აფრიკის ეროვნებათა თასი 2017: აფრიკის ერები იწყებენ

AutoSharing Option
* აფრიკის ეროვნებათა თასი 31-ედ გაიმართება.

* გამარჯვებული ნაკრები კონფედერაციათა თასზე ითამაშებს.

* მონაწილე ქვეყნებში საუკეთესო რეიტინგი აქვს ალჟირს (39), უარესი - მასპინძელ გაბონს (108).

* მატჩები 4 ქალაქში გაიმართება - ლიბრევილში, ფრანსვილში, ოიემში და პორტ ჟენტილში.

* ყველაზე ტიტულოვანია ეგვიპტე - 7 გამარჯვება, შემდეგ მოდის განა და კამერუნი - 4-4; ნიგერია - 3; კოტდივუარი და კონგო (ზაირი) - 2-2. ზამბიამ, ტუნისმა, სუდანმა, ალჟირმა, მაროკომ, ეთიოპიამ, სამხრეთმა აფრიკამ და კონგომ თითოჯერ გაიმარჯვეს.


14 იანვარს დაიწყება და 5 თებერვლამდე გასტანს აფრიკის
ეროვნებათა თასის მორიგი გათამაშება ფეხბურთში, რომელსაც გაბონი უმასპინძლებს. თავდაპირველად შეჯიბრებისათვის ლიბიას უნდა ემასპინძლა, მაგრამ ამ ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო 2014 წელს მასპინძლობის პატივი გაბონს გადაეცა.

ფავორიტები
როცა ფავორიტებზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მართლაც ძალიან ძლიერი ნაკრები უნდა ვახსენოთ. უპირველეს ყოვლისა, ალჟირის ეროვნული გუნდი. ალჟირელებმა ჯერ კიდევ გასულ მუნდიალზე დაამტკიცეს, რომ ყველასათვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. ალჟირელთა ბელგიელი მწვრთნელის, ჟორჟ ლიკენსის ხელმძღვანელობით მართლაც შესანიშნავმა კონტინგენტმა მოიყარა თავი: რიად მაჰრეზი, იასინ ბრაჰიმი, ნაბილ ბენტალები, ისლამ სლიმანი და სხვები ევროპულ ფეხბურთშიც ამბობენ თავის ომახიან სიტყვას.

ფავორიტთა შორის აუცილებლად მოვიხენიოთ კოტდივუარის ნაკრები. მიშელ დუსუარის გუნდს აღარ ჰყავს დიდიე დროგბა და შემადგენლობაში ვერც ჩინეთში გადახვეწილი ჟერვინიო მოხვდა, მაგრამ კონტინგენტი ანგარიშგასაწევია, ერიკ ბაილის, სერჟ ორიეს, ვილფრიდ ბონისა და სხვა ვარსკვლავებს კარგად ვიცნობთ. კოტდივუარმა შეძლო და ნაკრებში ასპარეზობაზე დაითანხმა პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ინდივიდუალისტი, ვილფრიდ ზაჰა. "სპილოები" ტურნირს მოქმედი გამარჯვებულის რანგში ეგებებიან.

რა თქმა უნდა, ტურნირის მოგების ამბიცია აქვს გაბონს. მასპინძელი გვარიანად დაიხარჯა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის უღელი ესპანელ ხოსე ანტონიო კამაჩოს დაადგა. აქვეა აფრიკის ტოპვარსკვლავი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ვინც დიდებულ ფორმაშია და თამამად შეგვიძლია, აფრიკის თასის მთავარ ვარსკვლავად შევრაცხოთ.

ტურნირის მოგება სურს განასაც. ავრაამ გრანტს ძალიან კარგი, გამოცდილი გუნდი ჰყავს, სადაც ისევ ყოჩობენ ძმები აიუები და ასამოა გიანი. ეგაა, გრანტს ზედმეტი სიფრთხილე ახასიათებს ძალიან ხშირად.

აფრიკის თასზეა ეგვიპტის ნაკრები. მოჰამედ სალაჰისა და მისი სეხნია ელ ნენის გუნდი. ძალიან კარგი, დაბალანსებული ნაკრები დიდი ამბიციებით. ამ გუნდში იდეალურადაა შერწყმული ლეგიონერთა და "შინაურთა" ოსტატობა. ეგვიპტელთა მწვრთნელზე კი ქვემოთ ვისაუბრებთ.

ჩრდილოვანი ფავორიტები
არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები გაბონში, მაგრამ ჩვენი აზრით, ძალიან ბევრი შეუძლია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს. ექსზაირელებისგან, რომელთაც მართლაც შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ, არაფერი უნდა გაგვუკვირდეს. თავად განსაჯეთ, შეტევის ხაზში იმოქმედებენ დიუმერსი მბოკანი, სედრიკ ბაკამბუ და პოლ-ჟოზე მპოკუ. ნახევარდაცვაში კი ითამაშებენ უსუფ მულუმბუ, ნეესკენს კებანუ და სხვები.

ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს მაროკოს, მწვრთნელიც კარგია, ერვე რენარი. ეგაა, გუნდს არ აქვს ისეთი თამაში, როგორიც უნდა ჰქონდეს. თუ მაროკო გამოავლენს თავის პოტენციალს, ყველასათვის ძალიან საშიში იქნება.
შემადგენლობით არავის ჩამოუვარდება სენეგალი. აქ არის "ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერი სადიო მანე, "ნაპოლის" ძირითადი მცველი ხალიდუ კულიბალი. შუახაზში ბევრი კარგი ფეხბურელია - დიამე, გეიე, კუიატე, დიოპი... თავდასხმაში მანესთან ერთად ითამაშებენ კეიტა ბალდე, მუსა სოვი, მამე ბირამ დიუფი... საკითხავი ისაა, რამდენად შეესაბამება ამ გუნდის კლასს ალიუ სისეს სამწვრთნელო გამოცდილება.

კამერუნის გასაჭირი
რა თქმა უნდა, სხვა დროს კამერუნის ნაკრებს აფრიკის თასის ერთ-ერთ ფავორიტად შევრაცხავდით, მაგრამ ახლა საქმე სხვანაირადაა. გი ასემბემ, ანდრე ონანამ, ჟოელ მატიპმა, ანდრე ნიომმა, მაქსიმ პუნჟმა, იბრაჰიმ ამადუმ და ანდრე ანგისამ ნაკრებში წასვლა იუარეს.

როგორც ყოველთვის, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციას არ აქვს დალაგებული ფეხბურთელებთან ურთიერთობა და ჭირვეული ვარსკვლავებიც პრემიებზე ჩხუბობენ. კამერუნს მაინც შერჩა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, მაგალითად, ვისენტ აბუბაქარი, მაგრამ საბოლოო წარმატებისათვის საკმარისი არ უნდა იყოს.

კავშირი საქართველოსთან
მართალია, აფრიკის თასზე არ ითამაშებს ზამბიის ნაკრები და, შესაბამისად, გაბონში ვერ ვიხილავთ "ბაიას" ყოფილ ფეხბურთელს, ჩისამბა ლუნგუს, მაგრამ საქართველოსა და აფრიკის თასს შორის კავშირის მოძებნა მაინც შეიძლება.

მაგალითად, გაბონის ნაკრების ძირითადი მეკარე იქნება თბილისის "დინამოს" კარის ყოფილი დარაჯი, დიდიე ოვონო. წლები გადის, 33 წლის მეკარე კი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. ოვონო ახლა ბელგიური "ოსტენდეს" მეკარეა, მანამდე კი "ლე მანისა" და "სოშოს" ღირსებას იცავდა.

ეგვიპტის ნაკრებს სათავეში უდგას 61 წლის ექტორ კუპერი, ვინც საქართველოს ნაკრებში თავი ვერაფრით გამოიჩინა. მას ჯგუფში მალისთან მოუწევს შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი დამრიგებელი, ალან ჟირესი წვრთნის.

კალენდარი
A ჯგუფი
გაბონი
ბურნიკა ფასო
კამერუნი
გვინეა-ბისაუ

14 იანვარი
20:00 გაბონი-გვინეა-ბისაუ
23:00 ბურნიკა ფასო-კამერუნი
18 იანვარი
20:00 გაბონი-ბურნიკა ფასო
23:00 კამერუნი-გვინეა-ბისაუ
22 იანვარი
23:00 კამერუნი-გაბონი
23:00 გვინეა-ბისაუ-ბურნიკა ფასო

B ჯგუფი
ალჟირი
ტუნისი
სენეგალი
ზიმბაბვე

15 იანვარი
20:00 ალჟირი-ზიმბაბვე
23:00 ტუნისი-სენეგალი
19 იანვარი
20:00 ალჟირი-ტუნისი
23:00 სენეგალი-ზიმბაბვე
23 იანვარი
23:00 სენეგალი-ალჟირი
23:00 ზიმბაბვე-ტუნისი

C ჯგუფი
კოტ დ'ივუარი
კონგოს დრ
მაროკო
ტოგო

16 იანვარი
20:00 კოტ დ'ივუარი-ტოგო
23:00 კონგოს დრ-მაროკო
20 იანვარი
20:00 კოტ დ'ივუარი-კონგოს დრ
23:00 მაროკო-ტოგო
24 იანვარი
23:00 მაროკო-კოტ დ'ივუარი
23:00 ტოგო-კონგოს დრ

D ჯგუფი
განა
მალი
ეგვიპტე
უგანდა

17 იანვარი
20:00 განა-უგანდა
23:00 მალი-ეგვიპტე
21 იანვარი
20:00 განა-მალი
23:00 ეგვიპტე-უგანდა
25 იანვარი
23:00 ეგვიპტე-განა
23:00 უგანდა-მალი

1/4 ფინალი
28 იანვარი
20:00 A1 - B2
23:00 B1 - A2
29 იანვარი
20:00 C1 - D2
23:00 D1 - C2

1/2 ფინალი
1 თებერვალი
23:00 A1/B2 - D1/C2
2 თებერვალი
23:00 B1/A2 - C1/D2

4 თებერვალი
23:00 მე-3 ადგილისთვის

5 თებერვალი
23:00 ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული