ლიონელ მესი: არ არსებობს ორი მესი

AutoSharing Option
ყოველკვირეულმა France Football-მა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელ ლიონელ მესისთან ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა.

სადაც ხუთი, იქ შვიდიც...
- ლიონელ, თუ შენიშნეთ, როცა შავ სმოკინგში მიდიხართ "ოქროს ბურთის" ცერემონიალზე, ჯილდო თქვენია?
- არასოდეს დავფიქრებულვარ, რა ჩამეცვა ცერემონიალზე. ვფიქრობ, სმოკინგი არაფერ შუაშია, უბრალო დამთხვევაა.

- კარგა ხანი არ მიგიღიათ პრიზი, როგორი იყო პირველი შეგრძნება?
- მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში ყოფნა უკვე დიდი ბედნიერებაა. ყოველ ჩვენგანს გამარჯვება სურდა, ეს ისტორიული მომენტია, როცა შენს სახელს აცხადებენ. სცენაზე უკვე რამდენჯერ ავსულვარ, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს დიდ მღელვარებასთანაა დაკავშირებული.
წინა ორ ჯერზე კრიშტიანომ დამსახურებულად მოიგო პრიზი, ახლა კი ჩემი ჯერი იყო.

- ანუ გამოცხადებამდე არ გინერვიულიათ?
- არა, სიმართლე გითხრათ. ბოლოს და ბოლოს, ამ მხრივ უკვე გარკვეული გამოცდილება შევიძინე.

- მეხუთე "ოქროს ბურთი" უბრალოდ მორიგია?
- ყოველი პრიზი მნიშვნელოვანია. პირველი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ პირველია. მეორე იმიტომ, რომ ამით დამტკიცდა, რომ შემთხვევითი არ ყოფილა ჩემი გამარჯვება. ყოველ პრიზს თავისი მნიშვნელობა აქვს, ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს. არ მაქვს აკვიატებული სურვილი, რომ მაინცდამაინც, "ოქროს ბურთი" მოვიგო, მაგრამ თუ კიდევ მომცემენ, უარს არ ვიტყვი. არ მომცემენ და არაფერი უჭირს. მთავარი არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური პრიზებია. აი, იქ კი მართლა მაქვს აკვიატებული იდეა - მოვიგო ყველა შესაძლებელი პრიზი.

- გამოდის, რომ ბედნიერება "ოქროს ბურთში" არ არის?
- არა, ყოველი პრიზი ბედნიერებაა, ამას ვერ უარვყოფ. 9 წლის განმავლობაში ამ სცენაზე რომ ავდივარ, რაღაცას უთუოდ ნიშნავს. ამდენი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დარჩენა, დიახ, ბედნიერებაა.

დავჭკვიანდი
- 2015 წელს რომელი მატჩი იყო თქვენთვის საუკეთესო?
- ძნელი ასარჩევია... მაგრამ ბოლოს მაინც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი თამაშები გამახსოვრდება. მაგალითად, 3:0 "ბაიერნთან" ლიგის ნახევარფინალში - სტუმრად დიდებულად ვითამაშეთ მაგარი გუნდის წინააღმდეგ. მაგრამ წლის განმავლობაში სხვა მატჩებშიც ვითამაშეთ კარგად. საუკეთესოები მაინც ფინალები იყო - ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის, რომელთაც თასების აღმართვა მოჰყვა.

- სანაკრებოს არ იხსენებთ? მაგალითად, კოპა ამერიკის ნახევარფინალს პარაგვაისთან, როცა 6 გოლში მიიღეთ მონაწილეობა?
- კოპა ამერიკა კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ ფინალი ვერ მოვიგეთ - პენალტების სერიაში ჩილესთან დავმარცხდით. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩილელებმა უკეთ ითამაშეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

- თქვენ ყოველ წელს უკეთ თამაშობთ. რომელი სეზონი იყო თქვენთვის საუკეთესო?
- არ ვიცი. ვფიქრობ, ახლა უკეთ ვთამაშობ, ვიდრე წინა ორ სეზონში. ეს ძირითადად ფიზიკური მომზადების დამსახურებაა. 2013 და 2014 წლებში ხშირად ვიღებდი ტრავმებს და საუკეთესო ფორმამდე ვერ ვაღწევდი. ახლა თავს ჩინებულად ვგრძობ. დავუბრუნდი იმ დონეს, რომელიც 3-4 წლის წინათ მქონდა.

- მაგრამ ხუთი წლის წინანდელ და ახლანდელ მესის შორის ხომ მაინც არის სხვაობა?
- ვფიქრობ, გავიზარდე და დავჭკვიანდი. ფეხბურთში კიდევ რაღაც რაღაცები ვისწავლე. შემეცვალა დამოკიდებულება ზოგიერთი საკითხისადმი.

- მაინც რომელი საკითხებისადმი?
- თუნდაც, ფეხბურთის შესახებ. ცოტა სხვაგვარად ვთამაშობ, რადგან გუნდი გადაეწყო და მეც სხვა პოზიცია მაქვს მოედანზე. გამოჩნდნენ ახალი პარტნიორები, მაგალითად, ლუის სუარესი. აღარ არის ჩემ გვერდით ჩავი. შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ფეხბურთში კი, მიმაჩნია, რომ ვპროგრესირებ.

- უფრო გუნდური ფეხბურთელი გახდით?
- დიახ. ეს მოხდა თავდასხმაში ჩემი პარტნიორების წყალობით. ყოველ ჯერზე, როცა ბურთი მაქვს, ვხედავ, რომ მას ნეიმარიც ითხოვს და სუარესიც. ამას მცველებიც ხედავენ და მეტი სივრცე მიჩნდება შეტევისთვის. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

- ყველა აღნიშნავს, რომ სუარესს იოლად შეეწყვეთ...
- დიახ ასეა, როგორც კი მოვიდა, ერთმანეთს იდეალურად გავუგეთ. დიდებული ბიჭია, ჩვენ უკვე დავმეგობრდით, ჩვენი ცოლები კი დაქალობენ.

- სუარესი ცენტრიდან უტევს, თქვენ კი შეტევის მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდით. გადაწყობა არ გაგიჭირდათ?
- გადაწყობა ყოველთვის საჭიროა, რადგან ყოველ პოზიციას თავისებურება ახასიათებს. როცა ფლანგზე ხარ, ხშირად ეთამაშები მეტოქეს ერთი-ერთზე. ცენტრში უფრო ძნელია, რადგან ძალიან ბევრი მცველი გეწინააღმდეგება. თუმცა ჩვენ სამივეს შეგვიძლია მეტოქის დაცვის რიგებში სისუსტეების აღმოჩენა და ხშირად რომელიმე ჩვენგანი მეკარესთან ერთ-ერთზე რჩება.

- ნეიმართან და სუარესთან დამეგობრებაზე მოგვიყევით...
- ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ჯერ გამოჩნდა ნეიმარი. ჩვენ ნელ-ნელა დავახლოვდით. შემდეგ მოვიდა ლუისი... სამეულს ერთნაირი მიზნები გვაქვს. როცა გუნდელებს შორის პრობლემებია, ეს თამაშზეც უარყოფითად აისახება. ასე რომ, მნიშვნელოვანი მგონია, რომ ჩვენ დავმეგობრდით.

- და ეს თქვენი მეგობრობა მოედანზეც აისახება?
- რა თქმა უნდა. ერთმანეთს უკვე ბრწყინვალედ ვიცნობთ. ვიცით, ვინ სად გაიქცევა, ვინ სად ჩააწვდის, ვინ რომელ მხარეს "გაიხსნება". ერთმანეთს დახუჭული თვალებით ვუგებთ.

- სამივე სამხრეთამერიკელი ხართ. ევროპელებთან ასე არ გამოდის?
- ლუისი ურუგვაელია, ჩვენ ერთი კულტურის ხალხი ვართ, ამიტომაც იოლად დავმეგობრდით. ნეი ბრაზილიელია, ეს ცოტა სხვა ისტორიაა. ბრაზილიელები განსაკუთრებულები არიან. თუმცა ერთი კონტინენტიდან ყოფნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. სამივეს ერთნაირი გაგება და ერთნაირი მენტალიტეტი გვაქვს.

- ნეიმარს "ოქროს ბურთის" მომდევნო მფლობელად რაცხავენ... თქვენს მემკვიდრედ...
- დიახ, ეს ცოტა ხნის წინათ მეც ვთქვი. ის "თავის" "ოქროს ბურთს" აუცილებლად მიიღებს, რადგან მას საამისოდ ყველა თვისება აქვს: სისწრაფე, ტექნიკა, ერთი-ერთზე ნებისმიერ ფეხბურთელს ატყუებს.

სამშობლოში? სიამოვნებით!
- მესი "ბარსელონაში" და მესი არგენტინის ნაკრებში სხვადასხვა მესია?
- არა მგონია, რომ ორი მესი არსებობდეს. მაგრამ ისიც მართალია, რომ "ბარსელონაში" თამაში სხვაა და ეროვნულ ნაკრებში - სულ სხვა. კლუბში თანაგუნდელებთან ერთად ყოველდღიურად ვარჯიშობ, სამშობლოში კი გრძელი გადაფრენის მერე ჩადიხარ, მხოლოდ ორჯერ ვარჯიშს ასწრებ და გადიხარ სავარჯიშოდ.

და მაინც, ორი მესი არ არსებობს. ვიცი, რომ ბევრს უკვირს, რატომ ვერ ვიგებთ სანაკრებო ტიტულებს. ვინც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ ფაქტია - არგენტინის ნაკრებმა ერთი წლის განმავლობაში ორ დიდ ფინალში ითამაშა, მსოფლიოს ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე. მართალია, ორივე წააგო, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა ტრიუმფამდე. ერთი შეხედვით, დიდი წარმატებაა, მაგრამ ორი ფინალის წაგება ასევე დიდი იმედგაცრუებაა. ეს ფინალები ჩემთვის მუდმივი ტკივილია.

- ადრე ამბობდით, რომ კარიერის სამშობლოში დასრულებაზე გიფიქრიათ. შეიცვალა გეგმები?
- არა, არ შეცვლილა, მინდა, სამშობლოშიც ვითამაშო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბარსელონა ჩემი სახლია, არასოდეს არ გადავალ სხვა ევროპულ კლუბში, მაგრამ სამშობლოში თამაშზე უარს ვერ ვიტყვი.

- იცით უკვე, სად დადებთ მეექვსე "ოქროს ბურთს"?
- ჯერ მეხუთე დავაბინავე. წლეულს, მინდა იგივე წარმატების გამეორება, ოღონდ ეს ძალიან რთული იქნება.

სახლში მივდივარ და ყველაფერი მავიწყდება
- თქვენ ლაპარაკობდით საფეხბურთო ევოლუციაზე. როგორ შეიცვალა ლიონელ მესი, როგორც ადამიანი?
- სამი წლის წინათ დაიბადა ტიაგო და ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ადრე მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი, ერთი წაგება 3-4 დღით "მთიშავდა", სახლში ვიკეტებოდი. რაც მამა გავხდი, სახლში მივდივარ და ყველაფერი მავიწყდება, ცუდი თამაში და წაგებაც კი.

- ბევრს თამაშობთ ერთად?
- მე და ტიაგო ბევრს ვსეირნობთ, ვთამაშობთ, როგორც ყველა მამა-შვილი. აი, ფეხბურთს იშვიათად ვთამაშობთ - დიდად არ უყვარს.

- მოიცათ, ეს როგორ? მისი მამა ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ნუთუ არ იცის?
- არა, არ მითქვამს, რატომ?

- იცით, რომ თქვენი დიდი ფანატია კრიშტიანოს ვაჟი?
- დიახ ვიცი, დიდებული ბიჭია. საერთოდ, პატარები მაგარი არსებები არიან. მომწონს, რომ კრიშტიანო ამას გაგებით უყურებს. ციურიხში შვილებზე ბევრი ვილაპარაკეთ მე, რონალდომ და ნეიმარმა.

- ახლა ისე გამოდის, რომ ტიაგო რონალდოს ფანი უნდა გახდეს...
- არა, ოღონდ ახლა არა. ჯერ მას არ ესმის ფეხბურთის არსი. ჯერ მიხვდის, რას ნიშნავს სპორტი და მერე ვნახოთ. ჩემს შვილს აქვს უფლება, ვისაც უნდა, იმას უგულშემატკივროს.

- ბევრისთვის მოულოდნელად, თქვენ და კრიშტიანო ციურიხში მეგობრულად გამოიყურებოდით...
- სულ ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოქიშპე კლუბებში ვთამაშობთ, ერთმანეთს ყოველთვის პატივს ვცემდით. მე ყოველთვის მომწონდა მისი ფეხბურთი.

- თქვენ თქვით, რომ ფეხბურთს სხვაგვარად უყურებთ, განმარტეთ.
- რა თქმა უნდა, ფეხბურთი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მიყვარს ის და ბედნიერებას მანიჭებს თამაში. ეს ჩემი გატაცებაა ბავშვობიდან. აი, ეს კი შეიცვალა - ახლა მხოლოდ ფეხბურთით არ ვცხოვრობ, არის კიდევ ოჯახი. როცა ვარჯიში ან მატჩი სრულდება, იქ იწყება სულ სხვა ცხოვრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული