნდობა დაიბრუნა და ვეტერენი მშვენივრად აბურთავდა. მწვრთნელი აყლაყუდა ფორვარდის გამოყენებასაც ეცდება, რაც ჟოზე მოურინიოს დამატებით საზრუნავს გაუჩენს.

"ლივერპულამდე" "მანჩესტერს" ზედიზედ 9 მოგება ჰქონდა და, თუ გუნდს სეზონის მართლაც უკეთესობისკენ შემოტრიალება სურს, ეს შეხვედრაც უნდა მოიგოს. თუმცაღა "ბრიტანიაზე" "იუნაიტედს" უკვე 3 სტუმრობაა არ უმარჯვია - 2 წაგება და 1 ფრე.

და ერთიც: კარგ ხასიათზე მყოფი "ევერტონი" "სელჰარსტ პარკზე" ცუდ ხასიათზე მყოფ "კრისტალ პალასს" სტუმრობს. ორი მშვენიერი ტაქტიკოსის, სემ ელარდაისისა და რონალდ კუმანის დუელიც ინტერესს იწვევს.

"კანფეტებს" ფანტაზიაში შეიძლება დარჩათ ილუზია, რომ ოთხეულისთვის კიდევ გაიბრძოლებენ, მაგრამ მაშინ ისევე უნდა გააგრძელონ თამაში, როგორც "სიტისთან" იბურთავეს და მოგებები რიხით მიაყოლონ. ხოლო "არწივებს" ნახევარი ნაბიჯი აკლიათ გასავარდნ ზონამდე და ეს უკვე სახუმარო აღარ არის.

სერია A: დიდი მატჩები ტურინსა და მილანში
სერია A-ს 21-ე ტურში ორი გამორჩეული მატჩია. ტურინში "იუვენტუსი" "ლაციოს" უმასპინძლებს, "სან სიროზე" კი "მილანი" "ნაპოლის" დაუხვდება. ერთმანეთის პირისპირ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები წარდგებიან და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

წინა ტურში "იუვენტუსმა" ფლორენციაში წააგო და სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე. მასიმილიანო ალეგრის დანი ალვეში, დავიდე სტურარო და ალექს სანდრო აკლია, დანარჩენები კი მწყობრში არიან. შეტევის წინა ხაზზე, სავარაუდოდ, გონსალო იგუაინს და პაულო დიბალას ვიხილავთ, სიღრმიდან კი მათ პიანიჩი, რინკონი, მარკიზიო და ხედირა დაეხმარებიან. ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას დაუბრუნდება, რადგან ფლორენციაში 3-5-2-მა არ გაამართლა.

"ლაციოს" სენად ლულიჩი ჰყავს დისკვალიფიცირებული, დანარჩენები კი მწყობრში არიან. რომაელებს შეტევაში ჩირო იმობილეს იმედი აქვთ, რომელსაც სიღრმიდან მილინკოვიჩი-სავიჩი და ლუის ალბერტო დაეხმარებიან. სიმონე ინძაგი ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშებს, დანარჩენებს კი შუა და უკანა ხაზის გამაგრება საფუძვლიანად მოუწევთ. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს უაღრესად საინტერესო პაექრობა...

არანაკლებ საინტერესო ჯახია "სან სიროზე", სადაც 6 ქულა დაიდება სასწორზე. "ნაპოლი" მესამე ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ "მილანს" 4 ქულით უსწრებს, თუმცა "როსონერის" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და დაკარგული ქულებით შეუძლია მესამეზე გადავიდეს. შესაბამისად, მილანში დიდი ბრძოლა გაჩაღდება. "მილანიდან" სუსო, ბონავენტურა და ბაკა შეუტევს, "ნაპოლის" მხრიდან კი მერტენსის, ინსინიეს და კალეხონის შემტევი ტრიო იმოქმედებს.

ნეაპოლელებს ყველა ძირითადი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ, "მილანი" კი დანაკლისით ხვდება ამ უაღრესად მნიშვნელოვან პაექრობას - დისკვალიფიკაციის გამო თამაშს რომანიოლი და ლოკატელი გამოტოვებენ, ფერნანდესს, მონტოლივოს, ანტონელის და დე შილიოს კი ტრავმა აქვთ. ეს ისეთი მატჩია, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: Ruckrunde
ერთთვიანი პაუზის მერე გერმანული ფეხბურთი გვიბრუნდება - მიუნხენის "ბაიერნი" დღეს "ფრაიბურგს" სტუმრობს. მეორე ნახევრის (Ruckrunde) პირველი მატჩი მართლაც ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარლო ანჩელოტი დაცვის ცენტრში ჰუმელსისა და მარტინესის წყვილს დააყენებს. მეტი კითხვაა შუახაზში, თომას მიულერი წინ წაიწევს. ტიაგო ალკანტარასა და არტურო ვიდალის არყოფნაში კი, ჩვენი აზრით, ალბათ, კიმიხი-სანჩესის წყვილი უნდა ვიხილოთ.

მე-2 ადგილზე მყოფი სეზონის სენსაცია "ლაიპციგი" ფრანკფურტის "აინტრახტს" მასპინძლობს, რომელიც ასევე წარმატებულად თამაშობს და მე-4 ადგილზეა, თუმცა ქულათა სხვაობა ამ ორს შორის 7-ია, რაც საკმაოდ ბევრია. მესამეადგილოსანი "ჰერტა" "ლევერკუზენს" ესტუმრება, რომელსაც წლეულს უჭირს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტური
შაბათი. 21 იანვარი
ლივერპული-სუონსი 16:30
ბორნმუთი-უოტფორდი 19:00
კრ. პალასი-ევერტონი 19:00
მიდლსბრო-ვესტ ჰემი 19:00
სტოკი-მანჩესტერი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 19:00
სიტი-ტოტენჰემი 21:30

კვირა. 22 იანვარი
საუთჰემპტონი-ლესტერი 16:00
არსენალი-ბარნლი 18:15
ჩელსი-ჰალი 20:30

ბომბარდირები: 14 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 13 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 10 - დელე ალი (ტოტენჰემი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
პარასკევი. 20 იანვარი
ლას პალმასი-დეპორტივო 23:45

შაბათი. 21 იანვარი
ესპანიოლი-გრანადა 16:00
რეალი-მალაგა 19:15
ალავესი-ლეგანესი 21:30
ვილიარეალი-ვალენსია 23:45

კვირა. 22 იანვარი
ოსასუნა-სევილია 15:00
ბილბაო-ატლეტიკო 19:15
ბეტისი-სპორტინგი 21:30
სოსიედადი-სელტა 21:30
ეიბარი-ბარსელონა 23:45

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური
პარასკევი. 20 იანვარი
ფრაიბურგი-ბაიერნი 23:30

შაბათი. 21 იანვარი
შალკე-ინგოლშტადტი 18:30
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 18:30
აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
ვერდერი-დორტმუნდი 18:30
დარმშტადტი-გლადბახი 18:30
ლაიპციგი-აინტრახტი 21:30

კვირა. 22 იანვარი
ლევერკუზენი-ჰერტა 18:30
მაინცი-კიოლნი 20:30

ბომბარდირები: 16 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 12 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 9 - სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXI ტური
შაბათი. 21 იანვარი
კიევო-ფიორენტინა 21:00
მილანი-ნაპოლი 23:45

კვირა. 22 იანვარი
იუვენტუსი-ლაციო 15:30
ჯენოა-კროტონე 18:00
პალერმო-ინტერი 18:00
პესკარა-სასუოლო 18:00
ბოლონია-ტორინო 18:00
ემპოლი-უდინეზე 18:00
ატალანტა-სამპდორია 21:00
რომა-კალიარი 23:45

ბომბარდირები: 15 - მაურო იკარდი (ინტერი); 14 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 13 - ედინ ჯეკო (რომა), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 12 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური
პარასკევი. 20 იანვარი
ბასტია-ნიცა 23:45

შაბათი. 21 იანვარი
ნანტი-პსჟ 20:00
ბორდო-ტულუზი 23:00
დიჟონი-ლილი 23:00
კაენი-ნანსი 23:00
გენგამი-რენი 23:00
მეცი-მონპელიე 23:00

კვირა. 22 იანვარი
მონაკო-ლორიანი 18:00
სტ. ეტიენი-ანჟერი 20:00
ლიონი-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 15 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 10 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი), ალასან პლეა (ნიცა), ივან სანტინი (კაენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული